შესაძლოა თქვენს ფავორიტ ფილმში თქვენი საყვარელი კადრები იმის გამო არსებობს, რომ მსახიობს ტექსტი დაავიწყდა, როლში შეჭრილს იმპროვიზება მოუნდა ან თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც მთლიანი სცენა შეცვალეს… როგორც აღმოჩნდა, ყველა ჩვენთაგანისათვის ცნობილ ძალიან ბევრ ფილმში არის მომენტები, რომლებიც სულაც არ ყოფილა სცენარში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ ეს კადრები ყველაზე დასამახსოვრებელი გამხდარიყო… გეეჭვებათ, რომ ეს ასეა? ახლავე დარწმუნდებით…
„ნათლია“ / The Godfather – დონ ვიტოს კატები უყვარს
ფრენსის ფორდ კოპოლას შედევრის ცნობილ სცენაში მაფიის სასტიკი ბოსი, ვიტო კორლეონე ბრძანებებს გასცემს და თან კალთაში მჯდომ კატას ეფერება. ერთი ვერსიით, კატა გადასაღებ მოედანზე შემთხვევით, გადაღების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოჩნდა, კოპოლამ კი ის მარლონ ბრანდოს გადასცა. სცენა კატის მონაწილეობით იმდენად ბუნებრივი გამოვიდა, რომ ის ფილმში დატოვეს და მოგვიანებით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენადაც იქცა.
„დაკარგული კიდობნის მაძიებლები“ / Raiders Of The Lost Ark – რევოლვერი ხმლის წინააღმდეგ
ალბათ ყველას გვახსოვს ცნობილი სცენა „ინდიანა ჯონსის“ პირველი ფილმიდან, როდესაც არქეოლოგი და მკვლევარი ინდიანა ჯონსი შავებში ჩაცმული და ხმლით შეიარაღებული მებრძოლის პირისპირ აღმოჩნდება. ბრძოლის მაგიერ ჯონსი მებრძოლს რევოლვერს ესვრის და გზას აგრძელებს. სცენარის მიხედვით, ინდიანა ჯონსს და შავოსან მებრძოლს შორის ხმლებით ხანგრძლივი ორთაბრძოლის სცენა უნდა გამართულიყო, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ჰარისონ ფორდი მოიწამლა. მსახიობს საკმარისი ენერგია არ ჰქონდა ორთაბრძოლის სცენის გადასაღებად, ამიტომ სტივენ სპილბერგს სცენარის შეცვლა მოუხდა და ეპიკური მომენტიც ასე აღმოჩნდა ფილმში.
„ბნელი რაინდი“ / The Dark Knight – ჯოკერის ორი სცენა
ქრისტოფერ ნოლანის „ბეტმენის“ ტრილოგიის მეორე ფილმის ცნობილი სცენა, რომელშიც „ჯოკერი“ ჯიმ გორდონს ტაშს უკრავს, ჯიტ ლეჯერის სუფთა იმპროვიზაციაა. სცენაში, რომელშიც ლეჯერის პერსონაჟი „ჯოკერი“ საკანში ზის, ხოლო პოლიციელები ჯიმ გორდონს გოთემის პოლიციის კომისრად გახდომას ტაშით ულოცავენ, ტაშის დაკვრას „ჯოკერიც“ იწყებს. ამ დროს მისი სახის გამომეტყველება არ იცვლება.
იმპროვიზაციაა ასევე ცნობილი სცენა, რომელშიც ექთნად გადაცმული „ჯოკერი“ ჰოსპიტალს ტოვებს. ნოლანს იმდენად მოეწონა ორივე იმპროვიზაცია, რომ ისინი ფილმში უცვლელად გადაიტანეს.
„ლამაზმანი“ / Pretty Woman – ყელსაბამი ვივიენისთვის
„ლამაზმანის“ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენაში მილიონერი ედუარდ ლუისი (რიჩარდ გირი) ვივიენ უორდს (ჯულია რობერტსი) უძვირფასეს ბრილიანტის ყელსაბამს უჩვენებს. როდესაც ვივიენი სამკაულის შეხებას ცდილობს, ედუარდი ყუთს უცებ კეტავს, რაც ქალს ამხიარულებს. ეს სცენა სცენარში არ იყო, ფილმში კი იმის წყალობით მოხვდა, რომ რიჩარდ გირის ხუმრობით გახალისებული ჯულია რობერტსის სიცილი გარი მარშალმა ძალიან ბუნებრივად და სახალისოდ მიიჩნია.
„რიგითი რაიანის გადასარჩენად“ / Saving Private Ryan – რიგითი რაიანის და კაპიტან მილერის დიალოგი
სტივენ სპილბერგის საკულტო ფილმის ერთ ეპიზოდში, როდესაც საბრძოლო მოქმედებებს შორის მცირე პაუზაა, კაპიტანი მილერი და რიგითი რაიანი თავიანთ წარსულზე და ომამდელ ცხოვრებაზე საუბრობენ. ეს ეპიზოდი მთლიანად ტომ ჰენკსის და მეტ დეიმონის იმპროვიზაციაა. დიალოგი სცენარში არ ყოფილა, ეს ისტორიები თავად მსახიობებმა მოიგონეს.
„ვარსკვლავური ომები“, ეპიზოდი V, „იმპერიის საპასუხო დარტყმა – The Empire Strikes Back
-მე შენ მიყვარხარ !
– ვიცი!
ცნობილი სცენა, რომელშიც პრინცესა ლეია სიყვარულში უტყდება ჰან სოლოს, სხვანაირად იყო ჩაფიქრებული. ჰან სოლოს უნდა ეპახუხა „მეც მიყვარხარ“, მაგრამ ჰარისონ ფორდმა ჩათვალა, რომ ეს მისი პერსონაჟისთვის შეუსაბამო საქციელი იქნებოდა და პრინცესას მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა: „ვიცი“.
„დანის პირზე მორბენალი“ / The Blade Runner – როგორც ცრემლები წვიმაში…
ლეგენდარული სცენა დანის პირზე მორბენლის, რიკ დეკარდის (ჰარისონ ფორდი) და წყობიდან გამოსაყვანი ანდროიდის, როი ბეტის (რუტგერ ჰაუერი) შესრულებით ნაწილობრივ იმპროვიზებულია. სცენარის მიხედვით, ბეტის ცნობილი ფრაზა იყო მხოლოდ „ყველა ეს მომენტი დროში ჩაიკარგება“, თუმცა ჰაუერმა იგი პოეტურად დაასრულა – „ყველა ეს მომენტი დროში ჩაიკარგება, როგორც ცრემლები წვიმაში“…