კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ათიათასობით მოქალაქე უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა.
„ბიზნესკურიერი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა ამჟამად შრომის ბაზარზე და სად შეუძლიათ დასაქმდნენ უფრო მარტივად ადამიანები, რომლებიც სამსახურს ეძებენ.
როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას, Hr.ge-ს რეგიონულმა წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა განაცხადა, ვაკანსიების დღიური რაოდენობა კვლავ შემცირებულია და ისევ 80-90 ვაკანსიის ფარგლებშია.
რაც შეეხება აქტიურ ვაკანსიებს-ნოემბრის ბოლოდან დაიწყო საახალწლო ვაკანსიების მატება, მოთხოვნა ფიქსირდება დროებით პოზიციებზე, ძირითადად სავაჭრო დაწესებულებებში.
ინგა შახბაზიანი აღნიშნავს, რომ მართალია კომპანიები საახალწლო ვაკანსიების ფარგლებში ძირითადად 1-2 კვირით ეძებენ კადრებს, თუმცა ანაზღაურება მიმდინარე პერიოდში დასაქმებულთათვის ნორმალურია.
„ბიზნესკურიერი“ ასევე დაინტერესდა, როგორ შეიცვალა კორონავირუსის პანდემიის ფონზე შრომის ბაზარი.
შახბაზიანი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სტატისტიკური მონაცემებით, მოთხოვნა კადრებზე შემცირებულია. ჯამურად, წინა წლებთან შედარებით, 60%-იანი კლება აღინიშნება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, პარალელურად ფიქსირდება სამუშაოს მაძიებელთა მატება, მაჩვენებელი გაზრდილია 30%-ით.
Hr.ge-ს წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ბაზარზე არის ის, რომ შეიცვალა გასაუბრების ფორმატი. გასაუბრებები ძირითადად „ზუმის“ მეშვეობით ტარდება.