LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ფსორიაზს, არის თუ არა დაავადება გადამდები და როგორია მკურნალობის გზები – დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი

1862
pulsishow21111

გადაცემის ლაივი LIVE

29 ოქტომბერს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას ,,პულსი” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ფსორიაზთან ბრძოლის საერთაშორისო დღის გათვალისწინებით, სწორედ მძიმე დაავადებასა და მისი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.

– ქალბატონო თინა, როდის აღინიშნა პირველად ფსორიაზთან ბრძოლის დღე და რა მიზანს ემსახურება მსგავსი ღონისძიება?

– ვფიქრობ, როცა კონკრეტულ დაავადებას სპეციალური დღე ეძღვნება,  ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს, რომ საჭიროა მასზე ყურადღების გამახვილება. ღირსშესანიშნავი დღე 10 წლის წინ შემოიღო ფსორიაზით დაავადებულთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ, რათა სისტემატურად შეახსენოს მსოფლიო საზოგადოებას, რომ არსებობს მეტად რთული ქრონიკული პათოლოგია, რომელიც საგრძნობლად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

– რამდენად სწრაფად ვრცელდება დაავადება, რომელიც გადამდებია და საკმაოდ სახიფათოა?

– სინამდვილეში, ეს მხოლოდ სტიგმაა, რადგან სინამდვილეში ფსორიაზი გადამდები არაა. დაავადება მხოლოდ პაციენტს უქმნის პრობლემებს, გარშემომყოფებისთვის კი, აბსოლუტურად უსაფრთხოა.

– ფსორიაზი კანის მეტად გამოხატული დეფექტია. საინტერესოა, რამდენად ხშირად აწუხებთ პაციენტებს ფსიქოლოგიური პრობლემები?

– რა თქმა უნდა, კანის ხილული პათოლოგიები ყოველთვის გარკვეულ უხერხულობას უქმნიან პაციენტებს, თუმცა ბევრად უფრო მძიმეა ფსორიაზის მიმდინარეობა, რომელიც ინტენსიური აქერცვლით ხასიათდება. სწორედ ეს უქმნის ადამიანს დისკომფორტს და გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს.

– ზოგადად, ფსორიაზი კანის დაავადებად ითვლება. საინტერესოა, სინამდვილეში როგორ კლასიფიცირდება დაავადება?

– მართალია, ფსორიაზი პირველ რიგში კანზე ვლინდება, მაგრამ მისი იზოლირებულად განხილვა მაინც არ შეიძლება, რადგან მულტისისტემური დაავადებაა და ხშირად გვხვდება ართრიტთან ან გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებთან, ენდოპათიებთან და ჭარბ წონასთან კომბინაციაში.

– რა იწვევს დაავადებას და რა კატეგორიის ადამინები მოიაზრებიან რისკჯგუფში?

– პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ფსორიაზი გენეტიკური დაავადებაა, თუმცა მის გამოვლენას განსაკუთრებული პროვოცირება სჭირდება. მეტწილად ფსორიაზს ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება იწვევს, თუმცა ხშირია გარკვეული ტიპის პრეპარატების მიღებით განვითარების შემთხვევებიც.

– კანის დაავადებებზე საუბრისას, ყოველთვის გასათვალისწინებელია მზის სხივების ზემოქმედება. საინტერესოა, რა გავლენას ახდენს მზე ფსორიაზზე?

– მართალია, უამრავი კანის დაავადება მწვავდება მზის სხივების ზემოქმედებით, მაგრამ ფსორიაზის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. მეტიც, სწორედ ფოტოთერაპია გამოიყენება დაავადების სამკურნალოდ. თუმცა ამგვარ მკურნალობასაც თავის წესები აქვს, ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო, რადგან ჭარბ მზესა და დამწვრობას თავისუფლად შეუძლია დაავადების დამძიმება.

– ქართველები სხვაზე ხშირად მივმართავთ თვითმკურნალობის მეთოდებს. რამდენად სარისკოა მსგავსი მკურნალობა ფსორიაზის შემთხვევაში?

– რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს შევინარჩუნოთ დაავადების მსუბუქი ფორმა ან თუნდაც გავკურნოთ,, რადგან უამრავი შემთხვევა არსებობს როცა რემისია რამდენიმე წელი გაგრძელდა დაავადების გამოვლენის  გარეშე. სამწუხაროდ, სწორედ ე.წ. ექიმბაშების მიერ დამზადებული წამლები ამძიმებენ დაავადებას, თუმცა პაციენტები მაინც მათთან მკურნალობას ანიჭებენ უპირატესობას. ვფიქრობ, სატელევიზიო გადაცემებსა და რეკლამაში საერთოდ უნდა აიკრძალოს ფრაზა “ვარჩენ ფსორიაზს”. ამგვარი განცხადება, მხოლოდ სიცრუეა, რადგან ფსორიაზი ქრონიკული დაავადება, რომლის საბოლოოდ განკურნება ხანგრძლივი რემისიების მიუხედავად, მაინც შეუძლებელია.

– რა არსენალს ფლობს თანამედროვე დერმატოლოგია ფსორიაზის წინააღმდეგ?

– პირველ რიგში, ექიმმა ფსორიაზის ტიპი და სიმძიმე უნდა განსაზღვროს და მხოლოდ მერე იფიქროს მკურნალობის შესაბამისი კურსის შერჩევაზე. რა თქმა უნდა, სპეციალური საცხებით ადგილობრივი თერაპია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რადგან ასე ყველაზე კარგად ვზემოქმედებთ დაზიანების ზონაზე. თუმცა უამრავი სხვა მეთოდი არსებობს, რომელიც სხვადასხვა ტიპის ფსორიაზის შემთხვევაში გამოიყენება.

– რამდენად შესაძლებელია პაციენტის ჩვენს ქვეყანაში მკურნალობა, თუ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გამგზავრება?

– ბოლო წლებში, როცა მჭიდრო კონტაქტები დავამყარეთ უცხოელ კოლეგებთან, ბევრად გამარტივდა ფსორიაზის საქართველოში მკურნალობა. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ცოდნითა და გამოცდილებით ჩვენი დერმატო-ვერნეროლოგები არაფრით არ ჩამორჩებიან უცხოელებს, ამასთანავე, არსენალში გვაქვს ყველა ის პრეპარატი, რომელიც დაავადების ეფექტურად მკურნალობას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები