LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ტიპის საქმეებში ერთვება აღსრულების ეროვნული ბიურო ყველაზე ხშირად – სახალხო პლატფორმა

19
ნინო-გოგელაშვილი

რა ტიპის საქმეებში ერთვება აღსრულების ეროვნული ბიურო ყველაზე ხშირად – გადაცემის „სახალხო პლატფორმა“ სტუმარია აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი, ნინო გოგელაშვილი.

საზოგადოებაში ბიუროს საქმიანობა ასოცირდება გამოსახლებებთან, ამიტომ უფრო დეტალურად მინდა განვიხილოთ ეს თემა…როდის ერთვება აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების ნაწილში?

აღსრულების ეროვნული ბიურო ახდენს სასამართლო გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას. პირველი ნაბიჯი ეს არის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე მიმართვა მოვალეს, შეუსრულებლობის შემთხვევაში იწყება იძულებითი მოქმედებები. მაგალითისთვის, თუ თქვენ არ მოგცემენ ხელფასს, პირველი გზა გადის სასამართლოზე და შემდეგ ხდება ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ჩვენი ჩართულობით.

უნდა აღინიშნოს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში 300 ათასი საქმეა და ამ საქმეების 1% -საც არ შეადგენს გამოსახლებები.

რადგან გამოსახლებების საქმეს შეეხეთ, ემოციური თემაა, მაგრამ ეს არის საკუთრების უფლების აღდგენა…

როცა აღსრულებას ვიგებთ უნდა გვახსოვდეს, რომ აღსრულებას ჰყავს ორი მხარე, ეს არის კრედიტორი და მოვალე. ბიურო არ არის ის ორგანო, სადაც ხდება საქმეების განხილვა, აქ შემოდის უკვე განხილული და გადაწყვეტილი საქმეები. გამოსახლება გულისხმობს კანონიერი მფლობელისთვის უძრავი ქონების გადაცემას.

ჩვენთან ყველა ტიპის საკითხი შემოდის, მაგალითად ახლა პოპულარულია ბინის გაქირავების თემა. რა უნდა ქნათ, თუ ვისაც მიაქირავებთ ბინას, არ გიხდით თანხას და არ გამოდის ბინიდან? ამ შემთხვევაშიც მიდიხართ სასამართლოში და გადაწყვეტილების შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიურო ერთვება პროცესში. ასევე, მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ კომერციული ფართი და აღარ გიხდიან თანხას, ამ დროსაც აღსრულების ნაწილში ჩვენ ვერთვებით.

დღეს ხშირად გვხვდება გამოსყიდვა-ნასყიდობის უფლებით არსებული ხელშეკრულებები, სადაც მხარეები ნებით დებენ ხელშეკრულებას და შემდგომ, როცა არ სრულდება, საქმე ხვდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

ყველაზე ხშირად რა კატეგორიის საქმეებშია ჩართული აღსრულების ეროვნული ბიურო?

ყველაზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმებია, იქნება ეს საპატრულო პოლიციის თუ სხვა სახის ჯარიმა.

ასევე, საქმეების ნაწილი ეხება ალიმენტის თემას, როცა  ერთი მშობელი არ იხდის დაკისრებულ ალიმენტს. ასევე, არის სამსახურში აღდგენის კატეგორიის საქმეებიც.

რას აკეთებს ბიურო პრევენციისთვის და ცნობადობის ამაღლებისთვის?

ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს პრევენციული ზომების მიღება. ჩვენ სკოლებში დავდივართ და დაბალ კლასებში შევდივართ და ვუხსნით, რა შეიძლება მოჰყვეს ფინანსურ ვალდებულებას. დღეს ყველას უნდა ახალი აიფონი, მაგრამ მნიშვნელოვანია პატარა ასაკიდან ვიცოდეთ, რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია, რა ფინანსური ვალდებულებები გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები