მოდი, დავფიქრდეთ: რამდენჯერ გვიკამათია საყვარელ ადამიანებთან? ყოველთვის ვეთანხმებით მათ ყველაფერში? განა ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ?
თუმცა, არსებობს ზოგადი ღირებულებები და ფასეულობები, რაც ერთმანეთთან გვაერთიანებს. სწორედ ასე ხდება მაშინაც, როცა ცხოვრების და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არჩევანს ვაკეთებთ.
ალბათ ერთადერთი იდეალური პარტია, რომელსაც ბოლომდე დაეთანხმებოდი და მხარს დაუჭერდი, შენი საკუთარი იქნებოდა. თუმცა, რადგან კენჭს არ იყრი, მაშინ ღირს დაფიქრება და კარგად მოძებნა, თუ რა მნიშვნელოვანი ღირებულება გვაკავშირებს ამა თუ იმ პარტიასთან.
პირველი ასეთი ღირებულება ქვეყნის საერთაშორისო კურსია. წაიკითხე, მოიძიე, დაუსვი კითხვები პარტიებს მათ სოციალურ არხებში. დღეს ხომ გვაქვს ამის ფუფუნება? პარტიები ღიად აცხადებენ, ვის როგორ წარმოუდგენია მეზობლებთან, დანარჩენ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
შემდეგი ნაბიჯი პარტიის მემარცხენე თუ მემარჯვენე იდეოლოგიაა. როგორ ფიქრობ, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა სხვადასხვა ინსტიტუტები სახელმწიფო ბიუჯეტით? როგორ წარმოუდგენია ამა თუ იმ პარტიას სიღარიბის აღმოფხვრა? თუკი შენი ბიზნესი ან სტარტაპი გაქვს, როგორ ბიზნეს-გარემოს სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს ესა თუ ის პარტია? როგორ უნდა ფინანსდებოდეს ან უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ჯანდაცვა სახელმწიფოსგან? თითოეულ მიმართულებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. თუმცა შენთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება ამ მხრივაც შესაძლებელია.
შემდეგ კი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანის უფლებებია. ამ მხრივ, ნებისმიერი პარტია ღიად აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები უზენაესია. თუმცა მაინც არის უმნიშვნელო დეტალები, რითაც შეიძლება არჩევანის გაკეთება. მაგალითად, თვლი თუ არა, რომ სავალდებულო ჯარი უნდა არსებობდეს თუ ფიქრობ, რომ ეს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება?
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ სენსიტიურ საკითხებში ეთანხმებოდე პარტიას, როგორიცაა: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; ბავშვთა უფლებები; ქალთა უფლებები; ლგბტ ადამიანების უფლებები; ხანდაზმულთა უფლებები; სეკულარიზმი; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და ა.შ.
სანამ 31 ოქტომბერი მოვა, კიდევ ერთხელ, კარგად გაეცანი თითოეული პარტიის დაპირებას და აირჩიე ვინც შენს ღირებულებებთან ყველაზე ახლოსაა.
შესაძლოა, არჩევანი მწირია, მაგრამ ეს არჩევანი შენი გასაკეთებელია. და თუ რამდენად არის მნიშვნელოვანი ამ ნაბიჯის გადადგმა, ამაში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი ვიდეორგოლი დაგარწმუნებს, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა. გახსოვდეს, ქვეყნის მომავალი ახლა შენს ხელშია! სრული კამპანიის სანახავად კი გადადი ბმულზე.