“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა ბიზნეს- იდეები, რომლებსაც ექნებათ წვდომა ისეთ შესაძლებლობებთან, როგორიცაა: ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა (14 000 ევრომდე),
კონსულტაციები და ტრენინგები ბიზნეს გეგმის წერისა და განვითარებისთვის, მარკეტინგი და გაყიდვები, რესურსების მობილიზება და სხვა.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა – 8 დეკემბერი.
კონკურსი ცხადდება ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ანა ილურიძე – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ გრანტების მენეჯერი საუბრობს.
– დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მსმენელებს შორის დამწყები სოციალური მეწარმეები არიან, ვისთვისაც ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. კარგია, რომ თქვენ გაქვთ საშუალება, შეარჩიოთ ეს საწარმოები.
მათი შერჩევის რა კრიტერიუმები გაქვთ?
– საგრანტო კონკურსი სრულიად საქართველოს მოიცავს და ძალიან ბევრი შეზღუდვა არ გვაქვს. ნებისმიერი თემა, რომელიც ბიზნესს ეხება, შეიძლება დაფინანსდეს. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ინოვაციები და ტექნოლოგიური იდეები სოციალურ მეწარმეობაში. 2009 წლიდან ვმუშაობ ამ სფეროში და ორი წელია, რაც ეს მიმართულება აქტიურად წამოვიდა.
რამდენიმე კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც საგრანტო კონკურსის დამოუკიდებელი კომისია შეარჩევს იდეებს.
ბიზნესმოდელი გამართული უნდა იყოს და რელევანტური დღევანდელი საზოგადოებისთვის და ბაზრისთვის.
მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი სოციალური მისია და ხედვები. საწარმოებმა დადებით ცვლილებებს უნდა მიაღწიონ. ეს უნდა იყოს გეგმაში გაწერილი.
ორი ძირითადი კრიტერიუმია: უნდა გვქონდეს მკაფიო სოციალური მისია, ანუ სწორი ხედვები და უნდა გქონდეს გამართული ბიზნესგეგმა სოციალური საწარმოსთვის.
– ჩემი აზრით, საგრანტო კონკურსში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის რომ თქვენ არამხოლოდ ფულს აძლევთ, არამედ ასწავლით კიდეც.
ბიზნესში ხშირად პირველ პრობლემად ბევრი ფულს ასახელებს, მაგრამ მეორე მთავარი თემაა განათლება, მათ შორის სპეციფიკური ბიზნეს-განათლება.
– სწორი შენიშვნაა. დამწყები სოციალური საწარმოებისთვის პირველი დახმარება ფინანსური დახმარებაა, ფინანსები აუცილებელია, რომ სტარტაპმა ფეხი აიდგას.
თუმცა საგრანტო კონკურსში ჩვენ გვაქვს ორი ეტაპი. პირველი ნაბიჯია, როდესაც იდეას წარმოადგენენ ძალიან მარტივი განაცხადის ფორმით და შემდეგ უკვე ჩვენი მოწვეული ტრენინგ ექსპერტები ხუთი კვირის განმავლობაში ონლაინ და ოფლაინ ვატარებთ ტრენინგებს.
ვასწავლით რა არის სოციალური მეწარმეობა, რა მოდელები არსებობს, ასევე ვასწავლით, რა არის ბიზნესმოდელი სოციალურ მეწარმეობაში. როგორ უნდა წარმართონ მარკეტინგი ეფექტურად და როგორაა შესაძლებელი დამატებითი რესურსების მობილიზება.
ასევე ვასწავლით, როგორ უნდა დაწერონ ჩვენი ბიზნეს-განაცხადი, რომელიც საკმაოდ კომპლექსურია.
მათ ხუთი კვირის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, რომ ტრენერების დახმარებით ბიზნეს-განაცხადი მოამზადონ, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და საბოლოოდ წარმოადგინონ გამართული ბიზნეს-განაცხადები.
გვქონია გამოცდილება, როდესაც ტრენინგების შემდეგ მიხვდნენ, რომ იმ ეტაპზე რესურსი არაა, ვერ გაართმევდნენ თავს სოციალურ მეწარმეობას და გამოთიშულან საგრანტო კონკურსს. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ჩვენ გვჭირდება გუნდი, რომელიც მზად იქნება, გაუმკლავდეს სირთულეებს, რაც სოციალურ მეწარმეობას მოჰყვება და ჩვენი დახმარებით გაართმევს თავს.
არჩეულ სოციალურ საწარმოებს დაფინანსების შემდეგაც ჩვენ ვუწევთ ტექნიკურ მხარდაჭერას, რადგან საჭიროებებიდან გამომდინარე ხშირად არის ხოლმე, რომ სჭირდებათ ბიზნესგეგმის გადახედვა, ახალი მოდელის განახლება, ან მარკეტინგული განახლება.
ასეთ დახმარებასთან ერთად ტექნიკურ მხარდაჭერასაც ვუწევთ ჩვენს პორტფელში მყოფ სოციალურ საწარმოს, სანამ ფეხზე არ დადგება და სტაბილურად არ წარმართავს მის სოციალურ მოდელს.
– ძალიან დიდი ხანია, ამ მიმართულებით საქმიანობთ და თქვენს გამოცდილებაზე რას გვეტყვით?
-2009 წლიდან სოციალური მეწარმეობის პროგრამას ვაკეთებთ და ამავე წლიდან გავცემთ ფინანსურ მხარდაჭერას, როგორც სტარტაპებისთვის ასევე სოციალური საწარმოებისთვის. ჩვენ პორტფელში დაფინანსების მიმართულებით არის დაახლოებით 50-მდე სოციალური საწარმო.
ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და „პური მსოფლიოსთვის“, ისინი სისტემატურად გვიჭერენ მხარს, რომ სოციალური საწარმოები გავაძლიეროთ და დავაფინანსოთ.
ჩვენ ტრენინგების გარეშეც გაგვიცია საგრანტო დაფინანსებები. თუმცა რეალობამ აჩვენა, რომ დამწყებ ეტაპზე მყოფ მეწარმეებს, აუცილებლად სჭირდებათ ტექნიკური დახმარება. დღეს საქართველოში 150-მდე საწარმოა რეგისტრირებული და ბევრი დღგ-ს გადამხდელი, შემოსავლიანი სოციალური საწარმოები გვყავს.
ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია, რადგან მეწარმეობას ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს.
– გამოჩნდნენ უკვე მსურველები?
– სამწუხაროდ განაცხადები ჯერ არ მიგვიღია. დანიშნული გვაქვს ორი საკონსულტაციო ონლაი შეხვედრა. თელავში ფიზიკურ სივრცეში უკვე ჩავატარეთ.
როგორც წესი 30-40 ადამიანი ესწრება ხოლმე შეხვედრას. ჩვენი საიტის მეშვეობით შესაძლებელია, ინდივიდუალური შენიშვნების ჩანიშვნა, როგორც ჩემთან, ასევე ჩემი გუნდის წევრთან, იმისთვის, რომ იდეა დახვეწონ და რისკები გათვალონ.
იმედი მაქვს, რომ კონკურსით სრულიად საქართველო დაინტერესდება.