LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოიპოვება საოკუპაციო ზოლის სოფლებში – ცხინვალის რეჟიმმა მიწების მიტაცების ახალი საბაბი გამოძებნა

ცხინვალის ოკუპანტმა ხელისუფლებამ ქართული მიწების მიტაცების ახალი საბაბი გამოძებნა. დე ფაქტო რეჟიმი უკვე გავლებული მავთულხლართების და ბანერების გადმოწევას, ამჯერად „ისტორიული საზღვრების აღდგენის“ მიზეზით გეგმავს.

ისტორიული საზღვრები“ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი საბაბით მოიკითხა, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის, პეტრე გასიევის თქმით, საუბარია სასარგებლო წიაღისეულის ბუდობებზე (მარმარილოს საბადოებზე), რომლებიც “ჯადოსნობით” აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის.“ გასიევის განცხადებით, ეს მათი მიწაა, რომლის თითოეულ კილომეტრს ოქროს ფასი აქვს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხის გამოსაძიებლად, კომისიის შექმნასაც კი გეგმავს. დე ფაქტო პარლამენტის ვიცე სპიკერის, რუსლან თედეევის განცხადებით, პროცესის საფუძვლად ზნაურის რაიონის მცხოვრებთა მიმართვა იქცა, იმის შესახებ, რომ სოფელ წნელისის ნაწილი „საზღვარს“ მიღმა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნება კომისია, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკასთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხს“ შეისწავლის – ამბობს თადეევი. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად საოკუპაციო რეჟიმი ” ისტორიულ რუკებს” იშველიებს.

„გვაქვს 1922 წლის 20 აპრილის დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ და ადმინისტრაციული საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის 1931-1936 წლებში შედგენილი რუკების ასლები და ეს ყველაფერი უნდა შევისწავლოთ,“ – განაცხადა თედეევმა.

 

საქართველოს ხელისუფლების რეაქცია – განცხადებები

 

 

 

სოფელ წნელისზე პრეტენზიის გამოცხადებას მორიგ პროვოკაციას და ყველა ნორმის დარღევას უწოდებენ საქართველოს ხელისუფლებაში.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ცხინვალის მიერ წამოწყებული პროცესი ყველანაირ ლეგიტიმაციას მოკლებულია, თუმცა საყურადღებოა, რომ ამ ფაქტს რაიმე პროვოკაცია არ მოჰყვეს და იქ მაცხოვრებლების უსაფრთხოება და ჰუმანიტარულ მდგომარეობა არ გართულდეს.

დე აფქტო ხელისუფლების პოზიციას ყველანაირი ნორმის დარღვევად აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

“ყველა ეს საკითხები განიხილება ჟენევის ფორმატში. ბუნებრივია, არანაირი სამართლებრივი შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს, ყველანაირი ნორმის დარღვევაა. ამას არავინ უჭერს მხარს, არცერთი ჩვენი საერთაშოროსო პარტნიორი, ვინც აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,” – განაცხადა ზალკალიანმა.

რას აბობს რუკები და რა წიაღისეულია ქართულ სოფლებში

 

 

გარდა მიწისა, ოსური მხარე პრეტენზიას  ბუნებრივ წიაღისეულზეც აცხადებს, რაც ამ ტერიტორიაზე მოიპოვება. მარმარილოს კარიერსა და რამდენიმე დოლომიტის მომპოვებელი საწარმოში 30-მდე ადამიანია დასაქმებული.საზღვრის გადმოწევის შემთხვევაში, ეს საწარმოები საოკუპაციო რეჟიმს დარჩება.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამოწყებული საზღვრის დემარკაციის პროცესი რომ ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებულია და უკანონოა, ამაზე ისტორიკოსებიც საუბრობენ.

თსუ-ის პროფესორი, ისტორიკოსის, გოგი ოთხმეზურის თქმით, ტერიტორია, რომელზეც ახლა პრეტენზიას საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, ისტორიულად საქართველოს კუთვნილებაა და მეფის რუსეთის დროს შექმნილი რუკებით და დოკუმენტებითაც კი საქართველოს შემადგენლობაშია.

„წნელისი ისტორიულად შედიოდა ზნაურის რაიონში, ეს ტერიტორია მთლიანად, მეფის რუსეთის დროს ყველა მონაცემით და რუკით და მანამდეც, გეორგიევსკის ტრაქტაქტისას გაკეთებული რუკით, საქართველოს შემადგენლობაშია.

მას შემდეგ, რაც ზნაური, ახალგორი და ჯავის რაიონები ხელოვნურად შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქით გამოიყო, ამას იქ მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი და გამოსვლები მოჰყვა. ქართული სოფლების მოსახლეობას არავითარ სამხრეთ ოსეთში ცხოვრება არ უნდოდათ, ახლა როცა იქაურობა ეთნიკური ქართველებისგან დაცალეს, ნებისმიერ განცხადებას გააკეთებინებენ მათ სასარგებლოდ. არა თუ ძირძველ ქართულ სოფელ წნორისზე, ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ ერთეულ სამხრეთ ოსეთზე მათ არავითარი იურიდიული უფლება არ აქვთ,“ – ამბობს გოგი ოთხმეზური „ფორტუნასთან“.

 

ის, რომ საოკუპაციო რეჟიმსა და თავად ოკუპანტ ქვეყანას საქართველოს ისტორიული რუკები და ტერიტორიული მთლიანობა არ აღელვებს, ყველასთვის ცნობილი ფაქტია, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული სტანდარტული განცხადებებიც უკვე გაკეთებულია. რა ქმედებები მოყვება დე ფაქტო რეჟიმის განცხადებებს, ქვეყანა კვლავ მოლოდინის რეჟიმში რჩება.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g