სამსახური და გამოუცდელობა – ამ ძირითადი მიზეზებით დღეს მშობლების ნაწილი საკუთარი შვილისთვის აღმზრდელად ძიძას ირჩევს. ძიძის შერჩევისას მშობლების ნაწილი ახლობლების გამოცდილებას ენდობა და მათ მიერ რეკომენდებულ აღმზრდელს ქირაობს, ნაწილი კი – გაზეთებსა და სააგენტოებს მიმართავს.
აღმზრდელები აღსაზრდელებს ზოგჯერ მშობელივით უვლიან, ზოგჯერ კი – არასათანადოდ ეპყრობიან, რასაც ბავშვის ფსიქიკურ პრობლემებამდე მივყავართ. რა უნდა გავითვალისწინოთ ძიძის შერჩევისას, აღნიშნულზე „ფორტუნას“ ფსიქოლოგი, მაია ცირამუა, ესაუბრა.
– ბავშვის კოგნიტური, ემოციური თუ სოციალური განვითარებისთვის განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წლებში, 3 წლამდე ასაკში, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორია ბავშვის მიჯაჭვულობა, სიახლოვის განცდა იმ ადამიანთან, რომელიც მის მიმართ ზრუნვას იჩენს, რომელიც აღმზრდელის როლშია, იქნება ეს მშობელი, ბებია-ბაბუა თუ ძიძა. ამ ყველაფერს ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი არის უსუსური, გამოუცდელი, მას არ აქვს ინფორმაცია საკუთარი თავის, სამყაროს შესახებ და ა.შ., ის სხვა ადამიანებსა და საკუთარ თავზე იმის მიხედვით იქმნის წარმოდგენას, თუ როგორი და რა სახისაა ზრუნვა, რომელსაც მის მიმართ იჩენენ. არის თუ არა ის სიყვარულის ობიექტი; ხომ არ არის ძალადობის მსხვერპლი; ხომ არ არის უგულებელყოფილი, განსაკუთრებით ემოციურად უგულებელყოფილი იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც მასზე ზრუნავს.
– რატომ აქვს ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა?
– როგორც უამრავი კვლევა და მეცნიერული თეორია აჩვენებს, ბავშვები, ამ ზრუნვის ხარისხის და ხასიათის მიხედვით, საკუთარი თავის შესახებ გარკვეულ სქემებს და წარმოდგენებს იმუშავებენ. თუ ბავშვი სიყვარულის ობიექტია, თუ მისი ყველა სასიცოცხლო ემოციური საჭიროება დაკმაყოფილებულია, მაშინ ბავშვს უყალიბდება განცდა, რომ სამყარო არის სანდო, რომ სხვა ადამიანების ნდობა შეიძლება და რომ ის კარგია და იმსახურებს სიყვარულს. ეს არის ის, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი გარესამყაროსთან და თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს. თუ პირიქით – ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი, თუ მას უგულებელყოფენ, თუ გარემო მის მიმართ კრიტიკული და დაუნდობელია, მაშინ ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა, რომ თვითონ ცუდია, რომ სამყარო საფრთხითაა სავსე და ადამიანების ნდობა არ შეიძლება. ეს საკმაოდ მყარი, ბაზისური რწმენის სახით ყალიბდება ბავშვში, რაც შემდეგ მას პრობლემას უქმნის – ემოციურს, ქცევითს, სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში ხელს უშლის, ამიტომ, აქედან გამომდინარე, მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თუ ვის ანდობს თავის პატარას, ვინ არის ეს ადამიანი, როგორია ამ ადამიანის დამოკიდებულება აღზრდის საკითხების მიმართ, იყენებს თუ არა ის ძალადობრივი აღზრდის მეთოდებს, უგულებელყოფს თუ არა ბავშვის საჭიროებებს. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ზუსტად იმას, რაც პიროვნების განვითარებისთვის, ბედნიერების განცდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამყარ ფუნდამენტს ვუქმნით, თუკი ბავშვი უცებ აღმოჩნდება ისეთი ადამიანის ხელში, რომელიც არასათანადოდ ზრუნავს და მეტიც, ძალადობს ბავშვზე. ეს არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი.
– რა თვისებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ბავშვისთვის ძიძას ვარჩევთ?
– ეს საკითხი არ არის დარეგულირებული. არ არსებობს სამსახურები, რომლებიც პროფესიულად ძიძის შერჩევას არეგულირებენ. ადამიანები ძიძებს რეკომენდაციის საფუძველზე, პიროვნული თვისებების გათვალისწინებით არჩევენ. ის, რომ ვიღაცას უნდა მუშაობა და შემოსავალი, არ ნიშნავს, რომ მას აქვს უნარი, გაუძლოს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ბავშვი აყენებს ხოლმე თავის აღმზრდელს. ბავშვი საკმაოდ დაბნეულია, ბევრი რამ არ იცის, არც ის იცის, ემოციები როგორ დააბალანსოს. ბავშვს თვითგამოხატვის სხვა საშუალებები აქვს, ასაკის მიხედვით სხვა სირთულეები აქვს და, თუ ამ დროს მის გვერდით არ არის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი იცის, ვისაც შეუძლია ამ ყველაფერთან გამკლავება, თავისთავად ცხადია, ბავშვის ფსიქიკაზე შეიძლება ძალიან მძიმე კვალი დატოვოს. ასე რომ, ეს ნებისმიერი მშობლისთვის ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანაა. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიული აზრის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან, ძირითადად, ქსელური მარკეტინგი მუშაობს – ნაცნობ-მეგობრები ერთმანეთს ძიძებს ურჩევენ და მერე აღმოჩნდება, რომ არავინ იცოდა, რომ მოძალადე ადამიანთან ჰქონდა შეხება. პრობლემა კი ისაა, რომ ეს ძალადობრივი დამოკიდებულების მოდელი ბავშვის ცხოვრებაში გადმოდის.
თათია კაკიაშვილი