17 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკური ონკოლოგი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოთერაპიული მიმართულების ხელმძღვანელი ირინე ხუბუა სტუმრობდა, რომელმაც პანკრეასის კიბოზე ისაუბრა, რადგან 16 ნოემბერს სწორედ პანკრეასის კიბოს დღე აღინიშნება და მთელი მსოფლიო ერთიანდება ყველაზე აგრესიული სიმსივნის წინააღმდეგ.
– ქალბატონო ირინე, სამწუხაროდ ძალიან მძიმე თემაზე გვიწევს საუბარი, რადგან პანკრეასის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების მეტად აგრესიულ ჯგუფს მიეკუთვნება. საინტერესოა, კონკრეტულად რას წარმოადგენს დაავადება?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პანკრეასის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლება. პანკრეასის კიბო – პანკრეასის სადინროვანი ადენოკარცინომას გულისხმობს, რომელზეც პანკრეასის ახალი წარმონაქმნების დაახლოებით 85% მოდის. სამწუხაროდ, ძალიან რთულია პანკრეასის კიბოს დადგენა და მართვა, თუმცა მედიკოსები დიდი ხანია ცდილობენ დიაგნოზირებისა და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვას, რომელთაც შემდეგ კლინიკურ პრაქტიკაში ვიყენებთ. პანკრეასი მუცლის ღრუს ორგანოა, რომელიც ეგზოკრინულ და ენდოკრინულ ფუნქციას ასრულებს. ეგზოკრინული ფუნქცია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებას და გამოყოფას გულისხმობს თორმეტგოჯა ნაწლავში, ენდოკრინული ფუნქცია კი, მნიშვნელოვანი ჰორმონების – ინსულინისა და გლუკაგონის გამომუშავებას უზრუნველყოფს, რომლებიც შაქრის დონეს არეგულირებენ სისხლში. პანკრეასის კიბო ორ ძირითად ჯგუფად – კეთილ და ავთვისებიან სიმსივნედ იყოფა. საკმაოდ იშვიათია პანკრეასის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, ავთვისებიანი კი, მართალია, ერთნაირი სიმწვავით ვითარდება როგორც ეგზოკრინული, ისე ენდოკრინული უჯრედებისგან, მაგრამ 95% მაინც ეგზოკრინულ უჯრედებზე მოდის.
– როგორია სტატისტიკური მონაცემები?
– პანკრეასის კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეების ჯგუფს მიეკუთნება. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს დაახლოებით 500 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შეერთებული შტატები კი, მე-4 ადგილზე აღმოჩნდა ლეტალურობის თვალსაზრისით. სავარაუდოდ, 2023 წელს ახალი შემთხვევების რიცხვი ამერიკაში 65 ათასს მიაღწევს. სამწუხაროდ, პანკრეასის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი იზრდება, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი, უცვლელი რჩება. ამერიკელ მედიკოსთა ვარაუდით 2030 წლისთვის სიკვდილიანობის სტატისტიკაში პანკრეასის კიბო მეორე ადგილზე გადაინაცვლებს ფილტვის კიბოს შემდეგ. მართალია, დაავადების განვითარების მიზეზად პირველ რიგში ჭარბი წონა სახელდება, მაგრამ გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება, რადგან უამრავი სხვა მიზეზიც არსებობს.
– რა სიმპტომებით ვლინდება პანკრეასის კიბო?
– სამწუხაროდ, ხშირად დაავადება აბსოლუტურად უსიმპტომოდ ვითარდება და მეტწილად სწორედ ამიტომ სრულდება ლეტალური შედეგით. ზოგად სიმპტომებად საერთო სისუსტე, წონაში კლება და სიყვითლე შეიძლება ჩაითვალოს. სიმპტომების წარმოშობა პირდაპირ კავშირშია დაავადების ლოკალიზაციასთან, ანუ თუ სიმსივნე პანკრეასის თავშია ლოკალიზებული, მაშინ სიყვითლით, წონაში კლებით და სტეატორეით ხასიათდება, პანკრეასის კუდსა და სხეულში ლოკალიზებული სიმსივნე კი, ძლიერ ტკივილს იწვევს, რომელიც ან მუდმივი, ან ელვისებრი ან მოვლითი ხასიათისაა და გვერდით, ან ზურგის არეში გადაიცემა. მართალია, სიყვითლე ამ შემთხვევაშიც აღინიშნება, მაგრამ ის უფრო ღვიძლის მეტასტაზურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირად სიყვითლეს თან ახლავს მუქი ფერის შარდი და ღია ფერის განავალი, რაც მეტად სახიფათოა და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ჩივილების მრავალფეროვნება დაავადების გავრცელებითაა განპირობებული, რადგან პანკრეასის კიბო მეტწილად მუცლის ღრუში, ღვიძლსა და ფილტვში, შედარებით ნაკლებად ძვლებზე და ჭიპის მიდამოში ვრცელდება.
– რა შეიძლება ითქვას დაავადების რისკ-ფაქტორებზე?
– მართალია, დღემდე უცნობია პანკრეასის გამომწვევი მიზეზები, მაგრამ მთავარ რისკ-ფაქტორებად მაინც არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა და კონტაქტი კიბოს გამომწვევ შხამქიმიკატებთან, ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი და პანკრეასის ანთებითი დაავადებები) და გენეტიკური წინასწარი განწყობა შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ახლო ნათესავებში ძუძუს, საკვერცხეების, კოლორექტალური და პანკრეასის კიბოს არსებობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს. მეტიც, ახლო ნათესავის პანკრეასის კიბოთი დაავადება 4-ჯერ ზრდის მემკვიდრეში ამავე დაავადების განვითარების რისკს. შესაბამისად, პაციენტებმა, ვინც წინასწარაა გენეტიკურად განწყობილი აუცილებლად უნდა ჩაიტაროს სკრინინგული კვლევა, თუმცა დაზუსტებით არც სკრინინგის პერიოდულობა და ზუსტი დროა დადგენილი.
– როგორია სიმსივნის მკურნალობის მეთოდები?
– პანკრეასის სიმსივნის, ისე როგორც ზოგადად ონკოლოგიაში მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდი არსებობს – ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა და სხივური თერაპია. ქირურგიული ჩარევა მხოლოდ შორს წასული დაავადების ან ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის ოპერირების სირთულის შემთხვევაშია გამართლებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რადიკალური ოპერაციის გაკეთება და სიმსივნის ამოღება, რადგან სხვა შემთხვევაში აზრს კარგავს მასშტაბური ოპერაციის ჩატარება, რაც საკმაოდ რთულია და მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები იღებენ საკუთარ თავზე ამგვარ პასუხისმგებლობას.
– რატომ ითვლება პანკრეასის კიბო რთულად სამკურნალო სიმსივნედ?
– მართალია, ძუძუს, პროსტატის, ფილტვისა და მელანომის კიბოს მკურნალობაში მსოფლიო მედიცინა საგრძნობლად დაწინაურდა, შემცირდა სიკვდილიანობაც, მაგრამ პანკრეასის კიბოს შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებლები ისევ უცვლელია. ნაკლებად სახარბიელო მაჩვენებლების მიზეზი – პირველ რიგში პრევენციული მეთოდების არ არსებობა და დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობაა. ნაკლებად სახარბიელო მონაცემების მიუხედავად, საკუთარი პრაქტიკიდან შემიძლია გავიხსენო რამდენიმე შემთხვევა, როცა პაციენტებს ადრეულ ეტაპზე დაუდგინდათ დაავადება და რადიკალური მკურნალობის წყალობით არა მხოლოდ კიბოს დაძლევა შეძლეს, არამედ დღესაც ხარისხიანად აგრძელებენ ცხოვრებას.