ძნელია იმის პროგნოზირება, რა შანსი აქვს საპარლამენტო არჩევნებზე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას, ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კოალიციის შექმნა, ფსიქოლოგიურად წამგებიანი სვლაა, ვინაიდან, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ სუსტები ერთიანდებიან.
“ამ ძალების გაერთიანების აუცილებლობას ვერ ვხედავდი. ორი საშუალო სიძლიერის პოლიტიკური სუბიექტის გაერთიანება არ იძლევა ავტომატურად ძლიერ შედეგს. გააჩნია ელექტორალური ბაზა როგორია ამ პარტიების. გირჩს რაც ეხება, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ მას არ ჰყავს ძლიერი ელექტორატი” – განაცხადა სოსო ცინცაძემ.
პოლიტოლოგისთვის გაუგებარია, რატომ დათანხმდა პაატა ბურჭულაძე სხვა პარტიებთან გაერთიანებას. სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ პარტიას “სახელმწიფო ხალხისათვის” შეეძლო, დამოუკიდებლადაც მიეღწია წარმატებისათვის.
“გაერთიანება დანარჩენი სამი პარტიისთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან ამით შესაძლებლობა აქვთ, თითოეული პარტიიდან ლიდერები მაინც გახდნენ პარლამენტის წევრები. პაატას ადგილას გაერთიანებისაგან თავს შევიკავებდი და დამოუკიდებლად ვიბრძოლებდი” – განაცხადა სოსო ცინცაძემ.
რაც ეხება კითხვას, როგორ აისახება “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრებთან თანამშროლობა ბურჭულაძის პარტიის რეიტინგზე, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში, მთავარია პროფესიონალიზმი და პოლიტიკური ფიგურების დემონიზაცია არასწორია.
მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის”, “გირჩი”, “ახალი მემარჯვენეები” და “ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა.