LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 რა გავლენას ახდენს პოზიტიური აზროვნება ადამიანზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

77
ana-arveladze

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის სტერეოტიპი და როგორ გავლენას ახდენს ის ადამიანზე, როგორ უნდა ვიაზროვნოთ პოზიტიურად – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“  NLP სპეციალისტმა ანა არველაძემ ისაუბრა.

რა არის სტერეოტიპი?

სტერეოტიპი არის ადამიანის თითქმის ჩვევად ქცეული დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, რომელიც ჩამოყალიბდა საკუთარი გამოცდილების ან მიღებული ინფორმაციის შედეგად. სტერეოტიპები არსებობდა, არსებობს და იარსებებს. ბევრი მათგანი თაობიდან თაობებს გადაეცემა გარკვეული გზამკვლევის სახით და ფაქტიურად იმდენად ხშირად ხდება ჩვენი იდენტობის ნაწილი, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. მოგეხსენებათ თავის ტვინში მუდმივად მიმდინარეობს მიღებული ინფორმაციის დახარისხების, კატეგორიებად დაყოფის და შესაბამის საცავში შენახვის პროცესები. მათ შორის განსაკუთრებულ როლს სწორედ სტერეოტიპები იკავებს, რადგან მათი საშუალებით ტვინს უკვე მზა შაბლონი და ქცევის მოდელი აქვს გამზადებული სხვადასხვა სიტუაციებისათვის და არ ჭირდება ზედმეტი ენერგიის დახარჯვა აზროვნების ცენტრების ასამუშავებლად.

მოქმედებს თუ არა სტერეოტიპი უარყოფითად ადამიანზე?

მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპი ერთგვარი განტვირთვაა ტვინისთვის, არ უნდა დაგვავიწყდეს ზოგიერთი მათგანის დესტრუქციული გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე. სწორედ ნეგატიური სტერეოტიპების განეიტრალებას და ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნით მათი პოზიტიური რწმუნებულებით ჩანაცვლებას ვახდენთ ნეირო ლინგვისტური პროგრამირების მრავალფეროვანი ტექნიკებით და ხშირად რწმუნებულებების შეცვლასთან ერთად რადიკალურად იცვლება ცხოვრებაც. ყველა ჩვენგანს სმენია სტერეოტიპი-ბევრ ფულს მოაქვს ბევრი პრობლემა. ქვეცნობიერი ყოველთვის დაგიცავთ პრობლემისაგან, ამ შემთხვევაში კი, ბევრი ფულისაგან. შეუძლებელია არ შევეხოთ ჩემთვის ძალიან მტკივნეულ სტერეოტიპს-შვილი მტრად გაზარდე, მოყვარედ გამოგადგება, რომლის გავლენითაც აღიზარდნენ თაობები და სამწუხაროდ, კვლავ ბევრი მშობელი მოქმედებს მისი გავლენით. აღსანიშნავია გენდერული სტერეოტიპების მრავალფეროვნება, რომელიც არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც უქმნის გარკეულ უსიამოვნებას. მაგალითად ყველა კაცი ერთნაირია, კაცები არ ტირიან და ა.შ.

რა მნიშვნელობა აქვს პოზიტიური განწყობას ადამიანის ცხოვრებაში?

ეს პირდაპირ კავშირშია ბედნიერებასთან. მთავარია, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მოვახდენთ დადებით მოვლენებზე და ფაქტებზე ორიენტაციას და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მოხდეს ნეირომოდერატორების, ეგრეთ წოდებული ბედნიერების ჰორმონების გამოყოფა, რაც აუცილებლად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე. ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში ხშირად ვიყენებთ ჯადოსნურ ტექნიკას, ეგრეთ წოდებულ ღუზის დადებას, რომელსაც ვიყენებთ ბედნიერების მომგვრელი ჰორმონების სტიმულაციისათვის. გაიხსენეთ და წარმოიდგინეთ მომენტი, როდესაც თავი ყველაზე ბედნიერად იგრძენით, გაიხსენეთ ყველა დეტალი, რა გარემოში იყავით, როგორი სურნელი იფრქვეოდა, როგორი ტემპერატურა იყო, როგორი ფერები და როდესაც მთელი არსებით გაიხსენებთ და შეხვალთ მოგონებაში და ეს გრძნობა მოგგვრით ღიმილს, გააკეთეთ თქვენთვის მარტივი ჟესტი, ეს შეიძლება იყოს თითების გადაჯვარედინება, მუშტის შეკვრა ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც დაგეხმარებათ იმ ბედნიერი წუთების გახსენებაში ნებისმიერ დროს და თავის ტვინში წარმოიქმნება იგივე ბედნიერების ჰორმონები, რაც შემთხვევის დროს, მხოლოდ უფრო მცირე რაოდენობით და ამგვარად, შევძლებთ განწყობის ამაღლებას ნებისმიერ საჭირო მომენტში.

7 რჩევა ანა არველაძისგან:

1. პირველ რიგში უნდა შევეცადოთ და გავიხსენოთ ის სტერეოტიპები, რომლებიც გავრცელებული იყო ჩვენს კულტურაში, საზოგადოებაში, ოჯახში და შევეცადოთ ვიპოვოთ ამ სტერეოტიპების საპირისპირო მაგალითები. მაგ. ძვირადღირებულია, მაშასადამე ხარისხიანია. გავიხსენოთ თუ შეგვხვედრია ძვირადღირებული , მაგრამ უხარისხო პროდუქტი ან იაფფასიანი, მაგრამ ხარისხიანი.

2. არასოდეს ჩავთვალოთ უპირობო ჭეშმარიტად თუნდაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ან ავტორიტეტული პიროვნების აზრი ან შეხედულება სხვადასხვა საკითხის მიმართ.

3. გადავხედოთ და გავაანალიზოთ, რამდენად ერგება სტერეოტიპი აწმყოს. მაგალითად, უამრავი მათგანი უკვე ცრურწმენად იქცა, მაგალითად-შავი კატის გზაზე გადარბენა წარუმატებლობას მოასწავებს, რაც რეალურად უკავშირდება იმ შორეულ პერიოდს, როდესაც შამანები და მაგები კატას იყენებდნენ სხვადასხვა რიტუალებისათვის და მათი გაგზავნით მოსალოდნელ საფრთხეს ატყობინებდნენ მომავალ მსხვერპლს და საბედნიეროდ, არაფერი აქვს საერთო ამჟამინდელ რეალობასთან.

4. გადავამოწმოთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს. მაგალითდ გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ მუსლიმები არიან ტერორისტები, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკით შტატებში განხორციელებული ტერაქტების მხოლოდ 6%-ში დასტურდება მათი თანამონაწილეობა, ხოლო ევროპაში განხორციელებული ტერაქტების მხოლოდ 2%-ში.

5. თქვენ გაქვთ უფლება, ეჭვი შეიტანოთ ნებისმიერი იდეის ან სტერეოტიპის ჭეშმარიტებაში და ისარგებლეთ ამ უფლებით.

6. ეცადეთ დარჩეთ საკუთარი ობიექტური შეხედულების ერთგულნი, რადგან სტერეოტიპის ყველაზე დიდი საფრთხე, საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების ღალატია.

7. გახსოვდეთ, რომ თქვენთვის თუნდაც დადებითი გავლენის მქონე სტერეოტიპმა სხვა ადამიანს შეიძლება რადიკალურად განსხვავებული შედეგი მოუტანოს და ეცადეთ, არასოდეს არავის მოახვიოთ თავს თქვენი პირადი რწმუნებულება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g