ჩვეულებრივ, როდესაც პანდემიების ისტორიას ვეცნობით, ცუდ ხასიათზე ვდგებით, რადგან წარსულში ნებისმიერი ეპიდაფეთქებისას მედიცინის დაბალი დონიდან გამომდინარე, მსხვერპლი ყოველთვის ძალიან დიდი იყო. თუმცა შუასაუკუნეების ეპიდემიების ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს ინგლისური სოფლის, ეიემის ამბავი, რომელიც სოციალური დისტანცირებისა და დეზინფექციის გზით “შავ ჭირს” წარმატებულად ჯერ კიდევ 1665 წელს შეებრძოლა.
დღესდღეობით ეიემი დაბის ტიპის დასახლებაა, რომელშიც დაახლოებით 1000 ადამიანი ცხოვრობს, 1665 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 800 ადამიანს შეადგენდა.
ყველაფერი 1665 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც სოფლის მკერავმა და მისმა თანაშემწემ მათ მიერ ლონდონიდან ჩამოტანილ ქსოვილზე თაგვის რწყილები შენიშნეს. მეორე დღეს მკერავის თანაშემწე გარდაიცვალა, სოფლის რამდენიმე მოსახლეს კი “შავი ჭირის” სიმპტომები გამოუვლინდა. სოფლის თავკაცებმა, მათ შორის ორმა რელიგიურმა ლიდერმა სასწრაფოდ გადაწყვიტეს მიეღოთ ზომები. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ადამიანებმა ზუსტად არ იცოდნენ როგორ ვრცელდებოდა დაავადება, იმას ხვდებოდნენ, რომ შესაძლოა ეს ადამიანების ერთმანეთთან კონტაქტს გამოეწვია. ამიტომაც სოფელში უპრეცედენტო კარანტინის წესები შემოიღეს. ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობას ეკრძალებოდა როგორც სოფლიდან გასვლა, ასევე ერთმანეთთან კონტაქტი. სოფელში არავის უშვებდნენ, საჭირო პროდუქტების საყიდლად საჭირო მონეტებს კი მთავარ შესასვლელთან მოთავსებულ ძმრიან ჯამში ყრიდნენ, საიდანაც ისინი მეზობელ ვაჭრებს უნდა ამოეღოთ, კარიბჭესთან კი პროდუქტი დაეტოვებინათ. ეიემი შეფილდისკენ მიმავალ მთავარ გზაზე მდებარეობს, ამიტომაც პატარა სოფლის მოსახლეობამ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მეზობელი დიდი ქალაქიც დაიცვა შავი ჭირის გავრცელებიდგან, სადაც მსხვერპლი ათეულობით ათასსაც მიაღწევდა…
საერთო ჯამში ეიემის 800 მოსახლიდან “შავ ჭირს” 260 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ათასობით სიცოცხლე გადარჩა პატარა სოფლის მცხოვრებთა შეგნების და თავდადების წყალობით. მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან, თუ როგორ გადაურჩა სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიკვდილს მაშინ, როდესაც “შავ ჭირს” სიკვდილობის დაახლოებით 90%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.
ეიემის ისტორია სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარულია და მას შემდეგ, რაც ცხოვრება ჩვეულ დინებას დაუბრუნდება, ალბათ პატარა სოფელი ინგლისში ჩასული ტურისტებისათვის ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ ადგილადაც იქცევა…