რა იწვევს ტანტრუმებს ბავშვებში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ისაუბრა.
რა არის ტანტრუმი?
ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც ბავშვი ყვირილისა და ტირილის გზით ითხოვს რაღაცას – რაღაცის გაკეთებას, ან როცა არ უკეთებენ, ასე ვთქვათ აპროტესტებს. პროტესტის ასეთ აგრესიულ გამოვლინებებს ბავშვებში ტანტრუმებს ვეძახით.
მაგალითად, ბავშვთან ერთად შედიხართ მაღაზიაში, ის კიდებს ხელს შოკოლადს (სხვა რამეს) და გთხოვთ ყიდვას, თქვენ ეუბნებით – „არას“ და ცდილობთ უკან დააბრუნებინოთ. პატარა იწყებს ყვირილს, ტირილს, გირტყამთ, შეიძლება ძირსაც დაწვეს, ანუ, მას სურს იმის გაკეთება, რაც უფროსს არ უნდა. ასეთი ინტერესთა ან სურვილთა კონფლიქტის შედეგად შესაძლოა ბავშვმა მოაწყოს „ტანტრუმი“.
ჩვენ მშობლებს ხშირად ვურჩევთ, რომ მსგავს ქცევას ყურადღება არ მიაქციონ, ანუ დააიგნორონ ბავშვის ასეთი ქცევა. როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი ქცევის განმტკიცება: იყვირა ერთხელ – მიიღო სასურველი, მეორედ იყვირა – კვლავაც მიიღო სასურველი, და რამოდენიმე განმეორების შემდეგ ბავშვი დაისწავლის, რომ როდესაც რაიმე სურს, უნდა იყვიროს და გააპროტესტოს.
ბავშვი ასე იქცევა მაშინ, როცა ჩამოუყალიბებელია თვითკონტროლი და უჭირს საკუთარი ემოციური სფეროს მართვა.

მოერიდეთ მშრალ აკრძალვებს – „არა და მორჩა“, ამის ნაცვლად აუხსენით ის მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გააკეთოს, ან რატომ ვერ მიიღებს იმას რაც სურს. მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს ვუკრძალავთ და არ მოგვწონს მისი აგრესული ქცევა, ოდავაკვირდეთ როგორ ვიქცევით ჩვენ, ზრდასრულები. თუ ვეუბნებით, რომ დარტყმა არ შეიძლება, ან ყვირილი ცუდია – პირველ რიგში, უფროსები არ უნდა მოვიქცეთ ასე, რადგან ბავშვს კიდევ უფრო გაურკვევლობაში ვამყოფებთ – ვეუბნებით ცუდია და თვითონ ვაკეთებთ იგივეს. ბავშვები სწავლობენ სიტუაციებზე დაკვირვებით.
თუ როგორი სახის ურთიერთობის ფორმებია მიღებული ოჯახში, ავტომატურად დაისწავლება ბავშვის მიერ, ამიტომ სანამ შვილის ქცევის კორექციას დავიწყებდეთ, ყურადღება მივაქციოთ ჩვენი, უფროსების ქცევის ფორმებს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი


