LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს „პალიასტომის“ ტბის განსაკუთრებული სანახაობა  

“ძველი ციხესიმაგრე” – ასე იშიფრება “პალიასტომი” ბერძნული ენიდან თარგმნისას. ტბა გამდინარეა, მისი მაქსიმალური სიღრმე 4 მეტრია. წყალი ივლის-აგვისტოში თბილია, საშუალოდ, 25 გრადუსი; ზამთარში წყლის ტემპერატურა, საშუალოდ, 5 გრადუსამდე ეცემა.

პალიასტომის ტბაზე ლეგენდის რამდენიმე ვარიანტია, ერთ-ერთის მიხედვით, ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას, თურმე, ხმელეთი იყო. ზედ ხალხი იდგა და იმ ხალხს პავლიას ტომს უწოდებდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბათ დედამიწიდან წყალი ამოვარდა და მთელი სოფელი დაფარა. ამავე ლეგენდის თანახმად, ყველა ცოცხალი არსება დამხრჩვალა. გადარჩენილა მხოლოდ ერთი დიაკვანი, რომელმაც მთავარანგელოზის ხატი გაიტაცა, ერთ-ერთ ადგილას მიიტანა და შემდეგ ხატს ეკლესია აუშენა. ახლა ამ ადგილას ჯვარია აღმართული, ზედ რამდენიმე ჩვამა ზის. როგორც ჩვენთან საუბრისას პალიასტომის ტბის რეინჯერმა, ემზარ მალანიამ, აღნიშნა, ჯვარს ფრინველები არ სცილდებიან არც წვიმაში, არც სიცხეში. 

რეინჯერის თქმით, ტბა ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყინება. ბოლო ასეთი შემთხვევა 2008 წელს დაფიქსირდა – მინუს სამ გრადუს ყინვაში პალიასტომი მთლიანად გაიყინა.

ემზარ მალანია ოთხი წელია, პალიასტომის ტბის რეინჯერად მუშაობს. ის ახლა ნავებით ცურვის მსურველებს  ტბას ათვალიერებინებს, თან საინტერესო დეტალებზეც საუბრობს:

პალიასტომის ტბის მიმდებარე სივრცე 2000 წლიდან დაცული ტერიტორიაა. ამავე წელს შეიქმნა ეროვნული პარკიც. ნავებით ტბის დათვალიერება და ამ გზით ვიზიტორების მომსახურება თავიდანვე შესაძლებელი არ იყო, 2003-2005 წლებიდან ნელ-ნელა ამ მიმართულებით ცვლილებები დაიწყო. უშუალოდ ნავებით სეირნობას რაც შეეხება, ეს სეზონური არ არის, ზამთარ-ზაფხულ სულ ვმუშაობთ,“ – ამბობს  მალანია.

„პალიასტომის“ ტბა „კოლხეთის ეროვნული პარკის“ შემადგენლობაში შედის. ტბის უკეთ გასაცნობად, „კოლხეთის ეროვნული პარკი“ ტურისტებს სანაოსნო მარშრუტებს სთავაზობს. ტბა ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს. ვიზიტორების მხრივ ყველაზე დატვირთული პერიოდი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით არის. განსაკუთრებით დატვირთული ივლისი-აგვისტოა, როდესაც ტბაზე სასეირნოდ არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი დამსვენებლებიც ჩამოდიან.  ვინაიდან ზამთარში, ძირითადად, სიცივეა, ტურისტების რაოდენობა შედარებით იკლებს.

ტბის ფართობი 18 კილომეტრია. იგი ზღვის დონიდან 0.3 მეტრით დაბლა მდებარეობს. ამ მთლიან მარშრუტს დამსვენებლები ნავებით ეცნობიან. ემზარ მალანია მომსახურების დეტალებზე გვიამბობს: 

„3-საათიანი ცურვა პანტომით, იგივე ნავით, 300 ლარი ღირს. ნავი 16 ადამიანს იტევს. ამ დროის განმავლობაში 18 კმ-ს გავდივართ, ვათვალიერებთ ტბას, მივდივართ საპიკნიკე ადგილას, მდინარე ფიჭორისკენ. აქ არაერთი ბუნგალოა, გამოყოფილია სპეციალურად ცეცხლის დასანთები ადგილები, რასაკვირველია, დაცულია უსაფრთხოების ზომები.

„ვინაიდან მთლიანი გასავლელი მარშრუტის ღირებულება 300 ლარია, ჩვენ ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს ერთნაირ ფასს ვთავაზობთ – პალიასტომის ტბის დათვალიერება თითო ადამიანს, საშუალოდ, 20 ლარი უჯდება. მაისიდან მოყოლებული მგზავრობა 180 ლარი ღირდა, თუმცა თითქმის 1 თვის წინ  ეს ფასი შეიცვალა,“ – გვითხრა რეინჯერმა.

პალიასტომის ტბა თევსაჭერადაც გამოიყენება. როგორც ემზარ მალანიამ აღნიშნა, ტბაზე თევზაობა სახლართი ბადით დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ბადე შესაბამის პარამეტრებს აკმაყოფილებს:

  • ბადის სიგრძე 200 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს;
  • სიმაღლე – 3მ;
  • თვალის ზომა 18 მეტრი უნდა იყოს.  

მალანიას თქმით, მეთევზეებს არანაირი ლიცენზიის წარდგენა არ სჭირდებათ, მათი ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ სახლართი ბადის პარამეტრები დააკმაყოფილონ.

პალიასტომზე ანკესით თითქმის არ თევზაობენ:

„თევზს ტბაში იმდენი საკვები აქვს, რომ ანკესს აღარ ეტანება. ტბაში უმეტესად კეფალს იჭერენ. იმდენად ძველი მეთევზეები არიან, თვითონ იციან, სად რა მოდის და, შესაბამისად, კონკრეტული სტაბილური სათევზაო ადგილები არ გააჩნიათ,“ – დასძინა მალანიამ.

ვინაიდან მაისი და ივნისი თევზის ქვირითობის პერიოდია, ამ დროს თევზაობა აკრძალულია, როგორც ბადით, ასევე ანკესით. ივლისიდან მთელი წლის განმავლობაში, ცხადია, გამონაკლისი ორი თვის გარდა, თევზაობა დასაშვებია. 

ტბის ჩრდილოეთით ჭაობიანი ადგილებია, სადაც თბილ ქვეყნებში გადასაფრენად მომზადებული ფრინველები არიან დაბინავებული: რუხი და მცირე ყანჩები, ილეოსები, ჟეროები, თეთრი და შავი ყარყატი, ჩვამა, ვარდისფერი ვარხვი.

რეინჯერის ინფორმაციით, ამ ფრინველებზე ნადირობა სასტიკად აკრძალულია. ტბაზე რეინჯერები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ, რათა ბრაკონიერობის ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთოს.

ემზარ მალანიას თქმით, წელს ბრაკონიერობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიაზე იარაღით გადაადგილებაც კი აკრძალულია.

 

თათია კაკიაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g