სამხედრო ნაწილში სპეციალური საარჩევნო უბნები აღარ შეიქმნება, თუმცა სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემის პროცედურაში ისევ რჩება ხარვეზები, ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, სამხედრო პირების ხმებით მანიპულირების საშუალებას მაჟორიტარულ არჩევნებში მათი მონაწილეობა ტოვებს.
”საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების დროს, ჩვენ ვნახეთ, რომ 1-2 ადგილზე გასული კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებში ძალიან მცირე სხვაობა იყო და სამხედრო ნაწილში შექმნილმა სპეცუბანმა გადაწყვიტა არჩევნებში გამარჯვებულის ბედი. ამიტომ, სამართლიანი იქნება, დაიხვეწოს რეგულაცია და იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც არ არიან ჩაწერილი იმ ოლქში, სადაც მსახურობენ, არ ჰქონდეთ საშუალება ხმა მისცენ მაჟორიტარ კანდიდატს. ასეთი სამხედრო მოსამსახურეები მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში უნდა იღებდნენ მონაწილეობას” – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
რაც ეხება გადასატანი ყუთების საკითხს, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ ამ კუთხითაც არის გარკვეული საფრთხე და კითხვის ნიშნები.
”როდესაც ხელისუფლება სპეცუბნების გაუქმების გადაწყვეტილებას იღებს, მათი ლატერნატივაა, რომ ვისაც შეეძლება ბაზის დატოვება, ახლომდებარე უბნებზე მისცმენ ხმას, ხოლო ვინც, მაგალითად ყაზარმულ ან განსაკუთრებულ რეჟიმზე იქნება, მათთვის იქნება გადასატანი ყუთი. ამ კუთხითაც არის გარკვეული საფრთხეები და კითხვის ნიშნები, ვინაიდან, ამ შემთხვევაში დაკვირვება ყველაზე რთულია და, როგორც წესი, დამკვირვებლები გადასატან ყუთს არ მიყვებიან ხოლმე ადგილამდე” – აღნიშნა ლევან ნატროშვილმა.
ნატროშვილის აზრით, შესაძლოა, გადასატან ყუთებზე დაწესდეს ლიმიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, ამომრჩეველთა 10%-ზე მეტი არ მოხვდეს გადასატანი ყუთის სიაში. ასეთ შემთხვევაში, საფრთხე უფრო ნაკლები იქნება.
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიარა ”თავისუფალ დემოკრატებთან” და სწორედ ეს ოპოზიციური პარტია დაარეგისტრირებს სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში.