LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდა მარნეულში: შეგვეცოდება, ცრემლებს დავღვრით და ხმას მივცემთ?

211
55

მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მარნეულში განვითარებული მოვლენები პროვოცირებულია იმ პოლიტიკური გუნდიდან,  რომელიც გამოცდილია და დაძაბულობა ხელს აწყობს.

გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია, რომ დაველოდოთ სამართალდამცველი ორგანოების გამოძიების შედეგებს და არ უნდა დავუშვათ, რომ დაძაბულობის ტალღამ გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი და მოხდეს იმ ცუდი პროცესების ექსპორტი, რომელიც ჩვენს სამეზობლოში ხდება.

„არ უნდა დაუშვას ჩვენმა საზოგადოებამ ის, რომ ახდეს მავნებლური პოლიტიკური ძალების ოცნება და დაპირისპირება გახდეს წინასაარჩევნო მთავარი დამახასიათებელი ნიშანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ნაცემი ჟურნალისტთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით, „არ გაპატიებთ“.

რა მოხდა მარნეულში და ვის აწყობს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მარნეულში დაძაბულობა, ამ კითხვით „ფორტუნამ“ ექსპერტებს მიმართა. 

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მსგავსი ინციდენტები არ უნდა გვიკვირდეს, რადგან ეს ყველაფერი ბევრჯერ უკვე გვაქვს გამოვლილი.

რატომ ხდება თითქმის ყველა არჩევნების წინ არეულობა მაინცდამაინც მარნეულში?

მარნეული სამწუხაროდ არ წარმოადგენს ერთადერთ ცხელ წერტილს, ძალადობის ინციდენტებს ადგილი ჰქონდა სხვა რეგიონებშიც. არ ვგულისხმობ მხოლოდ მიმდინარე წლის არჩევნებს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კორცხელის ინციდენტი მოხდა, ზუგდიდში ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ყუთები გაიტაცეს. მოკლედ, ეს არაა პირველი შემთხვევა. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თავისი ერთგულება პარტიას მათ შორის ძალადობრივი გზით დაუმტკიცონ.

არეულობა ვის აწყობს?

შეიძლება ეს ხელისუფლების წისქვილზე წყალს არ ასხამს, მაგრამ ფაქტია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამით ერთგულებას უმტკიცებენ ხელისუფლებას. მათ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ და თვითრეალიზებას ამ გზით ცვდილობენ. ის ინტელექტით ოპონენტს ვერ აჯობებს და ფიქრობს, მე რომ ამას ჩავიდენ, მფარველი მყავს ხელისუფლების სახით, არ დავისჯები და ფაქტობრივად  ამის პრეცენდენტები არსებობს. თუნდაც კორცხელის ინციდენტი გავიხსენოთ. არავინ დასჯილა, მხოლოდ ჯარიმები გამოუწერეს ადამიანებს, მაშინ  როცა სისხლის სამართლის დანაშაული იყო ჩადენილი.

31 ოქტომბრამდე შეიძლება მსგავსი ინციდენტები ვიხილოთ. ღმერთმა ქნას, რომ ეს არ მოხდეს. თითქოს ხელისუფლებას დაძაბულობა არ უნდა აწყობდეს, მმართველ პარტიაზე ნეგატიურად აისახება, მაგრამ არიან ხელისუფლებაში ისეთები ვინც ფიქრობენ, რომ ასეთი გზით შეიძლება ოპონენტები დავაშინოთო.

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძის აზრით, მსგავსი ინციდენტები ამომრჩეველზე ვერანაირ გავლენას ვეღარ მოახდენენ.

მარნეულში ასეთი არეულობა პირველად არ ხდება. აქ ყველა ყველას იცნობს. მუშტიკრივზე არიან გადასულები. ხან „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებს გალახავენ და „ნაციონალების“. ერთი მხარე რომ გალახავს, მერე მეორე მხარე „აბაროტს“ აუღებს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. მგონია, რომ ამ დაპირისპირებების ქვეშ რაიმე სერიოზული აზრი იდოს, გარდა იმისა, რომ „მე რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკე ვარ“.
ასეთ პატარ პატარა ექსცესებს ყველგან უნდა ველოდოთ. ქართველებს სამხრეთული ტემპერამენტი გვაქვს და მუშტი-კრივის გარეშე არ შეგვიძლია. ყველა არჩევნებზე ასე ხდება. ნუთუ გაკვეთილებს ვერ ვსწავლობთ?

ფაქტია, ჯერ ვერ ვისწავლეთ და თქვენი აზრით, ასეთი დაპირისპირებებით ქულებს რომელიმე მხარე იწერს?

რა თქმა უნდა, ქულებს ვეღარავინ დაიწერს. ჰგონიათ, რომ მე და თქვენ შევხედავთ, შეგვეცოდება ან ერთი ან მეორე მხარე, ცრემლებს დავღვრით  და მივცემთ მათ ხმას. ესე არ ხდება. ნორმალურ ხალხს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, ვის მიცემს ხმას.  ეს არის ქართული ხასიათისა და ქართული ტემპერამენტის დამსახურება. არ მგონია, რომ ამას საფუძვლად ძალიან ღრმა, ფილოსოფიურად ნააზრევი პოლიტიკური ტექნოლოგია ედოს. როგორც ერთმა ჩვენმა მეგობარმა თქვა, ქართველებს დიდი ამბიციები გვაქვს და შესაძლებლობები და აზროვნები პატარა. ყველაფერი ამის ბრალია.

magti 5g