LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს წელს ახალი წელი (ვიდეო)

552
pjimage

ახალი წლის დადგომამდე ფაქტობრივად არც არაფერია დარჩენილი. თითქმის ყველა ოჯახში საახალწლო მზადება მიმდინარეობს. ლამაზი დეკორაციების, ნაძვის ხისა და საჩუქრების გარდა ამ დღეს განსაკუთრებულს საახალწლო სუფრა ხდის. ყველას აქვს სურვილი ახალ წელს შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ მომზადებული შეხვდეს, ამიტომ  ბაზრობებსა და მარკეტებში ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პროდუქტებზე ფასი, როგორც წესი, ყოველთვის იზრდება, წელსაც ასეა. “ფორტუნამ” გაარკვია რა დაუჯდება წელს მოსახლეობას საახალწლო სუფრა.

თბილისში მდებარე ე.წ. “დეზერტირების ბაზარში” გავიგეთ ყველა იმ ძირითადი პროდუქტის ღირებულება, რომელიც ქართული საახალწლო სუფრის უცვლელი ელემენტია.

როგორც ყოველთვის გოჭი წელსაც ყველაზე ძვირია. მისი ფასი 80-დან 150 ლარამდე მერყეობს. 1 კილოგრამი ღორისა და საქონლის ხორცს 11-დან 15 ლარად შეიძენთ. ინდაურის ფასი წელს 70 ლარიდან 130 ლარია, ყველის ფასი კი 13-15 ფარგლებშია.

1 კილოგრამი თევზი 10-15 ლარი დაგიჯდებათ. 1 კილოგრამი კარტოფილი კი 1 ლარი ღირს.

1 კილოგრამი კიტრის ფასი 3-4 ლარია, ხოლო პომიდორის 4-5 ლარი.

გოზინაყი ყველა ოჯახში ახალი წლის სუფრზე აუცილებლად დევს. მის მოსამზადებლად კი ნიგოზი და თაფლი დაგჭირდებათ. წელს ნიგოზის ფასი 18-დან 30 ლარამდე მერყეობს. თაფლის ფასი კი 20-25 ლარია.

ჩურჩხელის შეძენას, როგორც 1.50 ისე 3 ლარად შეძლებთ.

ხილი: 1.50-5 ლარი.

ლიმონათზე საშუალოდ 1.5-2 ლარი, ხოლო ნატურალურ წვენებზე 3.5-4 ლარი უნდა ვიანგარიშოთ.

ტკბილეულობის ფასი საშუალოდ 5-6 ლარიდან იწყება და 30 ლარს აჭარბებს. ამაში ასაწონ კანფეტებს ვგულისხმობთ.

საბოლოო შედეგი კი ასეთია: ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა წელს ოჯახს საშუალოდ 400 ლარი დაუჯდება.

როგორც ბაზარში გამყიდველებმა გვითხრეს, მყიდველი წელს შარშანდელთან შედარებით ნაკლებია და შესაბამისად პროდუქტებიც ნაკლებად ეყიდებათ. ბაზრობაზე დიდი ხალხმრავლობა ნამდვილად არ შეინიშნებოდა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა ბაზარში ძირითადად ახალი წლის წინა შაბათ-კვირას მიდის, ხოლო დიდი ნაწილი მსხვილ სუპერმარკეტებს არჩევს. გარდა ამისა, საახალწლო ბაზრობები დედაქალაქში ძალიან ბევრ ადგილზეა მოწყობილი, რაც გარკვეულწილად მყიდველების გადანაწილებას იწვევს.

ბარაქიან საახალწლო სუფრას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები