LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს იმედგაცრუებას და როგორ აღვადგინოთ ნდობა -7 რჩევა ფსიქოლოგისგან

162
meri-gelashvili

გადაცემის ლაივი LIVE

იმედგაცრუება არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც აღმოცენდება მიზნის მიღწევის გზაზე წარმოქმნილი ხელისშემშლელი ფაქტორებისგან. ეს გახლავთ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებით გამოწვეული უკიდურესი უკმაყოფილების მდგომარეობა, რომელიც უარყოფითი განცდების სახით ვლინდება. ესაა კონფლიქტი პიროვნების მოთხოვნილებებს, მოლოდინებსა და ობიექტურ, რეალურ შესაძლებლობებს შორის. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია “კამარას” ფსიქოლოგი მერი გელაშვილი.

რა იწვევს იმედგაცრუებას?

იმედგაცრუება ეგოცენტრული, ინტროვერტული გრძნობაა. იმედი მაშინ გვიცრუვდება, როცა გარკვეული სახის მოლოდინები გვაქვს. როგორც წარმოსახვითი მეგობრების არსებობის სჯერათ ბავშვებს, პიროვნებაც ასევე იჯერებს ილუზიის რეალურობას.

ამის ნათელი მაგალითია, ილუზიები ჰარმონიულ ურთიერთობებზე საპირისპირო სქესთან. სამწუხაროდ რეალურ ადამიანს არ ძალუძს შეესატყვისებოდეს სხვა პიროვნების ილუზიურ მოთხოვნებს სრულად. ადამინებს აქვთ სურვილი მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებც არიან. თქვენმა ილუზიებმა მათში შეიძლება შიში აღძრან, მეტიც ისინი შეიძლება ბრაზმაც მოიცვას. სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა ცდილობს შექმნას და დაამსგავსოს რეალური ადამიანი ილუზიურს, რაც მათში გარკვეულ დისკომფორტს და ურთიერთობების რღვევას იწვევს.

ურთიერთობის ამ ეტაპზე ადამიანებს ეუფლებათ შფოთვა, ნელ-ნელა მათი ილუზები რღვევას იწყებს, და ერთადერთი განცდა, რომელიც ამ დროს ადამიანს ეუფლება იმედგაცრუებაა. იმედგაცრუება არ გახლავთ თანდაყოლილი ემოცია, სამწუხაროდ, ის ხანდახან ყურადღების მიქცევის მიზნითაც გამოიყენება. მყიფე სასახლე, რომელსაც ამდენი ხანი აშენებს ინდივიდი ირღვევა და მისი თითოეული კედელი უმძიმეს ლოდად ეცემა ადამინს. ეს ყოველივე საშინელ ტკივილს აღძრავს მასში და ეს ტკივილი უკვე რეალურია.

მაგალითად, პიროვნება ელის, რომ კოლექტივი დააფასებს მის შრომისმოყვარეობას, მაგრამ საპირისპირო შედეგს იღებს, ეს მტკივნეულია, სინამდვილეში შრომისმოყვარე მათ ხელს უშლის, მის ფონზე ისინი ზარმაცები ჩანან და მათ მოდუნების საშუალება არ ეძლევათ, ისინი ხომ სამსახურის გარეშეც შეიძლება დარჩნენ.

საიდან იღებს სათავეს პიროვნების მიდრეკილება გადაჭარბებული  მოლოდინებისკენ?

ხშირად ეს ბავშობიდან მომდინარეობს, თუ პიროვნებისგან ბავშვობაში მუდმივად მოითხოვდნენ სრულყოფილებას, ზრდასრულ ასაკში ისინი ამ მოლოდინებს სხვა ადამინებს  და საკუთარ თავსაც უყენებენ.

რეალობა შესაძლოა არ აღმოჩნდეს ისეთი მშვენიერი და ლამაზი, როგორიც სუბიექტის მოლოდინებშია. პირიქით, ის შესაძლოა აუტანლადაც მოეჩვენოს მას, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ერთი ნაწილია. სინამდვილეში რეალობას მეორე ნაწილიც აქვს, მშვენიერი და ლამაზი, რომლის შემჩნევა თავიდანვე არ არის მარტივი.

ადამიანები იმედგაცრუებისას განსხვავებულად რეაგირებენ:

იმედგაცრუებაზე ნარცისტული რეაგირება შემდეგი ხასიათისაა: ინდივიდი დაუფიქრებლად და გულის წყვეტის გარეშე იშორებს წარუმატებელ ურთიერთობას ან ადამიანს, როგორც ზედმეტ ტვირთს, რომელიც არ შეესატყვისება მის მოლოდინებს და ხელს უშლის ბედნიერებაში. წყვეტს ყოველგვარ კონტაქტს.

ისტერიული რეაგირებისას ინდივიდი მოითხოვს გარემოსგან ან პარტნიორისგან გახდეს ისეთი, როგორიც მას სურს. ხიბლავს ტანჯულ მდგომარეობაში ყოფნა. ყველაფერს აკეთებს, იმის მისაღწევად, რომ არ აღადგინოს ურთიერთობა. ან მანიპულაციების გამოყენებით დროებით შეინარჩუნოს ის.

შიზოიდური რეაგირებისას ინდივიდი არაფერს იმჩნევს, იკეტება საკუთარ თავში, საკუთარ ემოციებთან გასამკლავებლად ხშირად წერს ლექსებს, მოთხრობებს, ქმნის ნახატებს და ა.შ. (ეს ნახევრად ხუმრობაა, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ნახევრად ხუმრობის მეორე ნახევარი სიმართლეა).

და ბოლოს, ნევროტული რეაგირებისას ინდივიდი ყველაზე რთულ გზას ირჩევს. ის მიუხედავად იმედგაცრუებისა და დიდი ტკივილისა, ცდილობს დარჩეს ურთიერთობაში. ცდილობს იპოვოს ამ ურთიერთობის ახალი საზრისი, ისაუბროს სირთულეებზე, სცადოს მოლაპარაკება, გაუმკლავდეს დაძაბულობას და დარჩეს ცოცხალი. სცადოს არ აკონტროლოს გარემო, გააკეთოს დასკვნები და მიიღოს სიამოვნება რეალური, მოლოდინებისგად თავისუფალი ურთიერთობისგან.

გეშტალტთერაპიის ფუზემდებელი ფრიც პერლზი იმედგაცრუებისგან თავის ასარიდებლად და მისი სიხშირის შესამცირებლად გვთავაზობს ე.წ. „ლოცვა“-ს. რომელიც ამგვარად ჟღერს:

„მე ვარ მე

შენ ხარ შენ

მე ვაკეთებ ჩემს საქმეს

შენ აკეთებ შენს საქმეს

მე არ მოვსულვარ ამ ქვეყნად იმისთვის, რომ გავამართლო ყველა შენი მოლოდინი

არც შენ მოსულხარ ამ ქვეყნად ყველა ჩემი მოლოდინის გასამართლებლად

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ კი ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და შევქმენით საერთო საქმე, ეს მშვენიერია.

თუ ასე არ მოხდა რა გაეწყობა“.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმედგაცრუება ახდენს პიროვნების მობილიზაციას, მას დადებითი მხარეც აქვს და პიროვნების პოტენციალის რეალიზაციისთვის სჭირო განწყობის შექმნას ემსახურება.

როგორ ხდება ნდობის აღდგენა?

იმედგაცრუების შემდგომ ნდობის საკითხი ურთიერთობის გასაგრძელებლად და შესანარჩუნებლად აუცილებელი კომპონენტია. ერიკ ერიქსონი განვითარების პირველ საფეხურად, რომელიც დაბადებიდან 2 წლამდე მიმდინარეონს ნდობა-უნდობლობას საფეხურს გვთავაზობს. ის აღნიშნას, რომ სწორედ ამ ასაკში უყალიბდება ბავშვს ნდობა სამყაროს მიმართ. თუ ის მზრუნველ, მოსიყვარულე გარემოშია, მისთვის სამყარო არ აღიქმება საშიშ და არასანდო ადგილად.

ინდივიდებს შორის ურთიერთობაში, იმედგაცრუების შემდეგ ხშირად საუბრობენ ნდობის აღდგენაზე, თუმცა ხანდახან, ყურადღების მიღმა რჩებათ ის, რომ ნდობა თანდაყოლილი განცდა არაა. თუ კი მაგალითად, წყვილმა დაძლია იმედგაცრუება და სცადა ურთიერთობის შენარჩუნება. უნდა ვისაუბროთ არა ძველი ნდობის აღდგენაზე, არამედ ნდობის ახლებურ ჩამოყალიბებაზე, ის რაც იყო წარსულში, რჩება წარსულში. ნდობა თავიდან იწყებს ჩამოყალიბებას და ამისთვის უნდა გამოხატავდნენ მზაობას სუბიექტები. თუ კი გაცნობიერდა ის, რომ გარემო ჩვენს ყველა მოლოდინს ვერ გაამართლებს და ინდივიდები გამოხატავენ მზაობას იფუნქციონირონ ილუზიების გარეშე, ახალი ურთიერთობების შედეგად ჩამოყალიბდება ნდობაც.

7 რჩევა მერი გელაშვილისგან:

1. გადაიყვანეთ ურთიერთობა რაციონალურ, ილუზიებისგან თავისუფალ რელსებზე;
2. ხშირად გააცნობიერეთ მოლოდინები, ხომ არ აღემატება ისინი სხვის ან საკუთარ შესაძლებლობებს;
3. განახორციელეთ ქცევები ზრდასურლის პოზიციიდან;
4. ნდობის დაკარგვისას განასხვავეთ პიროვნება მისი ქცევისგან;
5. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან რეალობა შესაძლოა აღიქმებოდეს ნეგატიურად, მნიშვნელოვანია მომხდარი მოვლენების პოზიტიური მხარეების გაცნობიერება;
6. იმედგაცრუებისგან მიღებული დიდი ტკივილის მიუხედავად, არსებული ენერგია წარმართეთ პიროვნების პოტენციალის რეალიზაციისთვის;
7. გახსოვდეთ, ნდობის ჩამოყალიბებას სჭირდება ურთიერთობა და დრო.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g