თბილისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა. 22 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით მოირთო. ასევე, გაიწერა საახალწლო პროგრამები,ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე კი დეკორაციები დაიდგა.
როგორც “ფორტუნას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, თბილისის საახალწლო განათებაზე 1 200 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო 1 487 833 ლარამდე კონცერტებზე და კულტურულ ღონისძიებებზე.
“ამ ხარჯებში შედის: დეკორაციები, სცენა, გახმოვანება და საერთოდ ყველაფერი – როგორც ახალი წლის ღამე, ასევე 25 დეკემბრიდან ყოველდღიური ღონისძიებებისა და კონცერტების ხარჯები”, – განუცხადეს “ფორტუნას” მერიაში.
ეს თანხები 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დაგეგმილ ღონიძიებებზეა გაწერილი, რომლებიც თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე გაიმართება.
წელს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა დედაენის ბაღი, რომელიც 9 დღით საახალწლო ქალაქად გადაიქცევა.
დედაენის ბაღში მოეწყობა არტ სივრცე, სადაც სხვადასხვა ინსტალაციები განთავსდება. საგანგებოდ საახალწლო ქალაქისთვის ნინო ჩუბინიშვილი ფერად ანგელოზებს დაამზადებს, რომლითაც პარკი მოირთვება. პარკში განთავსდება შუშის ბლოკებისგან დამზადებული სკამები, რომლებიც შიგნიდან სხვადასხვაფერის დიოდით განათდება. საგანგებოდ მოწყობილ თაბაშირის კანიონზე პროექციები მოეწყობა. საგანგებოდ დედაენის ბაღისთვის, ლია ბაგრატიონი თიხის ნაძვის ხეს დაამზადებს. 25 დეკემბერს პარკში საშობაო გამოფენა გაყიდვა მოეწყობა. ცნობილი ქართველი დიზაინერები და არტისტები ხელნაკეთ საშობაო სუვენირებს გამოფენენ, რომლებიც სიმბოლურ ფასად გაიყიდება.
გარდა კულტურული ღონისძიებისა საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო აქტივობებით. დედაენის ბაღში მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, საახალწლო ქალაქის პრიორიტეტი ექსტრემალური სპორტი იქნება.
ასევე, საახალწლოდ საგანგებოდ ემზადება „ახალი ტფილისი“, სადაც დამონტაჟდება დეკორატიული მატარებელი, რომლის მემანქანეც სანტა კლაუსი იქნება. მატარებლის თითოეულ ვაგონს საახალწლო საჩუქრის ფორმა ექნება, შიგნით კი საახალწლო ბაზრობის დახლები მოეწყობა.
თამთა უთურგაშვილი