რა როლი აქვს თვითშეფასებას ცხოვრების ხარისხის განსაზღვრაში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაია ხოსიტაშვილმა ისაუბრა.
როგორ უკავშირდება თვითშეფასება ცხოვრებით კმაყოფილების განცდას?
ადამიანთა დიდი ნაწილი საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა. მიუხედავად ამისა, ეს განცდა რჩება ყურადღების მიღმა. არადა, ის არის ერთგვარი სიგნალი და სიმპტომი იმისა, რომ მოქმედების დროა.
მაშინ, როდესაც შიმშილს ვგრძნობთ, რას ვაკეთებთ? ვჭამთ. როდესაც წყურვილს – ვსვამთ. ხოლო, ანალოგიურად, როდესაც საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილებას ვგრძნობთ ეს არის ნიშანი იმისა, რომ აუცილებელია მოქმედება და შესაბამისი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ცხადია, იგულისხმება ჩვენს ,,მე“-სთან, პიროვნების მთავარ ღერძთან – თვითშეფასებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებები, რომლებიც დაუკმაყოფილებელია და სწორედ ეს იწვევს შინაგანი სიცარიელისა და ცხოვრებით უკმაყოფილების განცდას. ამდენად, თვითშეფასებასა და ცხოვრებით კმაყოფილების განცდას შორის გზა გადის პიროვნებაზე.
რა როლი აქვს თვითშეფასებას ცხოვრების ხარისხის განსაზღვრაში?
თვითშეფასება მჭიდროდ უკავშირდება პიროვნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს და გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე, საბოლოო ჯამში კი – ბედნიერებაზე, ცხოვრების ხარისხზე და თვითრეალიზაციაზე. სწორედ ამიტომ, თვითშეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია და ის განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ვართ და როგორ ვცხოვრობთ საკუთარ ცხოვრებას.
თვითშეფასება პიროვნების მთავარი ღერძია – ,,პიროვნების ხერხემალი“ და მისი განხილვის გარეშე სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. თვითშეფასება პიროვნებისთვის იგივეა, რაც სხეულისთვის ხერხემალი, რადგან მასზე არის დამოკიდებული ინდივიდის ფსიქოლოგიური წონასწორობა და, რადგან ის ეხება თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას, რომელსაც საკუთარ თავს, ანუ, საკუთარ „მე“-ს ვუწოდებთ.
ყველა გზა, სადაც არ უნდა მივდიოდეთ გადის თვითშეფასებაზე. თუ შევეცდებით, რომ თვითშეფასების გზის გვერდის ავლით ვიზრუნოთ საკუთარ კარიერაზე, პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაზე – შედეგს ვერ ვნახავთ. საბოლოო ჯამში, აღმოვაჩენთ რომ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით წლების წინ. ჩნდება განცდა, რომ მიდიხარ, მაგრამ ისევ იქ დგახარ. განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების გზა მხოლოდ ჯანსაღ თვითშეფასებაზე გადის. ხოლო, ამ გზის გვერდის ავლის შემთხვევაში, საქმე ეხება არაჯანსაღი თვითშეფასებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს, რაც ემოციურ სიცარიელის, უკმარისობისა და გაუცხოების, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებით უკმაყოფილების განცდებით ვლინდება.
როგორია გზა საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებამდე?
თვითშეფასება ხშირად განიხილება, როგორც სასურველ ანუ ,,იდეალურ მე“-სა და ,,აღქმულ მე”-ს შორის არსებული შეუსაბამობის შედეგი და რაც უფრო დიდი დისტანცია ამ ორ წერტილს შორის, მით მეტია საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილებისა და შინაგანი სიცარიელის განცდა.
საკუთარი თავის აღქმა ჩვენივე თავის იდეალიდან გამომდინარე გვიყალიბდება. კონკრეტულ მომენტში, რაც უფრო თავსებადია ჩვენი ქცევა ჩვენი იდეალური ,,მე“-ს სტანდარტთან, მით მეტად მოგვწონს და პატივს ვცემთ საკუთარ თავს. ჩვენი ,,შინაგანი მსაჯი“ შეფასებისას სწორედ იდეალური ,,მე“-ს სტანდარტს ეყრდნობა და თუკი სტანდარტის შესაბამისად ვიქცევით ჩვენ მოვიპოვებთ რეპუტაციას საკუთარ თავთან.
აუცილებელია გავმიჯნოთ სამი რამ: (1) ჩვენი რეალური ,,მე“ – ეს არის წერტილი, სადაც ახლა ვიმყოფებით და როგორებიც ვართ. ასევე, (2) ჩვენ გვაქვს წარმოდგენა ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიაზე – იდეალური ,,მე“, რომელიც არის ის წერტილი, სადაც გვინდა რომ ვიყოთ. (3) მესამე ფაქტორია – დისტანცია ანუ სხვაობა ამ ორ წერტილს შორის, რაც იწვევს შინაგან, საკუთარი თავით უკმაყოფილების განცდას. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს დისტანცია შევამციროთ მაქსიმალურად და გავამარტივოთ.
მნიშვნელოვანია, შევაერთოთ ის წერტილი, სადაც ახლა ვიმყოფებით (ასაკი, გარემოებები, გამოცდილება, მიღწევები და სხვა) იმ წერტილთან, სადაც გვსურს ვიმყოფებოდეთ საბოლოოდ – ცხოვრების ბოლოს. ახლა კი დაფიქრდით, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ აღმოვჩნდეთ ჩვენთვის სასურველ წერტილში?
7 რჩევა ფსიქოლოგისგან:
1. საკუთრია თავის გაცნობა და ჭეშმარიტი ,,მე“-ს პოვნა.
ჩვენ საკუთარ თავს ძალიან ცუდად ვიცნობთ. ხშირად ვღალატობთ საკუთარ თავს იმით, რომ მასთან მივდივართ წარმოუდგენელ კომპრომისზე – ვცდილობთ სხვას მოვაწონოთ თავი ისეთად, როგორიც ჩვენ არ ვართ. არ ვმეგობრობთ, არ ვუსმენთ და არ ვესაუბრებით საკუთარ თავს. ჯანსაღი თვითშეფასებისთვის მნიშნელოვანია მჭიდრო, ღრმა, ძლიერი, სტაბილური და ემოციური კონტაქტი საკუთარ თავთან.
2. ადრეული, ბავშვობის გამოცდილების ანალიზი.
თვითშეფასების საძირკველის ჩაყრა იწყება ადრეულ ეტაპზე. ჩვენს თვითშეფასებას აქვს ღრმად გამდგარი ფესვები ბავშვობაში. თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადრეული გამოცდილება. ხშირად საძირკველი დაზიანებულია, შესავსებია, მეტიც ვადაგასული მასალით არის ნაშენები და სჭირდება გამაგრება, რეკონსტრუქცია. ამდენად, რეალური ,,მე“-ს გაცნობა აუცილებელია დავიწყოთ ადრეული გამოცდილების გადახედვით. მნიშნელოვანია, გავაანალიზოთ ჩვენი სუბიექტური პირადი გამოცდილება და ის განძი, რომელმაც შეგვქმნა და ჩამოგვაყალიბა ჩვენ, ჩვენად.
ბავშვობა და წარსული გამოცდილება ეს არის ის გზა, რომელმაც მოგვიყვანა ამ წერტილამდე – სადაც ახლა ვიმყოფებით. ცხადია, ჩვენი მოძრაობის ტრაექტორიაზე გავლენას ყოველთვის ახდენს სტრესული მოვლენები, რომლებმაც შეიძლება მთავარ წერტილს და დანიშნულების ადგილს აგვაცილოს, ამიტომ გზის გასწორება, რომ მოხდეს მნიშვნელოვანია გავიხსენოთ და მკვეთრად წარმოვიდგინოთ ხოლმე საბოლოო წერტილი – იდეალური ,,მე“.
3. იდეალური ,,მე“-ს წარმოდგენის გადახედვა და დაზუსტება.
იმისათვის, რომ ნაკლები ენერგიითა და ძალისხმევით მივაღწიოთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიას, აუცილებელია რომ მის შესახებ წარმოდგენა იყოს მაქსიმალურად ზუსტი, რეალისტური. ის უნდა იყოს ჩვენი და არა ვინმეს იუდეური ,,მე“-დან აღებული საშენი მასალით აწყობილი. მაგალითად, სტივ ჯობსის კერატიულობა, ანჯელინა ჯოლის სილამაზე და ა.შ. ეს უნდა იყოს ჩვენი, ჭეშმარიტი ,,მე“-ს ბუნებრივი მასალებიდან აწყობილი წარმოდგენა. ამდენად, მნიშვნელოვანია არ შევადაროთ საკუთარი თავი არავის, მხოლოდ საკუთარ თავს წარსულში.
ფალსიფიცირებული, ფსევდო იდეალურ ,,მე“ ძალიან რთული მისაღწევია, მეტიც ტანჯვაში და მუდმივ შინაგან უკმაყოფილებაში გაგვატარებინებს დარჩენილ ცხოვრებას. რაც მთავარია, გაქვს განცდა, რომ ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით და სხვის ცხოვრებას.
4. ,,მე“-ს გაძლიერება და განვითარება.
როდესაც რეალური ,,მე“-დან იდეალურ ,,მე“-დე დისტანცია დიდია, შორი გზაა გასავლელი, ამიტომ თვითგანვითარება რთულია. აუცილებელია ეს სტრესი შევამციროთ, რაც შესაძლებელია ჩვენი რეალური ,,მე“-ს გაძლიერებით. რეალურ ,,მე“-ს სჭირდება წახალისება, გაძლიერება, მადლიერება, სიმშვიდე, სიყვარული და თვით-ზრუნვა და თვით-პატიება.
ეს მიდგომა გულისხმობს იმას, რომ თქვენ მუდმივად ზრუნავთ, რათა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეთ. იცით, თუ როგორ მართოთ საკუთარი თავი იმგვარად, რომ პიროვნულად განვითარდეთ და სრულად გამოიყენოთ თქვენი პოტენციალი. ანუ, ცდილობთ, დღეს იყოთ უკეთესი, ვიდრე იყავით გუშინ. ხოლო, ხვალ იყოთ უკეთესი, ვიდრე იყავით დღეს.
5. პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე.
მნიშნელოვანია გამოვიდეთ მსხვერპლის როლიდან, შევწყვიტოთ გარშემომყოფების ან გარემოებების, მათ შორის საკუთარი თავის დადანაშაულება. გარემო ხომ ისეთია, როგორიც არის. ჩვენ მხოლოდ საკუთარი დამოკიდებულებების შეცვლა შეგვიძლია. ამდენად, მნიშნელოვანია პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, საკუთარი თავის პატიება და საკუთარი ცხოვრების მიღება.
სხვა სიტყვებით, ამ მიდგომით, თქვენს ხელშია საჭე და თქვენი ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებული შედეგები დამოკიდებულია თქვენზე და არა გარემოზე/გარემოებებზე. ამდენად, ცხოვრობთ საკუთარი ცხოვრებით, აკეთებთ იმას, რაც მოგწონთ, არ აკეთებთ იმას, რაც არ მოგწონთ, შედეგად, ხართ ბედნიერი და საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი.
6. თვითზრუნვის კულტურის დამკვირდება.
მნიშნელოვანია, რომ ბევრი არ მოვითხოვოთ საკუთარი თავისგან, მოვძებნოთ პოზიტიური მომენტების გახსნება წარსულიდან, შემჩნევა აწმყოში, დაკვირვება და გათავისება მუდმივად. გავიხსენოთ წარსული: ვიდრე ისეთი გავხდებოდით, როგორიც ახლა ვართ ბევრი რამ, ხომ აბსოლუტურად შეუძლებელი გვეგონა? მიუხედავად, ამისა ჩვენ უკვე გვაქვს მიღწევების გამოცდილება. ანუ, ჩვენ უკვე საკმარისი ვართ იმისათვის, რომ წინ ვიაროთ.
თვითზრუნვის კულტურა და დამოკიდებულება დაგვეხმარება იმაში, რომ დისტანცია – გზა იდეალურ ,,მე“-მდე იყოს არა დამღლელი, არამდე მხიარული, მშვიდი, თავგადასავლებით სავსე.
7. საკუთარი თავის მიღება და შეყვარება.
იმისათვის, რომ ეს გრძელი გზა იყოს წარმატებული და მარტივი, აუცილებელია მივიღოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი უკვე ისეთი, როგორიც ახლა ვართ. დავაფასოთ, რაც უკვე გვაქვს და რასაც უკვე მივაღწიეთ, ვიყოთ მადლიერი იმ ძალისხმევისა და გათენებული ღამეების, რამაც მოცემულ წერტილამდე მოგვიყვანა.
წარმოიდგინეთ, ვინმემ რომ გკითხოთ, რამდენად გაუცვლიდით თქვენს ადგილს და პიროვნებას, ვინმეს ვინც ძალიან, ძალიან მოგწონთ. ჩვენ ხომ ყველა ვუპასუხებ: ,,არა, არავითარ შემთხვევაში. მე მინდა ვიყო – მე“. რეალურად, ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავი და მნიშნელოვანია ეს სულ გვახსოვდეს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი