ორსულობის რომელ კვირაზე უნდა ისმოდეს ნაყოფის გულისცემა და დამოკიდებულია თუ არა ეს ფაქტორი ინდივიდუალურ თავისებურებებზე, შეიძლება თუ არა გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი კვლევა ორსულობის პერიოდში, დამოკიდებულია თუ არა ორსულობის სასიკეთო მიმდინარეობა იმაზე, რა სიხშირით ვიკეთებთ კვლევას, რა სახის პათოლოგოები შეიძლება აღმოვაჩინოთ ექოსკოპიური კვლევით და რა უნდა ვიცოდეთ ფოლიკულის მონიტორინგის შესახებ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, „გაგუას კლინიკის“ ექიმმა-რადიოლოგმა გენრიეტა გაგოშიძემ ისაუბრა.
პირველი გულისცემა, ორსულობის რა ვადაზე უნდა ისმოდეს?
ორსულობის ხუთ კვირაზე უკვე შესაძლებელია ნაყოფის გულისცემის მოსმენა და ეს დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ როდის ჩაისახა. თუ 5-6 კვირაზე ნაყოფის გულისცემა არ ისმის, მაშინ ადგილი აქვს არაგანვითარებად ორსულობას. როდესაც პირველ ვიზიტზე ვნახულობთ ქალბატონს და ექოსკოპიურ კვლევას ვატარებთ, აუცილებელია ტრანსვაგინალური კვლევა ჩატარდეს, რათა გულისცემა მოვისმინოთ. ყველა ორსულს მოვუწოდებ, რომ ერთჯერადი კვლევით არ იქნეს დადასტურებული არაპროგრესირებადი ორსულობა, აუცილებელია ერთი კვირის შემდეგ მეორედ გადამოწმდეს. ძალიან ბევრი შემთხვევა მახსენდება, როდესაც გულისცემა არ იყო და ერთი კვირის შემდეგ სრულიად ჯანსაღ კარგ ემბრიონს ჰქონდა ადგილი და გულისცემაც ისმოდა. პირველი გულისცემის გაგონება შესაძლებელია 2 მმ ნაყოფის შემთხვევაში. სიჩქარე ამ შემთხვევაში დაუშვებელია, ყველაფერი სკულპულოზულად უნდა გაკეთდეს, დაკვირვებით და გადამოწმებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დიდ უბედურებამდე მივიდეთ.
რა ფაქტორებმა შეიძლება შეაფერხოს ნაყოფის განვითარება პირველ ტრიმესტრში?
12 კვირამდე თუ შეფერხება აღინიშნება, ეს ძალიან ნეგატიური პროგნოზია. ასეთ პატარა ვადაზე შეფერხებები არის იმის მომასწავლებელი, რომ განვითარების მანკებია, ასეთ შემთხვევაში, 12 კვირამდე არსებული პათოლოგიები იწვევენ ორსულობის შეწყვეტას.
ორსულები ხშირად ჩივიან დისკომფორტზე და ტკივილზე წელის და მუცლის არეში, ეს სიმპტომი ყოველთვის მიუთითებს თუ არა, რომ საქმე გვაქვს ჰიპერტონუსთან?
ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ ეს არ არის ყოველთვის ტონუსი და აქვე აღვნიშნავ, რომ ტონუსის არცერთ ორსულს არ უნდა ეშინოდეს, ხმამაღლა ვაცხადებ ამას. ტონუსი არ ნიშნავს იმას, რომ ნაადრევი მშობიარობის საფრთხეები არსებობს. ნაადრევი მშობიარობა იწყება მაშინ, როდესაც არის ყელის სტრუქტურული ცვლილებები. საშვილოსნოს ტონუსი ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ის არის კუნთი, საშვილოსნო ტონუსში რომ არ იყოს, ადამიანი ცოცხალიც არ იქნებოდა. დისკომფორტი ხშირ შემთხვევაში შეიძლება სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად ნაწლავის შებერილობით. მე ყველას ვურჩევ, ვისაც ეს ფიქრი შემოაწვება ნაადრევ მშობიარობასთან დაკავშირებით, გადაამოწმონ საშვილოსნოს ყელის სიგრძე, მისი ნორმალური ზომის და სტრუქტურული შეფარდების შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობის არანაირი საფრთხე არ არსებობს. ყელის სტრუქტურის შეცვლა შესაძლოა გამოიწვიოს ტონუსმა, მაგრამ ძალიან მცირეა ამის ალბათობა, ხშირად ორსული ვერ მიჯნავს ეს არის ნაწლავის შებერილობა, თუ სხვა რამე და ყველაფერს აბრალებს ტონუსს.

რამდენ კვირაზე ტარდება ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები ორსულობის პერიოდში და რომელ კვლევებს გამოყოფდით?
პირველ რიგში უნდა გაკეთდეს არაინვაზიური მეთოდი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. როდესაც მენსტრუაცია გადაცდება, უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა, რომელმაც უნდა დაადასტუროს ორსულობა, ამის შემდეგ გულისცემა უნდა იქნეს მოსმენილი, იმის დასადასტურებლად, რომ ორსულობა მიმდინარეობს, გრძელდება და ემბრიონი ცოცხალია. 11-დან 13 კვირამდე უნდა მოხდეს კისრის ნაოჭის განსაზღვრა, წვივის ძვალის, ნაყოფის გენეტიკური მარკერები ძალიან მნიშვნელოვანია. 16 კვირაზე, როდესაც ორგანოგენეზი და პლაცენტაცია დასრულებულია, ასევე ტარდება კვლევა. 20-22 კვირაზე კი უკვე ნაყოფის ზრდა განვითარების, ყველა ორგანოს ჩამოყალიბების შემოწმება, კიდურების, თითების დათვლა ხდება. 26 კვირაზე ექოსკოპიურად უნდა იქნეს ნაყოფი ნანახი, ეს არ არის აუცილებელი კვლევების ჩამონათვალში, მაგრამ მე ჩემს ორსულებს ყველას ვურჩევ ჩაიტარონ. 30 კვირაზე აუცილებელია ექოსკოპიური კვლევა, 36 კვირაზე კი ექიმის შეხედულებით უნდა განისაზღვროს კვლევის ჩატარების აუცილებლობა, მაგრამ მე ყველას მოვუწოდეს ეს კვლევა აუცილებლად ჩაიტარონ, რადგან ისეთი პათოლოგია როგორიც არის საკვერცხის კისტა, არ ჩანს 30 კვირაზე, ის მხოლოდ 36 კვირაზე მწიფდება. მე ახლა განვიხილე მხოლოდ ერთი პათოლოგია და არსებობს სხვა პათოლოგიებიც, რომელიც 36 კვირაზე ყალიბდება და არა სხვა ვადაზე. შემდეგ კი მხოლოდ დოპლეროგრაფიული კვლევით უნდა განაგრძონ ორსულობის მონიტორინგი, რადგან 36–დან 40 კვირამდე არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვე, როდესაც ბავშვი ჩამოყალიბებას ამთავრებს და ემზადება უმნიშვნელოვანესი პროცესისთვის, დაბადებისთვის, რაც ძალიან დიდი სტრესია, ბევრი რთული მომენტი ახლავს, ეს ყველაფერი კი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა წარიმართოს.
დოპლერს ერთკვირიანი დატვირთვა აქვს, შესაბამისად ორსულობის ბოლო თვეს ორსულმა ყოველ ერთ კვირაში უნდა ჩაიტაროს დოპლეროგრაფიული კვლევა, ეს კვლევა გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სიჩქარით მიეწოდება სისხლი, რა სიჩქარით გადადის ჟანგბადი და საკვები ნივთიერება ნაყოფის ორგანიზმში.
რას ფიქრობთ დამატებით გენეტიკურ კვლევებზე?
უკვე ძალიან ხშირად არის საუბარი ორმაგ და სამმაგ ტესტებზე და ამნიოცენტეზზე, რომელზეც ვგებულობთ, რომ მისი ჩატარება აუცილებელია იმ შემთხვევაში თუ ანამნეზი დატვირთულია. ახალი შემოსულია ჰარმონტესტი და ასევე იონატესტი, რომელიც კეთდება 10-დან 14-კვირის ვადამდე და 3 დღეში, ანუ საკმაოდ მალე გვაძლევს პასუხს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ვადაზე რაიმე სერიოზული პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში ორსულობის შეწყვეტა სავსებით შესაძლებელია უსაფრთხოდ. იონატესტი, ეს ძალიან სასიამოვნო რამ დაინერგა ჩვენს ქვეყანაში და მე აუცილებლად ვამცნობ ამის შესახებ ყველა ორსულს.

შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ექოსკოპიური კვლევის სიხშირეზეა დამოკიდებული რამდენად კარგად მიდის ორსულობა და საჭირო ხომ არ არის გაიდლაინით გაწერილ გრაფიკზე მეტი და ხშირი ექოსკოპიური კვლევა ჩავიტაროთ?
შეიძლება ჩემი კოლეგების კრიტიკა დავიმსახურო, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მშობლიურია და როგორც ჩემს შვილზე და ჩემს თავზე გავაკეთებდი, ანალოგიურად ვურჩევ ჩემს ორსულებსაც. ზედმეტი ყურადღება არავის არ აწყენს, უყურადღებობამ კი შესაძლოა ბევრი ცუდი გამოიწვიოს. ორსულის ახირებაც რომ იყოს ეს, ისიც უნდა დავაკმაყოფილოთ, რადგან ახირება შეიძლება შფოთვაში გადაიზარდოს და დიდი ზიანი მოუტანოს მას. მე მყავს ორსულების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც თვეში ერთხელ იკეთებს ულტრაბგერით დიაგნოსტიკას, მე არ ვთვლი და ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ამ ქცევას რაიმე მავნებლობა მოაქვს. ორსულს ფსიქოლოგიურად სჭირდება ის მომენტი, რომ მისი შვილის მდგომარეობა გაიგოს. ოფიციალურ კვლევებს შორის წყვეტა გვაქვს ორი თვე, მე ორი თვის განმავლობაში ორსულ დედას ვერაფრით ვერ ვეტყვი რომ მოითმინე და გაჩერდი, ლაბილური ნერვული სისტემის პირობებში, რომელიც ორსულს ახასიათებს, ორი თვე საკმაოდ დიდი ვადაა.
34 წელს ზევით დამდგარი ორსულობა უფრო მეტად საფრთხილო და საყურადრებოა ვიდრე 24-დან 30 წლამდე ასაკის ორსულები?
34 წელს ზევით ორსულები რისკ-ჯგუფს შეადგენენ და მათ მეტი ყურადღება სჭირდებათ ორსულობის მართვის პროცესში. აგრეთვე რისკ–ჯგუფს მიეკუთვნება 18 წელს ქვემოთ ორსულები, დაუნის პათოლოგიის თუ სხვა გენეტიკური პათოლოგიის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, რისკი 18 წელს ქვემოთ ასაკის ორსულებში მეტია ვიდრე 34 წელს ზევით ქალბატონებში, მოზრდილ ასაკში შეგნებულად ეკიდებიან თავიანთ მდგომარეობას, მათში დაბალია არშესრულებული ან გამოტოვებული პროგრამული კვლევების რაოდენობა. 18 წლამდე ახალგაზრდები გამოუცდელები არიან და ზერელედ ეკიდებიან ამ ყველაფერს. მე ვთვლი, რომ 34 წელს ზევით კონტიგენტი უფრო დამჯერი და დამყოლია, შესაბამისად უფრო კარგ შედეგებზე მიდის ვიდრე მცირეწლოვანი პაციენტები.

კონკრეტულად რომელი პათოლოგიები შეიძლება იქნას დანახული რადიოლოგიური კვლევის დროს და რომელი ვერ?
ვხედავთ ნებისმიერ ანატომიურ დეფექტს, ცენტრალური ნერვული სისტემიდან ვიწყებთ და ყველა პათოლოგიის იდენთიფიკაცია შეგვიძლია. ასევე, კიდურების რედუქციული მანკები, ყველა შინაგანი ორგანოს შემოწმება და მათი ფუნქციონირების დადასტურება შეგვიძლია. მაგალითად კუჭი, სწორი ნაწლავი, შარდის ბუშტი ივსება-იცლება თუ არა და ა.შ. ისეთი მოკლე კვლევა არ არსებობს, რომ რადიოლოგმა ვერ მოასწროს იმის დაფიქსირება, მაგალითად შარდის ბუშტი დაიცალა თუ არა. გამოცდილი რადიოლოგის თვალს არ გამოეპარება, რამდენ და რა სახის მოძრაობებს აკეთებს ბავშვი. ბოლო კონგრესზე, რომელზეც ვიმყოფებოდი, დიდი ყურადღება გამახვილდა სახის მიმიკაზე, თუ რა მიმიკას აკეთებს ბავშვი და რა შეუძლია მას გააკეთოს, რა მოძრაობებს აკეთებს და რა სიხშირით, თავის ტვინის განვითარება პირდაპირ კავშირშია ამ ყველაფერთან. მე როდესაც ჩემი პაციენტები მხიარულ ნოტაზე გადამყავს, ნახეთ თქვენი შვილის სახე და ა.შ. სინამდვილეში ამას სამედიცინო სარჩული უდევს, ამით მოწმდება თუ რა ინტელექტის და განვითარების იქნება ბავშვი მომავალში.
ექოსკოპიურად შეუძლებელია მხედველობის განსაზღვრა, თვალს ვხედავთ, თვალის გუგას, როგორ ახელს და ხუჭავს, მაგრამ მხედველობას ვერ განვსაზღვრავთ, მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი დიაგნოსტიკა. იგივეა სმენა, ყურის ნიჟარის სრულფასოვნებას ვხედავთ, მაგრამ სმენა აქვს თუ არა ვერ ვიგებთ. ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია კითხვა აუტიზმთან დაკავშირებით, სამწუხაროდ დღეს მსოფლიოში ისეთი ტექნოლოგია არ არსებობს, რომელიც მუცლადყოფნის პერიოდში აუტიზმის დიაგნოზს დასვამს.
ულტრაბგერითმა კვლევამ, რომელსაც გინეკოლოგიურ კვლევას ვუწოდებთ ყოფით ცხოვრებაში, შესაძლოა თუ არა ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მოგვცეს საშვილოსნოს ღრუში არსებულ პათოლოგიებზე?
პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ულტრაბგერითი კვლევა, რადგან ის ყველაზე არაინვაზიურია, თუ დასკვნა მოგვცემს იმის საფუძველს, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები შემდეგ ეტაპზე უნდა გაკეთდეს ჰისტეროსკოპია, რომელიც მკურნალობის თანამედროვე მეთოდია. ერთი ულტრაბგერითი კვლევის საფუძველზე პირდაპირ ჰისტერსკოპიაზე გაშვება ჩემი აზრით სწორი არ არის, რადგან შეიძლება ახალგაზრდა, გამოუცდელი ექიმის მიერ იყოს კვლევა ჩატარებული, ასეთ დროს ექსპერტული დონის სპეციალისტის დასკვნაა საჭირო, რომ გადაწყდეს აუცილებელია თუ არა ოპერაციული ჩარევა.

დღეს ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიები რომელია?
ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიებიდან არის ფოლეკულარული კისტა, რომელიც გართულებების და ჩარევების გარეშეც შეიძლება გაიწოვოს. კვალიფიცირებული ექიმის მიერ სწორად უნდა იყოს დიაგნოზი დასმული, ეს ნამდვილად ფოლიკულარული კისტაა თუ არა. ძალიან სენსიტიური ჯგუფია ფოლეკულარული კისტის მატარებელი, ფერტილური ასაკის ახალგაზრდა გოგონები, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატარდეს ოპერაცია, საჭიროა დაკვირვება სამი თვის განმავლობაში. ასევე ხშირია ენდომეტრიული კისტა, შოკოლადის კისტას ეძახიან, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ლაპარასკოპიულ ჩარევას, რადგან თვითლიკვიდაციას ვერ განიცდის. ფიბრომა და მიომაც ძალიან ხშირია, ასაკობრივ ჯგუფში, ამ შემთხვევაშიც მიდგომა უნდა იყოს შემდეგი: რა ზომის არის, რა მდებარეობა აქვს, რა კლინიკური დატვირთვა აქვს – ყველა ფიბრომა და მიომა არ საჭიროებს ოპერციულ ჩარევას.
რა არის ფოლიკულის მონიტორინგი, როდის უნდა ჩატარდეს, რა ინფორმაციას გვაძლევს და რა შედეგით მთავრდება საბოლოოდ?
ფოლიკულის მონიტორინგი თუ ასე ფართოდ არის პოპულარიზირებული, ამას ძალიან მივესალმები, რადგან ეს ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს. ფოლიკულის მონიტორინგით ბევრი რამ გამოირიცხება, ჩემი აზრით საჭიროა ნებისმიერ გინეკოლოგიური პრობლემასთან მიდგომა დაიწყოს ფოლეკულის მონიტორინგით. ეს იქნება უშვილობის პრობლემა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა თუ სხვა. სწორედ იმიტომ, რომ არაინვაზიურია, ჩარევებს არ ითხოვს, უბრალოდ მონიტორინგს ვაწარმოებთ, მენსტრუალური ციკლის მეცხრე დღეს იწყება და ყოველი ორი დღის შემდეგ ხდება მონიტორინგი, ამით სრულ სპექტრს ვღებულობთ როგორ ფუნქციონირებს საკვერცხე, რა ჰორმონალური ფონი გაქვთ და ა.შ. ჩემს პაციენტებს ვეუბნები, რომ ფოლიკულის მონიტორინგით ჩვენ დავიჭერთ არა ორ არამედ რამდენიმე კურდრელს. თუ კი ის ჩატარდა, მომწიფდა ფოლეკული, გასკდა და მოხდა ოვულაცია პაციენტს არავითარი ჰორმონალური ფონის ჩაბარება არ მოუწევს, რაც საკმაოდ დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მარტივი მეთოდით შესაძლებელია ადამიანი გახადო ბედნიერი. გარკვეულ შემთხვევებში როდესაც არ მიმდინარეობს სწორად ფოლიკულის გახეთქვა, მნიშვნელოვანია დროულად და სწორად გადაამისამართო პაციენტი გინეკოლოგთან, რომელიც დაულაგებს ამ პროცესს და შემდეგი მონიტორინგის დროს უკვე ნორმაში იქნება ყველაფერი.
გადაცემის აუდიოჩანაწერი