14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება, ხოლო ტრადიციულად სვეტიცხოვლის ტაძარში ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
ქრისტიანული მოძღვრება გვიყვება, რომ კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა -უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს. ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება.
რაც შეეხება სვეტიცხოვლობის დღესასწაულს, ის წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
ხვალინდელ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია იმ სავალდებულო ზომების შესახებ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ითვალისწინებს.
“ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.
13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა – 10:00 საათზე.
ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა.
აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია”, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.