კომპანიამ „Clever“, რომელიც დანიაში ელექტრომობილების დამტენი სადგურების წამყვანი ოპერატორია, ტრადიციული მენეჯერული იერარქია სრულად გააუქმა. კომპანიაში აღარ არსებობენ ხელმძღვანელები და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე გაუქმდა ყველა ის საშტატო პოზიცია, რომელიც ამ სტატუსს გულისხმობდა.
კომპანია ფუნქციონირებს თვითმართვადი გუნდების პრინციპით, სადაც თითოეული თანამშრომელი მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე.
ამ ექსპერიმენტის ინიციატორი კომპანიის თანადამფუძნებელი კასპერ კირკეტერპ-მიულერია (Casper Kirketerp-Møller), რომელმაც ბიზნესი ათზე მეტი წლის წინ მცირე პერსონალით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ დანია და მისი სკანდინავიელი მეზობლები დიდი ხანია ამაყობენ ეგალიტარული (თანასწორობაზე დაფუძნებული) სამუშაო გარემოთი და ე.წ. ჰორიზონტალური ორგანიზაციული სტრუქტურებით, თუმცა კირკეტერპ-მიულერს ამ კონცეფციის კიდევ უფრო განვითარება სურდა – მან 2019 წლიდან დაიწყო მენეჯმენტის შრეების ეტაპობრივი შემცირება, რამაც საბოლოოდ მისი, როგორც გენერალური დირექტორის პოზიციის გაუქმება გამოიწვია. მთავარი მიზანი თითოეული თანამშრომლის სრული პოტენციალის რეალიზება იყო. იგი ამ ფაქტორს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს ავტომატიზებულ სამყაროში.

„ახალ ეპოქაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი (AI) ეფექტიანობასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს გადაიბარებს, სწორედ ადამიანური უნარები და ადამიანზე ორიენტირებული ბიზნესი გახდება კომპანიების განვითარებისა და ინოვაციების მთავარი საფუძველი“, – აღნიშნავს კასპერ კირკეტერპ-მიულერი.
კირკეტერპ-მიულერის გადაწყვეტილებას პრაქტიკული მოტივიც ჰქონდა. მისი მტკიცებით, მრავალშრიანი ორგანიზაციები ოპერატიულად ვერ მოქმედებენ, ვინაიდან თითოეული გადაწყვეტილება იერარქიულ ჯაჭვს უნდა გაჰყვეს.
კირკეტერპ-მიულერი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ხელმძღვანელების მოშორება სტრუქტურაზე უარის თქმას არ ნიშნავს, ამასთან, იგი ორგანიზაციებს უკიდურესობებში გადავარდნის რისკებზეც აფრთხილებს – სტრუქტურის ერთბაშად მოშლამ შესაძლოა კომპანია ქაოსში ჩააგდოს.
„Clever“-ის, დაახლოებით, 500 თანამშრომელი 50-ზე მეტ გუნდშია გადანაწილებული (გუნდში წევრების რაოდენობა 8-დან 12-მდე მერყეობს). თითოეული ჯგუფი კონკრეტული მიზნის ირგვლივ არის მობილიზებული, მკაფიოდ განსაზღვრული როლებით ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა რეკრუტირება და ადამიანური რესურსები (HR).
ტრადიციული მენეჯერული იერარქიის გაუქმების შემდეგ ჩატარებული შიდა აუდიტის თანახმად, „Clever“-ის თანამშრომელთა 92% აღნიშნავს, რომ ყოველ დილით სამუშაოზე სიამოვნებით მიდის.
მიმდინარე თვის დასაწყისში კირკეტერპ-მიულერმა კომპანია საბოლოოდ დატოვა, თუმცა დანიურმა ენერგეტიკულმა დისტრიბუტორმა „Andel“, რომელიც „Clever“-ს 2018 წლიდან ფლობს, პირობა დადო, რომ ამ არატრადიციულ სტრუქტურას უცვლელად შეინარჩუნებს.
