23 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მედიცინის დოქტორი მაკა სოლოღაშვილი და ამავე კლინიკის მულტიპროფილური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ცანავა სტუმრობდნენ, რომელთაც პოსტკოვიდურ სინდრომსა და მის სიმპტომებზე ისაუბრეს.
– ქალბატონო მაკა, ბოჭორიშვილის კლინიკა ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზე იყო კოვიდთან ბრძოლის საქმეში. საინტერესოა, ახლა რა სიტუაციაა კლინიკაში?
– მართალია, წელიწადზე მეტია ექსტრემალურ რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია. ვფიქრობ, გამართული მუშაობისთვის მთავარი ყველაფრის ორგანიზება, წინასწარ გაწერა და დაგეგმვაა საჭირო, რასაც ჩვენი კლინიკა ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს. სამწუხაროდ, ინფიცირებულ პაციენტებთან ერთად პოსტკოვიდის სინდრომით დაავადებულთა რიცხვიც იზრდება, რომელთა ნაწილი სტაციონარულ, ნაწილი კი, ამბულატორიულ მკურნალობას საჭიროებს. სტაციონარული მიმართულებით პაციენტების მიღება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, თუმცა ამბულატორიული პაციენტების რიცხვიც საკმაოდ მაღალია. აღსანიშნავია, რომ პოსტკოვიდურ სინდრომს არ ახასიათებს განსაკუთრებული სიმპტომები, რადგან გართულებები პაციენტს ისედაც შეიძლება ჰქონოდა, თუმცა ამ შემთხვევაში სწორედ კოვიდი აღმოჩნდა მაპროვოცირებელი. პირველ რიგში საჭიროა განსაზღვრა, თუ რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება პაციენტს. საბედნიეროდ, სინდრომის მართვა ამბულატორიულად, პაციენტის ჩვეულ გარემოშიც შეიძლება, მთავარია მსგავსი გადაწყვეტილება ექიმმა მიიღოს და არა პაციენტმა თვითნებურად.

– ქალბატონო ქეთევან, თქვენი დეპარტამენტი სწორედ ის ერთეულია, სადაც ყველაზე ზუსტად განისაზღვრება თუ რა სჭირდება პაციენტს, ამიტომ თქვენ სხვებზე უკეთ იცით კონკრეტულად რას გულისხმობს პოსტკოვიდური სინდრომი?
– სამწუხაროდ, კოვიდის მსგავსად, რომელიც ჯერ არაა ბოლომდე გამოკვლეული, მისი გართულებებიც ნაკლებადაა შესწავლილი. თუმცა, არსებობს ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდის მცნება, რაც ვირუსის გადატანიდან ერთ თვის მანძილზე გარკვეულ პრობლემებს გულისხმობს და პოსტკოვიდური სინდრომი, რომელიც გამოჯანმრთელებიდან ერთ ან თუნდაც ორი თვის შემდეგ ხასიათდება ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და განსაკუთრებით ენდოკრინულ-რესპირატორული პრობლემებით – სუნთქვის უკმარისობით, ქოშინით, კუნთების ტკივილით. სწორედ მულტიპროფილური დეპარტამენტი იკვლევს პაციენტს, ღებულობს მისი სტაციონარში დატოვების ან ამბულატორიულად მკურნალობის გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ყველანაირ სერვისს უზრუნველყოფს – კოვიდის დიაგნოსტირებით და მკურნალობით დაწყებული, გამოჯანმრთელების შემდეგ გახანგრძლივებული კოვიდის ან პოსტკოვიდური სინდრომის მეთვალყურეობით დასრულებული.

– ქალბატონო მაკა, როგორც აღნიშნეთ, ძალიან მწირია ოფიციალური, მედიკოსების მიერ დადასტურებული ინფორმაცია კოვიდსა და მისი გართულებებზე. თუმცა, ყოველთვის თავისუფლად შეიძლება გადაუმოწმებელი ინფორმაციის ინტერნეტით მოძიება, რაც ხშირად სავალალო შედეგებით სრულდება, რადგან რესპირატორული პრობლემები, რომელთაც როგორც კოვიდის ან პოსტკოვიდური სინდრომის შემთხვევაში ვაწყდებით, ბევრს რადიოლოგიური კვლევის ჩატარებას აიძულებს. რამდენად გირთულებთ საქმეს პაციენტების ამგვარი ინიციატივა და ზოგჯერ თვითნებობა?
– გეთანხმებით, ხშირად ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ აქვთ სპეციფიური განათლება სწორედ ე.წ. საყოველთაო მედიცინის, ფართოდ გავრცელებული რჩევების წყალობით იძენენ ინფორმაციას და დიაგნოზირების ან მკურნალობის გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად იღებენ. რა თქმა უნდა, ამგვარი ინიციატივა მხოლოდ თვითნებობაა და ნაკლებად ამართლებს. ჩვენს კლინიკაში ნებისმიერი ტიპის კვლევის ჩატარება შეიძლება, მეტიც ნაწილი საერთოდ უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ უმჯობესია პაციენტმა ჩვენ მოგვმართოს და ჩვენ მოგვანდოს როგორც კვლევა და დიაგნოზირება, ისე მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა.
– ქალბატონო ქეთევან, კვლევის რა მეთოდია ყველაზე პრიორიტეტული?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მსოფლიო გამოცდილების გაზიარებით საქართველოშიც დაიწყო პაციენტების კვლევა პოსტკოვიდური სინდრომით, რომელშიც 500 ადამიანი ჩაერთო და იმედია, მალე ქართველ მედიკოსებსაც გვექნება ჩვენი კვლევის შედეგები. ამ პერიოდისთვის ჩატარებული კვლევის თანახმად პაციენტების 29 პროცენტი რესპირატორული პრობლემების გამო ისევ ჰოსპიტალურ მკურნალობას და სასუნთქი კონცენტრატორების ხანგრძლივ მოხმარებას საჭიროებს. პირადად მე არ მიმაჩნია მართებულად კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, რადგან ამგვარი კვლევა ნაკლებად იძლევა ინფორმაციას ფილტვის ფუნქციურ მდგომარეობაზე. ბევრად მნიშვნელოვანია სპირომეტრიული კვლევა, რომელიც მკურნალობის მეთოდის და საჭირო პრეპარატების დანიშვნაში გვეხმარება, რათა შევუმსუბუქოთ ან საერთოდ მოვუხსნათ პაციენტს სუნთქვის უკმარისობის პრობლემები.

– ქალბატონო მაკა, კოვიდი იმდენად ვერაგი დაავადებაა, რომ მისი ამოცნობაც რთულია. მოსახლეობის ნაწილმა ვირუსი გადაიტანა, ნაწილმა კი, შესაძლოა არც იცის, რომ იავადმყოფა. მეტწილად გადატანილი ვირუსის განსაზღვრა ანტისხეულებით ხდება. საინტერესოა, რას მიანიშნებს ანტისხეულების არსებობა ან არარსებობა ორგანიზმში?
– გეთანხმებით, ანტისხეულების არსებობა-არარსებობა მართლაც ერთგვარ ტესტად იქცა. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი მოსაზრება მცდარია. კლინიკაში გყავდა პაციენტი, რომელმაც ძალიან მძიმედ გადაიტანა კოვიდი, თუმცა სამი თვის შემდეგაც M – ანუ მწვავე ანტისხეულები აღენიშნებოდა და არ ჰქონდა გამომუშავებული G-ანტისხეულები. ერთი სიტყვით, თავისუფლად შეიძლება კოვიდგადატანილ პაციენტს საერთოდ არ აღმოჩნდეს, ან პირიქით ძალიან მაღალი ტიტრით გამოუვლინდეს ანტივირუსები. ამასთანავე, G ანტისხეულების გამომუშავება ჯერ კიდევ არ გულისხმობს, პაციენტის დაცულობას პოსტკოვიდური სინდრომისგან და არ აძლევს პირბადის ტარებაზე უარის თქმის უფლებას.
– ქალბატონო ქეთევან, რა სიმპტომებით ხასიათდება პოსტკოვიდური სინდრომი, რა შემთხვევაში უნდა დაეჭვდეს პაციენტი და მიმართოს ექიმს?
– კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პოსტკოვიიდური სინდრომი, დაავადების გადატანიდან ერთ თვეში ვლინდება რესპირატორული, ნევროლოგიური და კარდიოლოგიური პრობლემებით – წონასწორობის დაკარგვით, კოორდინაციის დარღვევით, მეხსიერების დაქვეითებით, უძილობით და აგზნებით, გულის არეში მოჭერითი ტკივილებით და გულის რიტმის დარღვევით, ქოშინით, სწრაფად დაღლით და ოფლიანობით. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ არ ღირს მოდუნება და გათამამება, პაციენტმა აუცილებლად უნდა აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა, ახალი ჩივილების გამოვლენის ან ქრონიკული დაავადებების გამწვავების შემთხვევაში კი, მიმართოს ექიმს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი