საქართველომ უპირობოდ გაუხსნა საზღვარი ევროკავშირის 5 ქვეყანას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნიდან ჩვენთან ვიზიტორები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლებენ ჩამოფრენას. თუმცა, რა შეზღუდვები და წესებია ამ ქვეყნებში საქართველოდან ჩასული ტურისტებისთვის?
ინფორმაცია მუდმივად ახლდება, იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში ეპიდემიის თვალსაზრისით.
“ფორტუნა” გაწვდით უახლეს ინფორმაციას, თუ როგორ ხდება შესვლა ამ ხუთი ქვეყნის საზღვარზე ამ ეტაპზე და როგორია ინფიცირების დონე.
გერმანია
გერმანიაში ჯერჯერობით მოგზაურობას ისევ სიფრთხილით ეკიდებიან. 15 ივნისს გერმანიამ გახსნა საზღვარი ევროკავშირის, შვეიცარიის, ნორვეგიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისთვის. ამასთან, გერმანია აგრძელებს მოწოდებებს, რომ ევროკავშირის საზღვრებს გარეთ გასვლისგან მოქალაქეებმა თავი შეიკავონ, თუ ეს არ წარმოადგენს გარდაუვალ აუცილებლობას.
თვითიზოლაცია ქვეყანაში შესვლისას მოგიწევთ იმ შემთხვევაში თუ ბოლო 7 დღის განმავლობაში ქვეყანაში, საიდანაც გერმანიაში მიფრინავთ ყოველ 100,000 მოსახლეზე 50-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
უნდა იცოდეთ, რომ თუ მაინც გადაწყვეტთ გერმანიაში შესვლას:
- აეროპორტში დაგჭირდებათ პირბადე;
- პირბადეს მოგთხოვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც;
- ელოდეთ დამატებით კითხვებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას საზღვრის კვეთისას
საფრანგეთში
ქვეყანაში ვიზიტი შედარებით მარტივია. საფრანგეთმა ჯერ კიდევ 15 ივნისიდან შეუშვა საზღვარზე ზოგიერთი “მესამე” ქვეყნის წარმომადგენელი ყოველგვარი კარანტინისა და ცნობის გარეშე. ნებაყოფლობითი კარანტინია ბრიტანელებისა და ესპანელებისთვის.
1 ივლისიდან ქვეყანაში ჩვენც გველიან, თუმცა რა პირობით, ჯერჯერობით უცნობია.
სავარაუდოდ, საქართველოდან ჩასულებს კარანტინი არ ელით და არც ცნობას მოსთხოვენ კოვიდის ტესტზე.
ესტონეთი
პირველი ივნისიდან შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა მათთვის ვინც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩადის, აუცილებელია ორკვირიანი თვითიზოლაცია. რადგან საქართველო დაბალი რისკის ქვეყანაში ითვლება, დიდი ალბათობით, ქართველ ტურისტებს დამატებითი მოთხოვნები არ წაეყენებათ.
ლატვია
ქვეყანამ ბალტიელ მეზობლებთან საზღვრები ჯერ კიდევ 15 მაისს გახსნა. 1 ივნისიდან ლიეტუვასა და ლატვიას შორის საზღვარზე ყველანაირი შემოწმება მოიხსნა. 3 ივნისიდან მოიხსნა კარანტინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებან, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში საიდანაც ისინი შედიან, ბოლო 14 დღის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა არ მომატებულა (100000 მოსახლეზე 15 შემთხვევა ნორმალურად ითვლება).
ლიეტუვა
ყოველ 100000 მოსახლეზე 25 შემთხვევა – თუ ქვეყანაში საიდანაც ლიეტუვაში მიფრინავთ ინფიცირებულთა რიცხვი ამ რაოდენობას არ აღემატება, შესვლას კარანტინის და თვითიზოლაციის გარეშე შეძლებთ.
თუმცა ვილნიუსმა საკუთარი მოქალაქეებისთვის დააწესა 14 დღიანი თვით-იზოლაციის მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ ისინი ისეთი ქვეყნებიდან ბრუნდებიან, სადაც კოვიდ 19 კვლავ აქტიურად ცირკულირებს – ასეთებია შვედეთი, რუსეთი, ბელარუსი, პორტუგალია და აშშ. ადრე ამ მხრივ მათ მხოლოდ რეკომენდაცია ეძლეოდათ, ახლა კი თვითიზოლაცია სავალდებულოა.
დიაგრამებზე ნათლად ჩანს, რომ ხუთივე ქვეყანაში, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, ინფიცირების შემთხვევების დონე ბოლო პერიოდში არ გაზრდილა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ აარჩია ხელისუფლებამ აღნიშნული ქვეყნები.
რა წესები იმოქმედებს საზღვრების გახსნის შემდეგ: საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ