მართალია, ყველამ კარგად იცის, რომ სწრაფი კვების ნაწარმი მავნებელია, მაგრამ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რომ „ფასტ ფუდის“ სისტემატიური მირთმევა მნიშვნელოვნად ცვლის სისხლის და ცხიმების შემადგენლობას ორგანიზმში.
ჭარბი წონა – „ფასტ ფუდი“ დიდი ხანია სიმსუქნის სინონიმად ითვლება. საკმარისია შეხედოთ ბურგერის, ჩიფსების ან ჰოთ-დოგის შემადგენლობას და მიხვდებით, რომ შეუძლებელია ამგვარი საკვებით ჯანსაღი წონის შენარჩუნება, თავის დაღწევა მისი „ტყვეობიდან“ კი საკმაოდ რთულია, რადგან სწრაფი ნახშირწყლები, რომელთაც „ფასტ ფუდის“ ცალკეული ინგრედიენტები შეიცავს, არასდროს ანაყრებს და რაც მეტს მიირთმევთ, მით უფრო მეტის ჭამა გინდათ.
ქრონიკული დაღლილობა – „დეილი მეილის“ ჟურნალისტის ექსპერიმენტმა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ სწრაფი კვების რესტორნებში იკვებებოდა, დაადასტურა, რომ „ფასტ ფუდის“ სისტემატური მიღება ამცირებს კონცენტრაციის უნარს, მუდმივ დაღლილობას კი, ჯანსაღი ძილიც ვერ ერევა. რაც არცაა გასაკვირი, რადგან მოთენთილობას ტრიპტოფანი – ამინომჟავების გარკვეული ტიპი იწვევს, რომელიც ჭარბი ნახშირწყლების წყალობით, სწრაფად აღწევს ტვინში და რაც უფრო ხშირად მიირთმევთა მაგვარ, საკვებს მით უფრო სწრაფად იღლებით.
ჭარბი ქოლესტერინი – ტექნოლოგიური დამუშავების წყალობით მიღებული ხელოვნური ანუ ე.წ. ტრანს-ცხიმები, რომელთაც სწრაფი კვების მწარმოებელი კომპანიები იყენებენ, მართალია საკმაოდ იაფია, მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის ქოლესტერინის შემცველობას ორგანიზმში, იწვევს გულის დაავადებებს და ინსულტს.
არაჯანსაღი კანი – მაღალი გლიკემიური ინდექსის წყალობით „ფასტ ფუდი“ სწრაფად ტვირთავს სისხლს გლუკოზით და ხშირად, სწორედ ამგვარი რაციონი ხდება აკნეს მიზეზი, რადგან ჭარბ შაქარს, ნახშირწყლებსა და ტრანს-ცხიმებს ნებისმიერი, ყველაზე ჯანმრთელი კანის დაავადებაც შეუძლია.
მუდმივი შეშუპება – ჰამბურგერი, ნაგეტსი და კარტოფილი „ფრი“ დიდი რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს, რომელიც მართალია აკონტროლებს არტერიულ წნევას, მაგრამ მისი ჭარბად მიღება ხელს უშლის ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას, რაც თავის მხრივ ღვიძლის და თირკმელების დაავადებების მიზეზი ხდება.
დეპრესიისკენ მიდრეკილება – „დეილი მეილის“ ჟურნალისტმა, რომელიც ორი კვირა მხოლოდ „ფასტ ფუდს“ მიირთმევდა, აღნიშნა, რომ მისი განწყობა ხშირად იცვლებოდა, სწრაფად ღიზიანდებოდა და კარგავდა მოთმინებას. ჟურნალისტს მხარი აუბეს მეცნიერებმა, რომელთა კვლევამ დაადასტურა, რომ „ფასტ ფუდის“ მოყვარულები უფრო ხშირად არიან მიდრეკილი დეპრესიისკენ, ვიდრე ისინი, ვინც ჯანსარად იკვებება.
სიმსივნის რისკი – მეცნიერები უკვე რამდენიმე ათწლეულია ამტკიცებენ, რომ „ფასტ ფუდი“ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს – ფტალატებს შეიცავს, რომელიც საწარმოო ქიმიკატების კლასს მიეკუთვნება და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია კანცეროგენებს შორის.
დამოკიდებულება – სისტემატურად „ფასტ ფუდით“ კვება და ერთ დღეს უარის თქმა – პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ნივთიერებები, რომელთაც „ფასტ ფუდი“ შეიცავს სწფად შეჩვევას და დიდი ხნით დამოკიდებულებას იწვევს. ამგვარი საკვები განსაკუთრებით მათთვისაა სახიფათო, ვინც ჭარბი წონისკენაა მიდრეკილი, გულის დაავადებები აწუხებს და დარღვეული აქვს კვებითი ჩვევები.