LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ ლარამდე შეიძლება გაიზარდოს განბაჟების ლიმიტი – გადამზიდავი კომპანიები პროდუქციის განბაჟების ზღვრის გაზრდის ინიციატივით გამოდიან / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

69
გამოწერილი საქონელი

გადამზიდავი კომპანიები პროდუქციის განბაჟების ზღვრის გაზრდის ინიციატივით გამოდიან. განბაჟების ზღვრის ცვლილების აუცილებლობას ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორით ხსნიან და ამბობენ, რომ მომხმარებელს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა 100 დოლარამდე ღირებულების ნივთების გამოწერის დროსაც უწევს.

ეს ინიციატივა ადრე პოლიტიკოსებისგანაც მოგვისმენია, თუმცა საინტერესოა, რომ ახლა კამპანიას თავად გადამზიდავი კომპანიები იწყებენ.

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან განიხილავს დავით ბეროშვილი – Getit.ge-ის დამფუძნებელი.

– როგორც ვიცით, სამას ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია როდესაც შემოდის საზღვარზე, მას ეკუთვნის საბაჟო გადასახდელი, რომელიც არის დღგ-ს მოცულობა 18 %, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად აძვირებს შემოტანილი საქონლის ღირებულებას. პირობითად 300 ლარიან ნივთზე 18% რომ დაემატება, ეს ნიშნავს, რომ ნივთს 50 ლარამდე ემატება ღირებულება. რატომ გამოდიხართ თქვენ ამჯერად ამ ინიციატივით და რა არის თქვენი ძირითადი არგუმენტები?

– ლიმიტი, როდესაც 300 ლარი დადგინდა, 2009 წელი იყო. კურსი იყო დაახლოებით 1. 65. შესაბამისად სამასი ლარი იყო 185 დოლარი.
პირადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, წვრილმანი საქონლის შემოტანა, განბაჟებას არ ექვემდებარებოდა და ხალხი  ეტეოდა შეღავათიან სამასლარიან ლიმიტში.

ლარის გაუფასურების შემდეგ ელემენტარულად ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გამოწერის დროს განბაჟება და დამატებით გადახდა უწევს.
ლარის კურსის ვარდნის გამო ხალხი ისედაც დაზარალებულია და მარტო ამ კურსის გამო დამატებით კიდევ 18 %-ს ახდევინებს შემოსავლების სამსახური ყოველ შემოსულ ამანათზე.

 

 

– რაც თქვენს გაყიდვებსაც თავისთავად ამცირებს…

– გაყიდვებსაც ამცირებს და ხალხს მძიმე ტვირთად აწევს. ხალხი გაჭირვებულია და საქონელს იმიტომ იწერს საზღვარგარეთიდან ონლაინგამოცემებში.

უფრო იაფი უჯდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ლარიც გაუძვირდა და პლუს კიდევ 18 % უნდა იხადოს.

– თუ გქონდათ კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან? სავარაუდოდ ეს სამინისტროა ძირითადი მოპასუხე, რომელიც ზრუნავს, რომ რაც შეიძლება მეტი გადასახადი შევიდეს.

– მათი პოზიცია უარყოფითია. არ უნდათ დაწესებული ლიმიტის გაზრდა. 2015 წელს იყო მცდელობა, რომ გაზრდილიყო ლიმიტი, მაშინაც უარი მივიღეთ, ჩავარდა პროექტი. სხვადასხვა მიზეზს ამბობენ, რომ არ უნდა გაიზარდოს ლიმიტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს არგუმენტები, შეგროვებული გვაქვს პეტიციები, მომზადებული ვართ პროცესისთვის, რომ პარლამენტში დაიწყოს  საკითხის განხილვა და იქნებ გაიზარდოს 700 ლარამდე ზღვარი.

ლიმიტი  700 ლარი  კურსიდან გამომდინარე დადგინდა. სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფთანაც გვქონდა შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. პროექტს მხარდაჭერა აქვს და იმედია, რომ დამტკიცდება.

– მესმის, რომ მარტივი პროცესი არ იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება. როგორ კამპანიას აპირებთ. რა ღონისძიებებს გეგმავთ?

– დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება და პეტიციაა ჩაშვებული. გამომწერების 100 % ემხრობა ზღვრის გაზრდას უკვე რამდენიმე წელია. გვინდა კანონმდებლებს საზოგადოებრივი აზრი მივაწოდოთ, რომ ხალხს უნდა ეს და არა რამდენიმე კამპანიას, ან რამდენიმე იურიდიულ, თუ სამოქალაქო პირს.

გამომწერების 100 % ითხოვს ამას. შესაბამისად რასაც ხალხი ითხოვს,  სახელმწიფომაც ის უნდა მიაწოდოს.

– გავიგეთ, რომ ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს, იმიტომ რომ შემოსავლები რაღაც დონით შემცირდება, მაგრამ თუ არის დათვლილი რამდენად შეიძლება შემცირდეს სახელმწიფოს სარგებელი.

– პირველადი მონაცემი, რაც მოგვაწოდა შემოსავლების სამსახურმა, არის რომ ყოველწლიურად დაკარგავს 7 მილიონ ლარს.

გადამოწმების შედეგად ამ თანხაზე ვერ გავედით, მაგრამ თუნდაც რომ ეს შვიდი მილიონი იყოს, არაა დიდი თანხა, რომც იყოს ეს შვიდი მილიონი, საიდან ვიღებთ, მაგასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?

გამომდინარე იქიდან, რომ ლარის კურსი გაუფასურდა, ისედაც გაუძვირდა მომხმარებელს თანხა, სხვა არაფერი ფაქტორი არ მუშაობს. მარტო ის, რომ ლარი გაუფასურდა, ამ მიზეზით ვახდევინებთ დამატებით 7 მილიონ ლარს.

მგონი, ეს სამართლიანიც არ არის.

– გეთანხმებით, არ ვიცი, რამდენად მოხდება 700 ლარამდე ზღვრის აწევა. თუმცა ამან შეიძლება გაზარდოს იმპორტი და ვალუტის გადინება და ეს არგუმენტებიც შეიძლება იყოს მათი მხრიდან. (მე ვცდილობ, რომ კონტრარგუმენტები მოვიყვანო).

– სამწუხაროდ საქართველოში წარმოება არაა განვითარებული. სულ რამდენიმე პროდუქტს ვაწარმოებთ, მაგრამ ამ რამდენიმე პროდუქტიდანაც უმეტესი ნედლეული მაინც იმპორტირებულია.

ანუ სრულად ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს გარკვეული გამონაკლისის გარდა.
მე პერანგის იმპორტს მოვახდენ, თუ ადგილობრივი მეწარმე იმპორტირებული ქსოვილით შეკერავს პერანგს, თანხა მაინც გაედინება.

– ანუ იმპორტს ვერ ავცდებით…

– სამწუხაროდ ვერ ავცდებით, თუ არ გვექნება ადგილობრივი წარმოება. იმიტომ უნდა ადამიანს საზღვარგარეთ რაიმეს ყიდვა, რომ რეალურად აქ არ აქვს, ან ძვირია და აქ ვერ შოულობს ისეთ ნივთს, რაც ძვირია.
რომ იყოს, ურჩევნია, რომ იყიდოს მაღაზიაში, თუ არ მოეწონება და გადაცვალოს, ვიდრე ის, რომ ელოდოს რამდენიმე დღე ან კვირა.

– რამდენად გაქვთ იმედი, რომ თქვენს ამოცანას მიაღწევთ?

– იმედი გვაქვს, რადგან ძალიან დიდია მოთხოვნა და ხალხის დაკვეთა საზოგადოებისგან. კამპანიაც დაწყებულია, არ იქნება მარტივი, მაგრამ ცდად მაინც ღირს.

– პირადად მე ვემხრობი ამ ინიციატივას, რომ ზღვარი გასაზრდელია. ოდენობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ ჩვენ და სახელმწიფომ, იმისთვის, რომ რაღაც შუალედური ზღვარი მაინც ვიპოვოთ და იმედია, თქვენი კამპანია წარმატებით დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g