4 პუნქტიანი გეგმა თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით მუშაობს და წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი არის აბსოლუტურად რეალისტური – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„2017 წლის იანვარში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 მეათედი პროცენტი, თებერვალში კი – 4,4 მეათედი პროცენტი შეადგინა. ორი თვის ჯამური მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არის 4.8 მეათედ პროცენტიანი რეალური ზრდა, რაც ძალიან მისასალმებელია,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ეს გამოწვეულია კონკრეტული მიმართულებებით და ძალიან კარგი დინამიკით. ”ესაა, საწარმოთა ბრუნვა; ექსპორტია მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე გაზრდილია ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების რაოდენობაც,“ -აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა არის დიდ წილად გამოწვეული იმითაც, რომ საქართველოს სამეზობლოში ასევე პოზიტიური დინამიკაა.
