ბიზნესმენ დავით ხიდაშელის სახელი ქართულ მედიაში წელს ორჯერ გაისმა და ორივეჯერ ხმაურიანად. პირველად მისი სახელი 13 აპრილს გაჟღერდა, როცა ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდ StopCov-ში 1.2 მილიონი ლარი ჩარიცხა.
დავით ხიდაშელი განსაკუთრებით საინტერესო პერსონა მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტისას დავით ზალკალიანის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემული მასალა იმ რუკებსაც მოიცავდა, რომელიც დავით ხიდაშელის მონაწილეობით არის მოძიებული.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება დაიწყო და ორი პირი, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა, ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუკების ნაწილი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის წყალობით მოხვდა საქართველოში.
თუმცა, როგორც მოგვიანებით თავად განაცხადა, ის საქართველოს მოქალაქეა და წლებია, 1993 წლიდან შვეიცარიაში მუშაობს.
დავით ხიდაშელი 30 წელია ტექნოლოგიურ სფეროში საქმიანობს და ევროკავშირის და მსოფლიოს 40 ქვეყანაში მრავალფეროვან ბიზნეს პროექტებს ხელმძღვანელობს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით. კარტოგრაფია მისი პროფესიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ორგანიზაცია, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს, ასობით ათას რუკას ფლობს და წვდომა აქვს მრავალ კარტოგრაფიულ და ანალიტიკურ მასალაზე.
შესაბამისად, მას ხელი მიუწვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კლასიფიკაციის თუ დანიშნულების რუკებზე. გარკვეულ პერიოდში დავით ხიდაშელი სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტს საქართველოშიც ახორციელებდა და მრავალ ასეულ ადამიანს ასაქმებდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკამ“ მოიპოვა.
დავით ხიდაშელი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.
INTRACOM-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, დავით ხიდაშელი 1998-1999 წლებში დსთ-ის ქვეყნებში ფრანგული Castel Group-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2007-2014 წლებში კი, რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის АФК “Система”-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ინოვაციების დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
2015 წელს“Система”-ს მეწილეთა ყოველწლიური შეხვედრის დოკუმენტის მიხედვით, დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კომპანიის მენეჯერთა საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელშიც ლევან ვასაძეც შედიოდა.
დავით ხიდაშელი დღეს საქართველოში ჩამოდის და როგორც თავად აცხადებს, ყველა კითხვას გულწრფელად გასცემს პასუხს.
„თვალებში ჩაგხედავთ და კითხებზე პასუხს ჩემგან ისე მოისმენთ“, – აცხადებს ბიზნესმენი.