რა იწვევს ჭარბ წონას – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ „ველესის“ ფსიქოლოგმა ინდირა გვარმიანმა ისაუბრა.
რა იწვევს წარბ წონას?
ჭარბი წონა უნდა განვიხილოთ ორი მიმართულებით, ერთის მხრივ თუ რა იწვევს ჭარბ წონას და მეორე მხრივ თავად ჭარბი წონა რა პრობლემებს უქმნის ადამიანს. გამომწვევი მიზეზები ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორებია.
ფიზიოლოგიურ ფაქტორში იგულისხმება: მეტაბოლური სისტემის ფუნქციონირება, ჰორმონალური მდგომარეობა, ნივთიერებათა ცვლი პროცესი. დღეს განვიხილოთ ფსიქოლოგიური ფაქტორი. ფსიქოლოგიურ ფაქტორში უნდა განვიხილოთ ჩვენი დამოკიდებულება საკვების მიმართ, კვებითი ქცევა რომელიც გვიყალიბდება ბავშვობიდან. ასევე, ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს სტრესზე კვებითი რეაქცია, როცა სტრესულ სიტუაციაში ადამიანი გაუცნობიერებლად გადაჭარბებულად მოიხმარს ამა თუ იმ პროდუქტს დიდი ოდენობით და ამაში პოულობს ემოციურ შვებას. ეს სტრესთან გამკლავების სტრატეგიაა რომელსაც ადამიანი გაუცნობიერებალდ აკეთებს, რისკი მდგომარეობს იმაში, რომ სამწუხაროდ დღეს სტრესი ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან ხშირია, შესაბამისად გამკლავების ამ მექანიზმს თუ ხშირად იყენებს ადამიანი, ის აუცილებლად მივა ჭარბ წონამდე (მაგ: დაღლილი ადამიანი)ჭარბი წონა შესაბამისად დამატებითი სტრესი ხდება და იკვრება მოჯადოებული წრე. წრე რომლის გარღვევა არ არის მარტივი და ითხოვს დიდ ძალისხმევას. ასევე კვებით დამოკიდებულებაზე როცა ვსაუბრობთ თავისუფლად შეგვიძლია განვიხილოთ ის როგორც ადიქცია.
რა არის ადიქცია?
ადიქცია არის ისეთი სახის უკონტროლო, აკვიატებული და არაჯანსაღი ლტოლვა ვინმეს, ან რაიმეს მიმართ, რომლის გარეშეც ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს. ამ დროს დამოკიდებულების საგანი მთლიანად მოიცავს ადამიანს, მის ყოველდღიურობას და დანარჩენი ცხოვრებისეული მოვლენები ნაკლებად აქტუალური ხდება. ადიქციის გამოვლინებებია: კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის მოხმარება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და მათ შორის უნდა განვიხილოთ კვებითი დამოკიდებულება. კვებით დამოკიდებულებაზე თითქოს არ ხდება განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება რადგან საზოგადოების მხრიდან ის არ აღიქმება როგორც განსაკუთრებული ზიანის მომტანი. თუმცა, კვებით ადიქციას მივყავართ ჭარბ წონამდე და ჭარბ წონას თავის მხრივ როგორც ფიზიოლოგიურ პრობლემებთან, სხვადასხვა დაავადებებთან და ასევე ფსიქოლოგიურ პრობლემებთან.
რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ?
ჭარბი წონა აისახება როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე აისახება ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, შესაძლოა განვითარდეს დეპრესია, ის ასევე განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს. ჭარბი წონის მქონე ადამიანებთან მუშაობის დროს ხშირად ვაწყდებით ისეთ პრობლემას, როგორიცაა დაბალი თვითშეფასება. დაბალი თვითშეფასება კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს რეალურად უამრავი რესურსი, შესაძლებობები ვერ ხედავს საკუთარ თავში ამ შესაძლებლობებს და შესაბამისად, ვერც იყენებს მათ. ამას ემატება ისიც, რომ ჭარბი წონის შემთხვევაში, განსაკუთრებით სიმსუქნის მაღალი ხარისხის დროს გარკვეული ფიზიკური შეზღუდულობაც ემატება, სუნთქვის უკმარისობა, მოძრაობის, გადაადგილების დროს გარკვეულ პრობლემებს აწყდება, ადვილად იღლება, შესაბამისად ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ბევრ ჯანსაღ ცხოვრებისეულ ასპექტზე უარს ამბობს, უარს ამბობს ურთიერთობებზე, სასიამოვნო აქტიობებზე (მაგ:ზღვაზე დასვენება), იკეტება საკუთარ თავში, ქმნის ე.წ კომფორტის ზონას. ყოველივე ეს სამწუხაროდ კარგად კვებავს არასრულფასოვნების განცდას და წარმოდგენას საკუთარ თავზე.
ჭარბწონიანი ადამიანები ხშირად ბულინგის ობიექტები ხდებიან. ბულინგი შეიძლება განხორციელდეს, როგორც ქუჩაში, ასევე სკოლაში და სამწუხაროდ, ოჯახშიც კი ე.წ გაუცნობიერებელი „უვნებელი“ კომენტარებით: „მსუქანი ხარ, უნდა გახდე „ის რა ლამაზია, გამხდარია“ და ა.შ. განსაკუთრებით ასეთი მიდგომა დამაზიანებელია, როცა ოჯახში გვყავს მოზარდი, რომელშიც მთელი რიგი ჰორმონალური ცვლილებებია, სახეზეა ჭარბი წონა და ჩვენ მას ასე „ვეხმარებით“ . ამასობაში ის იჯერებს, რომ „მსუქანია“ და მასთან გაუცნობირებლად ყალიბდება ჭარბიწონიანი ფსიქოლოგიური პატერნი არაცნობიერ დონზე, რაც მთელი ცხოვრება მიყვება. ასეთი პროცესების შეცვლა სამომავლოდ უკვე სპეციალისტის ჩართულობის საჭიროებას კვეთავს, ეს საჭიროება იკვეთება ასევე როცა სახეზეა კვებითი დამოკიდებულება. რადგან მასთან გამკლავება დამოუკიდებლად ძალიან რთულია.
რჩევები:
• კვება არ გაიხადოთ ერთადერთ სიამოვნების წყაროდ, უამრავი სხვა სიამოვნების წყარო არსებობს ცხოვრებაში ,შეეცადეთ ეს წყაროები იპოვოთ და დაამკვიდროთ თქვენს ცხოვრებაში.
• არსებობს ცხოვრებისეული საკითხები, რომლებიც ჩვენზე არაა დამოკიდებული და მათ ვერ ვცვლით, თუმცა წონა ნამდვილად ჩვენზეა დამოკიდებული, მისი მართვა შესაძლებელია ,ის ჩვენს ხელთაა.
• კვება, კვებითი ქცევა ხშირად მექანიკური პროცესია, გავხადოთ ის გაცნობიერებული პროცესი. პრობლემებს კვებით ვერ მოვაგვარებთ, გადაჭარბებული საკვებით კი ნამდვილად გავირთულებთ ცხოვრებას.
• თუ ვამჩნევთ რომ სტრესზე ვრეაგირებთ გადაჭარბებული კვებით, გვახასიათებს ემოციური კვება დროულად მივმართოთ სპეციალისტს. ეს აგვარიდებს ჭარბ წონას. პრევენცია უფრო ადვილია ვიდრე შედეგებთან გამკლავება.
• როცა უკვე სახეზეა ჭარბი წონა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საკითხის კონტოლი, რადგან ჭარბი წონის დროს რისკები იმატებს, ჩვენს ორგანიზმში იქმნება ფონი სხვადასხვა დაავადებების განსავითერებლად.
• თუ ოჯახში გვყავს ბავშვი ან მოზარდი რომელსაც აქვს ჭარბი წონა თავი შევიკავოთ „უვნბელი“ კომენტრებისგან, კომენტარებისგან რომელიც ეხება მის გარეგნობას მის პიროვნებას . აჯობებს მივმართოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
• ზოგადად ადამიანებს გვიჭირს საკუთარი თავის მიღება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით უჭირთ ჭარბწონიანებს. საკუთარი თავის მიღება კი ნიშნავს იმას, რომ უფრო გვიყვარს ჩვენი თავი, უფრო ვზრუნავთ მასზე, შესაბამისად ვზრუნავთ გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე.
გადაცემის აუდიოჩანაწერი