LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემები აქვთ სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებს?

97

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმნისტრაციულ შენობაში ბიზნესმენებთან სააგენტოს თავმჯდომარის მეათე შეხვედრა გაიმართა. ლევან რაზმაძე ამჯერად, შესყიდვებში მონაწილე სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდეს ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე წარმოადგინეს საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის გზები.

ბიზნესსფეროს წარმომადგენლებმა რამდენიმე კონკრეტული პრობლემა დაასახელეს, მათ შორის, ფასწარმოქმნის არაადექვატურობა, ყალბი ცნობები, სამდონიანი ელექტრონული ტენდერები და რესურსულ ხართაღრიცხვაში ძველი ნორმატიული აქტებით სარგებლობა.

შპს ”ივერია 7-ის” თავმჯდომარის გია გოთუას განცხადებით, ის შესყიდვების სააგენტოს ამ ინიციატივაში თავიდანვე ჩაერთო, რადგან ხედავს რომ შეხვედრებს ფორმალური სახე არ აქვს.

”იმის მიუხედავად, რომ უკეთესობაა, პრობლემები მაინც არსებობს. შეკვეთების ხარჯთაღრიცხვებს ძველი, კომუნისტური დროინდელი ნორმატივებით ადგენენ. სამწუხაროდ, არ მოინახა იმის დრო, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. მაგალითად, მშენებლობაში 4 ლარზე მეტი არ არის სამღებრო სამუშაოები, როცა 10 ლარზე ნაკლებად კვალიფიციურ კადრს ვერ ნახავ. ამ რესურსის გამოძებნა შემდეგ უკვე საკუთარი მოგების ხარჯზე ხდება”, – განაცხადა გია გოთუამ.

ლევან რაზმაძემ პრობლემების ნაწილის არსებობა დაადასტურა და განაცხადა, რომ რამდენიმე მათგანი, მათ შორის სამდონიანი ელექტრონული ტენდერების პრობლემები უკვე გადაჭრილია. იმ ხარვეზებზე კი რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს, მუშაობა მიმდინარეობს.

რაზმაძის ცნობით, სწორედ სამდონიან ელექტრონულ ტენდერებში ხარვეზების გამო, დაიწყო დახურული ტენდერები, რომლებიც სულ მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.

ის შეხვედრაზე მყოფ ბიზნესმენებს შეჰპირდა, რომ წლის ბოლომდე ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება.

”დღეის მდგომარეობით უკვე მოგვარებულია ის პრობლემები, რომლებზეც ბიზნესსფეროს წარმომადგენლები ჩვენთან საუბრობდნენ. ეს არის თანხის არადროული გადახდა, არაადექვატური ჯარიმები და ა.შ. შეთანხმებები მიღწეულია და შესაბამისი ნორმატიული აქტებია გამოცემული, რომელიც არეგულირებს ამ ყველაფერს”, – განაცხადა გია გოთუამ.

შემდეგი მეთერთმეტე შეხვედრა 28 სექტემბერს ჩატარდება, სადაც მიწვეულები იქნებიან ტანსაცმლის სფეროში დასაქმებული მიმწოდლებლები. მომდევნო შეხვედრები დაგეგმილია ბეჭდვისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების, ასევე დასუფთავებისა და სანიტარული ღონისძიებების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.

ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g