12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე გურამის გაუჩინარების საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრობს.
ადვოკატმა მეწყერის ვერსიაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რაც უფრო მეტად ეცნობა ამ საქმეს რწმუნდება, რომ „მით უფრო მეტად ნაკლები არის ვარაუდი, რომ ბავშვი შეიძლება მეწყერმა ჩაიტანა“:
„როდესაც დაიწყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, უკვე მცირე ხანში გაჩნდა ვერსია მეწყერთან დაკავშირებით, ამ ვერსიის შემდეგ, როგორც ირკვევა, თითქოს გაჩუმდა სიტუაცია, თითქოს მიიჩქმალა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე და ამის შემდეგ თითქოს ყველამ შეწყვიტა ამ საქმეზე საუბარი დედის გარდა, რომელიც მარტო, საკუთარი რესურსებით, საკუთარი ენერგიის ხარჯზე ეძებდა თავის შვილს ისე, რომ ფაქტობრივად არავინ ეხმარებოდა… მეწყერთან დაკავშირებით, რაც უფრო მეტს ვიგებ ამ საქმეზე და რაც უფრო ღრმად შევდივარ, მით უფრო მეტად ნაკლები არის ვარაუდი, რომ შეიძლება მეწყერმა ჩაიტანა და შეიძლება მეწყერი იყოს ამ ბავშვის დაკარგვის მიზეზი… აქ ბევრი გარემოებაა რაც გამორიცხავს მეწყერს, მე უბრალოდ დღეს არ მინდა ამ ყველაფერზე საუბარი საჯაროდ, შესაბამისად ისმის კითხვა, რატომ მოიგონეს და ვინ მოიგონა აღნიშნული მეწყერის თემა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ ხელები დაიბანა და ვიღაცას უნდოდა საგამოძიებო მოქმედებების შეწყვეტა, ვიღაცას სურდა, რომ შეწყვეტილიყო საუბარი ამ საქმესთან დაკავშირებით და შეწყვეტილიყო სიმართლის გარკვევა ამ საქმესთან დაკავშირებით…“ – ამბობს ადვოკატი.
ცნობისათვის, შემთხვევა 2014 წელს მოხდა. 17 წლის მოზარდი მლეთაში დაიკარგა. თბილისიდან ლომისობაზე ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი სალოცავიდან მლეთაში ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი გაუჩინარდა.
