LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პირობით ჩამოეწერებათ ფიზიკურ პირებს უიმედო ვადაგადაცილებული სესხები?

83

ფიზიკურ პირებს უიმედო ვადაგადაცილებული სესხები ჩამოეწერებათ თუ  ისინი ბანკის მიერ შემუშავებულ შიდა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის პროექტიც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა დავით ონოფრიშვილმა მოამზადა.

როგორც ”ფორტუნას” დავით ონოფრიშვილმა განუცხადა, ფიზიკურ პირებს, რომლებიც ვადაგადაცილებულ, უიმედო სეხსხებს უკვე წლებია ვერ იხდიან, და ამავე დროს მათ შესაბამისი ქონება/შემოსავლები აღარ აქვთ, შეეძლებათ მიმართონ შესაბამის კომერციულ ბანკს ვალდებულების ჩამოწერის თხოვნით.

კანონპროექტის მიხედვით, ეს შეეხებათ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ფინანსური ინსტიტუტისაგან მიღებულ სესხზე ვადაგადაცილება 2014 წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ.

”ამის შიდა კრიტერიუმებს ყველა კომერციული ბანკი თვითონ განსაზღვრავს. კანონის მთავარი არსი ის იყო, რომ ასეთი ჩამოწერის შემთხვევაში არც ბანკი და არც ფიზიკური პირი არ გადაიხდის გადასახადს. ანუ საუბარია ბანკისთვის 15%-იან მოგების გადასახდზე და საშემოსავლო 20%-ზე ფიზიკური პირისთვის. ანუ რის გამოც პრაქტიკულად, ასეთი ჩამოწერები არ ხდებოდა, ბანკს სურვილიც რომ ჰქონოდა, რადგან მაშინ ჩამოწერილ თანხაზე, თუ ის მაგალითად 1000 ლარი იქნებოდა, 150 ლარი ბანკს უნდა გადაეხადა და 50 ლარი კლიენტს. დღეს ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, ასობით ფიზიკურ პირს, რომლებიც ამ კატეგორიაში გადიან – წლებია ვერ ემსახურებიან ვალს და ხანდაზმულობის ვადასთანაც ახლოს არიან, მაღალი ალბათობით ჩამოეწერებათ უიმედო სესხები. ბანკი იმსჯელებს და შესაძლებლობის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას” – განუცხადა ”ფორტუნას” ონოფრიშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ უნდა დაამტკიცოს, რომ კონკრეტულ პირს შემოსავლები აღარ აქვს, ონოფრიშვილის განმარტებით, ეს ბანკსა და ფიზიკურ პირს შორის მოლაპარაკების ნაწილი იქნება. ინიციატივის ავტორი ფიქრობს, რომ ეს ადვილი დასამტკიცებელია.

”თუ ფიზიკური პირი სახელმწიფო სექტორშია, არ იხდის გადასახადებს, საშემოსავლოს, ეს ჩანს ხოლმე. გარდა ამისა, ბანკებშიც ჩანს, რომ ვალს ვერ ემსახურება, ხოლო როცა ვერ ემსახურება, მაშინ ქონება აქვს ჩადებული.  იპოთეკური იყო, შესაბამისი ქონება აღსრულებაზე უნდა იყოს გადაცემული და უკვე გაყიდული. ბევრ მოქალაქეს ამ ყველაფრის მერეც კი ვალი რჩება ბანკის მიმართ, როცა მათ ის ქონებაც კი აღარ აქვთ, რაც ჩადეს თავის დროზე. ასეთ კატეგორიას ყველაზე მაღალი შანსი აქვს, რომ ბანკი აპატიებს და ეს ძალიან ბევრ ადამიანს შეეხება,” – აღნიშნა ონოფრიშვილმა.

უცნობია, რამდენ ფიზიკურ პირს შეეხება აღნიშნული ინიციატივა და ჯამში რა სავარაუდო ოდენობის უიმედო სესხი დაგროვდა 2014 წლის 1 იანვრამდე. ინიციავის ავტორის თქმით, ეს ბანკების მხრიდან გასაიდუმლოებული ინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g