LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდება თუ უვიზო მიმოსვლის წესებს დავარღვევთ?

183

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე საქართველოს რამდენიმე დღეღა რჩება, შესაბამისად, საკითხი: რას გვიზამენ თუ უვიზო მიმოსვლის წესებს დავარღვევთ, უფროდაუფრო ატუალური ხდება.

იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღებისას, უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ამ დოკუმენტებთან ერთად, გადაეცემა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მომზადებული სპეციალური ბროშურები.

იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისათვის აქტიური საინფორმაციო კამპანია გასული წლის აპრილიდან დაიწყო. უკვე გაცემულია 265 000-მდე ბროშურა,რომელშიც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რაც საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, ბროშურაში დეტალურადაა გაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, ჩამონათვალი ქვეყნებისა, სადაც უვიზოდ მოგზაურობაა შესაძლებელი; ვიზიტის ხანგრძლივობა და მიზანი; საჭირო დოკუმენტების ნუსხა. საინფორმაციო კამპანიის მიზანია, სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) მიღების დროს, საქართველოს მოქალაქეების დროული ინფორმირება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის აუცილებელი წესების შესახებ. ამასთან, რადგანაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის თარიღი ახლოვდება, მოქალაქეები საინფორმაციო ბროშურებს უკვე არა მხოლოდ პასპორტთან, არამედ ახალ პირადობის მოწმობასთან ერთადაც მიიღებენ.

ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში შეძლებენ. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი და შვედეთი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შეეძლებათ, აგრეთვე, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანასა (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) და შენგენის კანდიდატ ქვეყნებში (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია). თუმცა, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ იმოგზაურებენ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

”ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 თვის ვადით. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურიზმი, ოჯახის წევრების, ნათესავების ან/და ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა და სხვა.

• შენგენის ზონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ გაემგზავრებიან უმაღლესი განათლების მიღების, ან დასაქმების მიზნით.

• მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი შეიძლება დაინტერესდეს, თუ რა არის ვიზიტორის მგზავრობის კონკრეტული მიზანი. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი საბუთები: საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები).

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. თუ პირი აღნიშნულ ვადას დაარღვევს, მას გააძევებენ ამ ქვეყნიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას 5 წლამდე ვადით აუკრძალავენ. ალტერნატივის სახით, საქართველოს მოქალაქეს შესაძლოა, დააკისრონ 3,000 ევრომდე ოდენობით ჯარიმის გადახდა“, – განმარტავენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g