წინასწარი ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში კლუბები გაიხსნება. ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ფეისბუქზე წერს. ახლა მთავრობა კლუბებთან ერთად უსაფრთხოების ზომების დაცვაზე მუშაობს. ამ სიახლეს წინ 3 დეკემბერს კლუბ „ხიდში“ გამართული ღონისძიება უძღოდა, რასაც „ხიდის“ დაჯარიმება და დალუქვაც კი მოჰყვა.
რა ეტაპზეა საქმე და როგორ ხვდებიან კლუბები გახსნის გადაწყვეტილებას, თემაზე სოფო ებრალიძეს, კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელს ვესაუბრებით.
-პირველ რიგში გვითხარით, რა ხდება თქვენს კლუბთან დაკავშირებით. 3 დეკემბერს მეც ვიყავი თქვენთან. ძალიან მკაცრი შემოწმება გავიარე. „მწვანე პასპორტიც“ დეტალურად შეამოწმეს. ინფექცია ვის და როდის ჰქონდა გადატანილი, ვის ჰქონდა აცრები გაკეთებული, ყველაფერი დეტალურად გაარკვიეს, მაგრამ ამის მიუხედავად შრომის ინსპექციამ დააჯარიმა და დალუქა კლუბი. ამ მიმართულებით რა სიახლეა?
– ამ ეტაპზე ვიმყოფებით ლუქის ახსნის პროცესში. ტექნიკური ნაწილია გასაკეთებელი, რომლის შემდეგ დაგვპირდნენ, რომ ლუქს აგვხსნიან.
ჯარიმას კი აუცილებლად გავასაჩივრებთ. 21 თვეა კლუბები ვერ მუშაობენ საქართველოში და ამ დროის განმავლობაში ძალიან დიდი ფინანსური ზარალი მივიღეთ. იმდენი ზეწოლა დაგვაწვა ამ კუთხით, რომ ახლა დამატებით 10 ათასი ლარით გადახდის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს.
განვმარტავ, რატომ ჩატარდა ღონისძიება 3 დეკემბერს კლუბში. დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან ერთად ვამუშავებთ როგორ შეიძლება, რომ კლუბებმა დაიწყონ ფუნქციონირება, უსაფრთხოდ რეგულაციების დაცვით, ამ პროცესის ფარგლებში ჩატარდა 2 კვლევითი წვეულება ღია და დახურულ სივრცეში.
8 ოქტომბერს გაიმართა ღონისძიება- „კლუბი ხიდი“ . სადაც შემუშავდა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ადამიანები უნდა შემოსულიყვნენ, ღონისძიებაში მონაწილე ადამიანები ჩაერთნენ კვლევაში. როგორც კი დატოვებდნენ კლუბის ტერიტორიას, ექვსი დღის განმავლობაში ხდებოდა მონიტორინგი ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და კვლევის შედეგად მივიღეთ 0, 55 % ვირუსის გავრცელების. ეს ძალიან დაბალი რიცხვია. 1500 კაცში შვიდი ადამიანი დაინფიცირდა და ამასთან ვერ ვიტყვით, რომ ისინი მაინცდამაინც კლუბში დაინფიცირდნენ.
ამის შემდეგ ჩვენ უკვე შემუშავებული პროტოკოლით გვქონდა და გვეგონა, რომ ოქტომბრის ბოლოს შევძლებდით მუშაობის დაწყებას. მაგრამ ეს დროში ძალიან გაიწელა. დეკემბრის დასაწყისში უკვე ვიცოდით, რომ ყველა შემთხვევაში უნდა გავხსნილიყავით.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირველ დეკემბერს ჩვენ სიაში არ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ სფეროს შეეხო რეგულაციების შემსუბუქება.
რეგულაციების შემსუბუქება ასე გამოიყურებოდა – ყველას მინუს კლუბები. ამიტომ 3 დეკემბერს ჩვენთან იყო „განგაშის წვეულება“, იმისთვის, რომ ყურადღება მიგვექცია, რადგან პროცესის ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მუშა პროცესში მიდიოდა, რომელსაც ბოლო აღარ უჩანდა. ჩვენი მუშაობის დაწყების რამდენიმე კონკრეტული თარიღი გადაიდო. ამიტომ ჩავატარეთ ღონისძიება 3 დეკემბერს. ამით, პირველ რიგში, იმის თქმა გვინდოდა, „მოგვაქციეთ ყურადღება“.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბები დახურული იყო და ჩვენ ამ წესს ვიცავდით, გაჩნდა პატარ-პატარა ადგილები, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი თავისუფლად იკრიბებოდა ღია და დახურულ სივრცეებშიც და მათ მიმართ არანაირი რეაგირება არ ხდებოდა.
უსამართლობის განცდა გვეუფლებოდა და ამის გამო სამ დეკემბერს გავაკეთეთ პირველი ღია და უსაფრთხო ღონისძიება, რომელსაც „საკლუბო ღამე“ ერქვა.
-საუბარია, რომ 17 დეკემბრიდან გაიხსნება კლუბები, მანამდე კი კახა კალაძემაც განაცხადა, ალბათ კლუბები უნდა გაიხსნასო და შრომის ინსპექციამაც გააკეთა განცხადება, რომ ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებაზე მიდის მუშაობა.
ზოგმა კლუბებში ცეკვის გარეშე ყოფნაც გვირჩია.
– გუშინ როდესაც სპიკერმა განაცხადა, რომ არის კლუბები, სადაც ცეკვა აკრძალულია, ისიც უნდა აღინიშნოს რომ თუნდაც იგივე ბერლინში უკვე იმდენი ხანია გაიხსნა კლუბები, რომ უკვე რაღაც ნაწილი შეიზღუდა და რაღაც ნაწილი გაიხსნა.
ჩვენ 2020 წლის მარტიდან მოყოლებული ვართ ამ პროცესში, რომ ველოდებით, როდის შევძლებთ მუშაობის დაწყებას. როგორც იქნა, დადგა ის კონკრეტული თარიღი 17 დეკემბერი, როდესაც პროტოკოლის მიხედვით დავიწყებთ მუშაობას.
-კლუბებში რა პროტოკოლი იქნება?
– ვენტილაციის სისტემასთან დაკავშირებული მკაცრი მოთხოვნაა. აქვე ვიტყვი, რომ 8 ოქტომბერს კლუბი „ხიდი“, როგორც კვლევითი ნაწილი აირჩა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვენტილაციის ძლიერი სისტემა გვაქვს. თავიდანვე ვაკმაყოფილებდით ამ მოთხოვნას, რაც შემდეგ უკვე პროტოკოლშიც გაიწერა,
-ანუ თქვენთან ოდესღაც რომ კოვიდი გადატანილი აქვთ, მათ არ შემოუშვებთ?
-რა თქმა უნდა, არა. ჩვენ თავიდანვე უარი ვთქვით სწრაფ ტესტებზე და კოვიდის უსასრულო მწვანე სტატუსზე.
ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ჩვენთან მაქსიმალურად მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების პრევენცია.
-ვიცი, რა მძიმე პერიოდი გაიარეთ. სხვა ბიზნესებმაც, მაგრამ თქვენ ყველაზე მეტად „დაგარტყათ“ პანდემიამ, თუკი ვინმეს რამე შეღავათი შეეხო, ეს არ იყო კლუბები. ღია სივრცეში ჩატარებულ ღონისძიებებზეც კი ჯარიმებს წერდა შრომის ინსპექცია. იყო საუბარი მერიის მხრიდან დახმარებაზე. გამოიყო კიდეც გარკვეული დახმარება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, იმიტომ რომ კლუბი ხომ არაა მხოლოდ გასართობი დაწესებულება, აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ოჯახებს არჩენენ, თვითონაც დასაქმებულები არიან და ფაქტობრივად ორი წელი ეს ადამიანები დარჩნენ შემოსავლებისა და ხელფასის გარეშე. რამდენად დაგეხმარათ გამოყოფილი დახმარება?
– აბსოლუტურად სწორს ბრძანებთ, აქ იმის გარდა, რომ კლუბს თავისი კონკრეტული ვალდებულებები აქვს, ეს იქნება ფინანსური, საბანკო ვალდებულება თუ სხვა, ათობით ადამიანი ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩა.
როგორც თანამშრომლები, ისე არტისტები და ის ადამიანები, რომლებიც ყოველ პარასკევს და შაბათს ჩართული იყვნენ კლუბის გამართულ საქმიანობაში.
გაზაფხულზე მერიისგან გარკვეული ფინანსური დახმარება მივიღეთ, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში ზღვაში წვეთია.
ეს იმისათვის იყო, რომ ზაფხულამდე როგორმე მიგვეღწია და ვფიქრობდით, რომ ზაფხულში უკვე შეგვეძლებოდა ფუნქციონირების განახლება.
მაგრამ მოხდა ისე, რომ ზაფხულში ჩვენს მიმართ რეგულაციები არც შემსუბუქდა და ფაქტობრივად უფრო გამკაცრდა კიდეც.
ჩვენთვის ყოველი გაცდენილი პარასკევი და შაბათი ძალიან მძიმე ტვირთი იყო. ახლაც თუ მუშაობას არ დავიწყებდით, ნიშნავდა რომ ხიდის მფლობელს ჩამოერთმეოდა ქონება.
ეს შეგვიძლია განვაზოგადოთ ვფიქრობ სხვა კლუბებზეც და რაც მთავარია, თანამშრომლებზეც, რომლებიც ამ ყველაფერზე პირდაპირდამოკიდებულები არიან.
-შესაძლებელია ივენთები დაიგეგმოს თუნდაც საახალწლოდ. დეკემბრის ბოლო და იანვარი აქტიური თვეა საკლუბო სივრცეებისთვის, უცხოელ დიჯეებთან თუ იგეგმება მოლაპარაკებები და მათი ჩამოყვანა.
-ჩვენ ვმუშაობთ შემდეგი სისტემით. გვყავს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი რეზიდენტი არტისტები და მოწვეული სტუმრები.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვერთვებით ისევ იმ ფერხულში, გლობალური დატვირთვით და მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა დროულად აღვადგინოთ, დავეწიოთ იმ ქალაქებს, რომლებმაც ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაითქვეს სახელი. თბილისი 2020 წლის მარტამდე მსოფლიო მასშტაბით წამყვან ქალაქს წარმოადგენდა ელექტრონული მუსიკის მიმართულებით.
-გვახსოვს და იმედია, ძველ დიდებას დავიბრუნებთ.
-ახლა ფაქტობრივად ზღვარზე გავდივართ. იმიტომ რომ ბევრმა დაიწყო მუშაობა, გაჩნდა ახალი წერტილი კიევის სახით და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დროულად დავუბრუნდეთ სამუშაო სივრცეებს, იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ისევ ის ადგილი, რომელიც ძალიან დამსახურებულად გვქონდა ამ ბოლო წლების განმავლობაში.
17 დეკემბრიდან, როდესაც ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უწყვეტი პროცესი და არ მოგვიწევს გახსნა და დახურვა.
ასევე იმედი მაქვს, ადამიანები გაგებით ეკიდებიან მწვანე პასპორტის სისტემას და აქვე აღვნიშნავ, რომ სამ დეკემბერს კლუბში შემოსული ადამიანების 80% სრულად ვაქცინირებული იყო.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ ერთ ბიძგს მივცემ იმ ადამიანებს, ვინც ამ დრომდე ჯერ კიდევ არ იცრება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. იმის გარდა, რომ ამით ჯანმრთელობას გაუფრთხილდება, ფინანსურადაც ბევრად უფრო გამართლებულია, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე პისიარ ტესტის კეთება, ფინანსურად არ იქნება ადვილი გადასახდელი.
იმას, რომ საქართველო საინტერესო მიმართულება იყო ტურისტულ კლუბური თვალსაზრისით, შიდა კონკურენციას კარგად უწყობდა ხელს. 2-3 კლუბი ერთმანეთთან აქტიურ კონკურენციაში იყო, რაც ბიზნესს ყოველთვის აძლიერებს.
წარმატებებს გისურვებთ და იმედია, მოგვეცემა „დენს ფლორზე“ შეხვედრის შესაძლებლობა.