LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სარგებელი მოაქვს ნუშს? – ახალი შემოსავლიანი ბიზნესი საქართველოში

1800

საქართველოში ნუშის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება იგეგმება. ქვეყანას შანსი აქვს, ნუშის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი გახდეს. ამის შესახებ ქართული ნუშის ბაზრის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ”USAID საქართველოს” სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.

 

რა წერია კვლევაში?

კვლევაში წერია, რომ ამჟამად კავკასიაში საქართველო ლიდერია ნუშის წარმოებაში. ნუშის წარმოება ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად,  აზერბაიჯანში. აგრეთვე, ნუშის წარმოება საქართველოში უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე აზერბაიჯანში. ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში 900 ჰა-ზე მეტი ბაღია გაშენებული. თუ ბაღების გაშენების ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოს საპატიო ადგილს დაიკავებს ნუშის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების სიაში.

აღსანიშნავია, რომ ნუშის წარმოების კუთხით, საქართველო ინვესტორების მხრიდან ერთ-ერთ სამიზნე ქვეყანაა. რამდენიმე ინვესტორი უკვე ატარებს მნიშვნელოვან კვლევებს საქართველოში ნუშის წარმოების რისკ-ფაქტორებსა და შესაძლებლობაზე. უკვე განსაზღვრულია აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონი, სადაც ნუშის კონკრეტული ჯიშებისთვის მისაღები კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობებია.

ამავე კვლევის მიხედვით, ქართულ ნუშს ექსპორტის სერიოზული პოტენციალი აქვს ევროკავშირში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. თუმცა ამ ბაზრებზე შესასვლელად აუცილებელია, ფასი კონკურენტული იყოს. ასევე მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის ხარისხის მოთხოვნების დაცვა.

 

საქართველოში ნუშის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება

იმისთვის, რომ ქართული ნუში ექსპორტზე გავიდეს, მანამდე საჭიროა ნუშის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება. ამ ეტაპზე საქარველოში ნუშის გადამამუშავებელი საწარმო არ არსებობს. აქამდე ამ ტიპის საწარმო არ იყო საჭირო, რადგან ნუშის ბაღები ფაქტობრივად არ არსებობდა.ბაზარზე ქართული პროდუქტი ქაოსურად არსებობდა და მხოლოდ საკუთარ ბაღებში ან ქარსაცავებად დარგული ნუშის ხეებიდან ჩამობერტყილ ნაყოფს თუ გამოიტანდნენ გასაყიდად. საქართველოში თანამედროვე კომერციული ნუშის ბაღების გაშენება სულ რამდენიმე წელია დაიწყო და ჯერ ფაქტობრივად მოსავალიც კი არავის მიუღია ახალგაშენებული ბაღებიდან. რამდენიმე მეწარმე, რომლებიც შედარებით დიდი მოცულობის ბაღებს ფლობენ, გეგმავს ნუშის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას. ნუშის ქარხანას სჭირდება სამი ძირითადი აგრეგატი: კანის გასაცლელი, გასაშრობი და სატეხი.

 

ადგილობრივი მომხმარებელი და უცხოეთის ბაზარი

საქართველოდან ნუშის უმნიშვნელო ექსპორტი ფიქსირდება, შესაბამისად უცხოეთის ბაზრებზე ქართული პროდუქციის მნიშვნელოვანი რაოდენობით გატანა მხოლოდ რამდენიმე წელიწადში იქნება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ახლად გაშენებული ბაღებიდან დაიწყება მოსავლის მიღება. რაც შეეხება ადგილობრივ მომხმარებელს, ის პროდუქტს ძირითადად სამეურნეო ბაზრებზე საცალო მოვაჭრეებიდან ყიდულობს. მომხმარებელთა პროცენტულად ძალიან მცირე რაოდენობა ყიდულობს ნუშს მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.

 

ნუშის ფასები

ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, სამეურნეო ბაზრებზე ნუშზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნაჭუჭიანი ნუშის ფასი 10-12 ლარი, ნუშის გულის ფასი კი 25-27 ლარია. რაც შეეხება იმპორტირებულ ნუშს, ნაჭუჭიანი ნუშის შემთხვევაში, პროდუქტის ღირებულება 14-16 ლარია, ხოლო ნუშის გული 35 ლარად იყიდება.

კვლევის მიხედვით, ქართული ჰიპერმარკეტები წელიწადში დაახლოებით 12-15 ტონა ნუშის გულს ყიდიან. რაც შეეხება გაუტეხავი ნუშის წლიურ სარეალიზაციო მოცულობას, ის 4-5 ტონის ფარგლებშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g