LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებს საახალწლო სუფრის გაშლა თითქმის 8%-ით გაგვიძვირდა

255
c0dadddff0c39f15e7666b2a3e1bc247

ტრადიციულად საქართველოში ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტიც აგრძელებს ტრადიციას და მკითხველს ხაჭაპურის ინდექსის საახალწლო გამოშვებას სთავაზობს.

„საახალწლო სუფრის ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული სადღესასწაულო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ჩვენ ვითვლით ისეთი ტრადიციული კერძების ფასებს, როგორებიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილი და გოზინაყი შევარჩიეთ.

გასულ წელთან შედარებით, საახალწლო სუფრის ფასი საქართველოს ყველა რეგიონში გაიზარდა. 2019 წლის დეკემბერში საქართველოში საახალწლო სუფრის საშუალო ღირებულება 161.10 ლარია, რაც 7.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან (2018 წლის დეკემბერთან) შედარებით“, – აცხადებენ ISET-ის კვლევით ინსტიტუტში.

მათივე ინფორმაციით, ინდექსის ყველაზე დაბალი ღირებულება (156.9 ლარი) გურიაში, ყველაზე მაღალი (169,7 ლარი) კი შიდა ქართლში დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ზრდა შიდა ქართლში გვაქვს, სადაც ახალი წლის სუფრის საშუალო ფასი 169,7 ლარია, რაც 19.4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ეს ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ 2018 წლის დეკემბერში ფასების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ქართლში გვქონდა.

2019 წლის დეკემბერში, ახალი წლის სუფრის შემადგენელი თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა გასული წლის იმავე პერიოდთან (2018 წლის დეკემბერთან) შედარებით. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: ყველი, კარტოფილი, სტაფილო, კიტრი, ღორი, კალმახი და რძე. ყველის ფასი 20%-ით გაიზარდა, კარტოფილის – 22%-ით, კიტრის – 15%-ით, სტაფილოს – 15%-ით, ღორის – 18%-ით, კალმახის – 6%-ით. პროდუქტები, რომლებიც გაიაფდა არის კვერცხი (-10%) და ბადრიჯანი (-2%). საახალწლო სუფრაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინგრედიენტია ნიგოზი. დეკემბერში, კილოგრამი ნიგვზის ფასი 20.50-23.27 ლარს შორის მერყეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები