რას სიახლეებია გათვალისწინებული „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს უფროსმა თამუნა კაკაშვილმა ისაუბრა.
რას სიახლეებია გათვალისწინებული „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით?
მიმდინარე წლის 9 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის ავტორს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და ეფექტიანი ხარჯვის გაუმჯობესებას, საჯარო შესყიდვებში მონაწილე ბიზნეს-სუბიექტების რაოდენობის ზრდას, ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფას, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას და ევრო-დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო შესყიდვების სისტემის განახლებასა და მოდერნიზებას.
მნიშვნელოვან რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები, იცვლება შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი და ინერგება ახალი ინსტიტუტები, რაც მაქსიმალურად გააჯანსაღებს პროცესს და შეუსაბამებს მას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
ცვლილება ეხება ყველაფერს, სფეროს დასახელებიდან დაწყებული, ახალი პროცედურებითა და ინსტრუმენტებით დამთავრებული. ტერმინი – „სახელმწიფო შესყიდვები“ ნაცვლდება ტერმინით – „საჯარო შესყიდვები“, რაც აზუსტებს პროცესს და ამავდროულად, წარმოაჩენს სფეროს ფართო მნიშვნელობას.
კანონის სიახლეს წარმოადგენს ისეთი პროცედურები, როგორიცაა შეზღუდული პროცედურა, კონკურენტული დიალოგი, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა და ინოვაციური პარტნიორობა. აღსანიშნავია, რომ კონკურენტულ დიალოგსა და ინოვაციურ პარტნიორობაში სავალდებულო იქნება ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის გამოყენება. რაც შეეხება საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტებს, კანონით ინერგება საჯარო შესყიდვის ისეთი ახალი ინსტრუმენტები, როგორებიცაა ჩარჩო შეთანხმება და დინამიკური შესყიდვის სისტემა. აღნიშნული ინსტრუმენტები უფრო მოქნილს გახდის საჯარო შესყიდვის პროცესს და ხელს შეუწყობს შემსყიდველი ორგანიზაციების ფუნქციონირების უწყვეტობას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გამარტივებული შესყიდვების შემცირებით კუთხითაც.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები შეიძლება დაეფუძნოს დაბალ ფასს, ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობას ან ეკონომიკურ ეფექტიანობას. საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმი უნდა უზრუნველყოფდეს ეკონომიკურად ყველაზე მოგებიანი წინადადების გამოვლენას.
აღსანიშნავია, რომ კანონის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი.
რა მექანიზმებია გათვალისწინებული კანონში კერძო სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით?
მიღებული კანონი, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ეფექტიან მექანიზმებს საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი სახსრების რაციონალურად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა დაცვით განსახორციელებლად, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის განჭვრეტად და მოქნილ გარემოს საჯარო შესყიდვის პროცედურებში ბიზნეს-სუბიექტების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
კანონის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება შესყიდვის პირობებში დაასაბუთოს საჯარო შესყიდვის ლოტებად დაყოფის შეუძლებლობა, თუ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების წლიური ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის მონეტარულ ზღვრებს. წესრიგდება ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული საკითხები და მთლიანობაში, კანონით გათვალისწინებული ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორის კონსტრუქციულ და შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას.
რა სიახლეებია გათვალისწინებული შავ სიასთან მიმართებით და როგორია შავ სიაში დარეგისტრირების პროცესი?
კანონი ითვალისწინებს არაერთ სიახლეს შავ სიასთან მიმართებით. იცვლება შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები, ასევე შავ სიაში რეგისტრაციის ვადა, რომელიც დიფერენცირებულია და შეადგენს სამ, ორ ან ერთ წელს, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით. ამასთან, სიახლეს წარმოადგენს ის, რომ ინერგება ე.წ. თვითწმენდის მექანიზმი – შავი სიიდან ეკონომიკური ოპერატორის ვადაზე ადრე ამოღების შესაძლებლობა, თუ იგი მიიღებს კანონით გათვალისწინებულ სათანადო ზომებს. რაც შეეხება შავ სიაში დარეგისტრირების პროცესს, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, სააგენტო შავი სიის ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. სწორედ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკური ოპერატორის შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონის თანახმად, საჯარო შესყიდვაში მონაწილეობა ეკრძალება იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის დამფუძნებელი ან/და წილის მფლობელი არის შავ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი.
კანონის თანახმად, სავალდებულო იქნება საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება. რა მოლოდინები არსებობს სავალდებულო სერტიფიცირებასთან მიმართებით?
საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება 2029 წლიდან იქნება სავალდებულო და სერტიფიკატს სერტიფიცირების საფუძველზე გასცემს სააგენტო. სერტიფიცირების მიზანს წარმოადგენს შესყიდვების პროცესის ხარისხის გაუმჯობესება, ხარვეზების შემცირება და შესყიდვებში მონაწილე მხარეების ნდობის კიდევ უფრო მეტად ამაღლება სისტემის მიმართ. საჯარო შესყიდვების სპეციალისტების გადამზადება ხელს შეუწყობს შემსყიდველი ორგანიზაციების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და მთლიანობაში დაეხმარება რეფორმის სრულფასოვნად განხორციელებას.