ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში, ყოველკვირეული რუბრიკის „შეუცნობელის“ სტუმარი მსახიობი ნანული სარაჯიშვილია, რომელიც საკუთარ ცხოვრებაში არსებულ მისტიკურ ნიშნებსა და წინასწარმეტყველურ სიზმრებზე საუბრობს.
როგორც მსახიობი ინტერვიუში აღნიშნავს, მას სჯერა, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ამასთან, ნანული სარაჯიშვილი ამბობს, რომ მისთვის სიზმარი არის მინიშნება და გაფრთხილება, რომელსაც ყოველთვის ყურადღებას აქცევს.
მსახიობი იხსენებს სიზმარს, რომელიც კარგად აუხდა და დღემდე ახსოვს.
„ერთხელ სიზმარში ვნახე, რომ გადმომცეს დიდი საჩუქარი – ძვირფასი ბეჭედი. რომ გავიღვიძე, ვფიქრობდი, რა უნდა მოხდეს, ასე რომ გამიხარდეს-მეთქი. მართლაც სულ მალე შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე დამაჯილდოვეს „ოქროს არწივით“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „გარიგება“.
დამირეკეს და მითხრეს, ფესტივალის დახურვაა, ლამაზად ჩაიცვით და მოდითო. „გარიგება“ კი იყო ფესტივალზე წარდგენილი, მაგრამ ასეთ დაჯილდოებას არ ველოდი. პრიზი რომ გადმომცეს, ისე გამიხარდა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ! მერე ჩემი სიზმარი გამახსენდა და ყველაფერს მივხვდი…“, – იხსენებს ნანული სარაჯიშვილი.
როცა ჩემი საახლობლოდან ვინმე შორეულ ნათესავს გარდაცვლილს ვნახავ, ეკლესიაში მივდივარ და სანთელს ვუნთებ. მიცვალებულების დასიზმრება არ მაქვს კარგად დაცდილი. გამოგიტყდებით, რომ ძალიან მჯერა იმქვეყნიური ცხოვრების. რაღაც რომ არ იყოს იმქვეყნად, ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები არ გამოგვეცხადებოდნენ და არ მიგვანიშნებდნენ მოსალოდნელ მოვლენებზე“, – ამბობს ნანული სარაჯიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
