LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად რეალისტურია ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის – ქართველი მეცნიერის ანალიზი

604
ნინო თვალჭრელიძე

სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პრობლემა განსაკუთრებით, მდედრობითი სქესის დასაქმებულებს აწუხებთ. საკითხი აქტუალურია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ქართველმა მეცნიერმა, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს, კოლეგებთან ერთად თემაზე კვლევა ჩაატარა და შედეგები გაგვიზიარა. ნინო თვალჭრელიძის ბოლო პუბლიკაცია საგანმანათლებლო სფეროში სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსს ეხება. ჩატარებულ კვლევასა და მის შედეგებზე ექსპერტმა „რადიო ფორტუნასთან“ ისაუბრა.

განათლების სფეროს ექსპერტი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, პედაგოგი ნინო თვალჭრელიძე განათლების სისტემაში 2010 წლიდან მუშაობს. მის სახელს არაერთი მიღწევა და დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი უკავშირდება. ნინო თვალჭრელიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სამეცნიერო ჟურნალებსა და საგამომცემლო სახლებში. ის არის მასწავლებლების ტრენერი და მრავალი წარმატებული დოქტორანტისა და მაგისტრანტის ხელმძღვანელი. მულტიკულტურული, სტუდენტებზე ორიენტირებული და მორგებული პედაგოგიკა არის ის სფერო, რომელსაც მეცნიერი დიდი ხანია იკვლევს. 

 

ქალბატონო ნინო, მინდა, თქვენს ბოლო პუბლიკაციასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. სტატიებში ფოკუსი მუდმივად სტუდენტებზე გაქვთ გაკეთებული. განიხილავთ სტუდენტების სირთულეებს, სტუდენტებზე მორგებულ მიდგომებს, მათი პრაქტიკაში დანერგვის მექანიზმებს. ბოლო სტატიაში თვალში მომხვდა, რომ აქცენტს აკეთებთ მდედრობითი სქესის პედაგოგებზე. მათ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსზე. როგორ ფიქრობთ ჩვენმა დაჩქარებულმა ეპოქამ მოიტანა ეს პრობლემა?

მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ ეს სტატია წარდგენილი იქნა მე-17 ტექნოლოგიური, განათლების და განვითარების კონფერენციაზე ვალენსიაში, ესპანეთში, 2023 წლის მარტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია განათლების სფეროში და არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საერთაშორისო ატმოსფეროში, გაუზიარონ დარგის ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს. მათ ჟურნალში მოხვედრაც რთული გზების გავლას მოითხოვს. ავტორი უნდა იყოს ექსპერტი დარგში, უნდა შეფასდეს ნაშრომის რელევანტურობა, მნიშვნელოვანება, აქტუალობა, კვლევის დამაჯერებლობა, მონაცემების ობიექტურობა, ანალიზის სიღრმე და დასკვნის ორიგინალობა. მიიღეს ჩვენი სტატია დასაბეჭდად, რაც ამ პროცესის პირველი ეტაპია. შემდგომ ეტაპზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფინანსური თვალსაზრისით გაგვიწია დახმარება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. რაც შეეხება თქვენი კითხვის პასუხს, იქიდან დავიწყოთ, რომ წარმატებული სტუდენტების უკან დგანან წარმატებული, ბედნიერი, სამუშაო-პირადი ცხოვრება ან სამუშაო-ოჯახი დაბალანსებული პედაგოგები. განვმარტოთ, რას ნიშნავს სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი. ადამიანებს სხვადასხვანაირად ესმით ეს ტერმინი, თუმცა თვალშისაცემად გვაქვს სამი ცვლადი: სამუშაო, ცხოვრება და ბალანსი. ბალანსი გულისხმობს სამუშაოსა და პირად ცხოვრებაში დროისა და რესურსების თანაბრად გადანაწილებას, რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტით. რაც შეეხება იმას, თუ რამ გაამწვავა ეს პრობლემა, ვიტყოდი, რომ ჩვენი ცხოვრების დაჩქარებულმა ტემპმა, გლობალურმა შეჯიბრმა, ღია ბაზრებმა, ტექნოლოგიურმა მიღწევებმა უბრალოდ გაართულა ეს პრობლემა, თორემ ეს მუდმივად წარმოადგენდა სირთულეს, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის პედაგოგებისთვის.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ბალანსი?

მნიშვნელოვანია პირველი იმიტომ, რომ ეს არის ეფექტური პედაგოგობის საწინდარი, წარმატებული სტუდენტების და სამუშაოთი კმაყოფილების საფუძველია. მდედრობითი სქესის პედაგოგებს აქვთ სხვადასხვა ტიპის მოვალეობები და როცა სამუშაო და სახლი ერთმანეთს ფარავს, პრობლემები ჩნდება. მასწავლებლები ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ ექსპერტობა და ექსტაორდინალური შესაძლებლობები, რომ დაეხმარონ სტუდენტებს საკლასო ოთახში, ასევე, მოემსახურონ ოჯახს და იყვნენ საზოგადოების წარმატებული წევრები. რა ტიპის სამუშაო ვალდებულებებზე ვსაუბრობთ? მასწავლებლებმა უნდა შეადგინონ, შეცვალონ, გააუმჯობესონ, გადახედონ კურსებს, შეიძინონ ახალი უნარები, რომ კონკურენტუნარიანები გახდნენ. მიიღონ მონაწილეობა საგანმანათლებლო და ექსტრაკურიკურულ აქტივობებში. მდედრობითი სქესის მასწავლებლები, ასევე, ცდილობენ ბალანსი დაიცვან დედობასა და მეუღლეობას შორის. ასე რომ, უწევთ მრავალი ქუდის მორგება, დისბალანსი იწვევს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას, ნაკლებ ფოკუსირებას სამუშაოზე, ასეთმა მასწავლებლებმა იმის მაგივრად, რომ იყვნენ კრეატიულები და ფართო წარმოსახვის უნარით სავსეები, შეიძლება პირიქით, ავნონ სასწავლო პროცესს, ამით მიიღონ სტრესი, სამუშაოთი უკმაყოფილება და ბოლოს დატოვონ საგანმანათლებლო დაწესებულება.

როგორც ვიცით, კვლევაც ჩაატარეთ, რა დასკვნამდე მიხვედით, როგორია ვითარება საქართველოში?

მე და ჩემმა კოლეგებმა ჩავატარეთ კვლევა, რამდენად შესაძლებელია ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოში პედაგოგებმა დაიცვან სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი. ეს არის აღწერილობითი კვლევა, რადგანაც აღწერს არსებულ სიტუაციას. კვლევის კითხვები, რაზეც უნდა მიგვეღო პასუხი არის შემდეგი: რა არის ქალი მასწავლებლების დაახლოებითი საათობრივი დატვირთვა დღის განმავლობაში საქართველოში რეგულარულად? რა კორელაცია არსებობს დატვირთვასა და ანაზღაურებას შორის? რეალისტური არის თუ არა სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვა და ასევე, შესაძლებელი არის თუ არა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა? დატვირთვაში ვიგულისხმეთ დრო, რაც მასწავლებელს სჭირდება საქმისთვის და ამას ემატება ოჯახის სამუშაო. 18-კითხვიანი კითხვარი გავუგზავნეთ 6 სკოლის ქალ პედაგოგებს. დაგვიბრუნა 81-მა რესპონდენტმა. 81-ვე ქალბატონი ზოგადი განათლების სხვადასხვა დონეზე მუშაობს. ასე უფრო ნათლად გავარკვევდით საერთო მდგომარეობას საქართველოში. კვირის განმავლობაში რომ გამოგვეთვალა საშუალო დატვირთვა, შევკრიბეთ ციფრები, რომლებიც დაასახელეს მასწავლებლებმა და გავყავით მათ რაოდენობაზე. გამოვიკვლიეთ, რომ საქართველოში მასწავლებლის საშუალო დატვირთვა არის 18.96 საათი კვირის განმავლობაში. ყოველკვირეულად მასწავლებლების საშუალო დატვირთვა ადმინისტრაციული სამუშაოთი არის 7.09; სახლში შესრულებული სამსახურის საქმე არის 5.66 საათი. ასევე, გამოვთვალეთ ქალი მასწავლებლების სახლის საქმით დაკავებულობა. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაზე დიდი უთანასწორობა მამაკაცებსა და ქალბატონებს შორის მოდის სახლის საქმეზე (UNFPA CO საქართველოს 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით). ქალების დიდი უმეტესობა სახლის საქმეს, როგორიც არის ჭურჭლის გარეცხვა, სადილის გაკეთება, სარეცხის გარეცხვა და ასე შემდეგ, მხოლოდ თვითონ უძღვება. ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ კვირაში 14.57 საათი ქალი მასწავლებლები უთმობენ სახლის სამუშაოებს. ასე დავადგინეთ, რომ ქალი მასწავლებლები სამსახურისა და სახლის საქმეს კვირაში 46.29 საათს უნდებიან. რაც შეეხება დასვენებას, კვირის განმავლობაში ჩვენი რესპონდენტების პასუხების მიხედვით საშუალოდ 3.58 საათს უთმობენ. უკვე ვხედავთ, რომ მასწავლებლები გადატვირთულები არიან, თუმცა მათი მხოლოდ 29.08 % ფიქრობს, რომ სჭირდებათ სამუშაო-პირადი ცხოვრების მეტად დაბალანსება. მასწავლებლებს დავუსვით კითხვა, თუ რა იყო მათი მოლოდინები, როცა იწყებდნენ საკუთარი პროფესიით მუშაობას და აღმოჩნდა, რომ ჩვენი რესპონდენტების 29.6%-ს არც კი უფიქრია ამაზე. რესპონდენტების 45.7% ფიქრობდა, რომ მოახერხებდა დაბალანსებას მარტივად, 24.7 % კი ფიქრობდა, რომ თანდათან მოახერხებდა ბალანსის დაცვას. მასწავლებლებს ასევე ვკითხეთ, თუ რა აქტივობებს ამოიღებდნენ თავიანთი განრიგიდან. 81 რესპონდენტის პასუხის გაანალიზებით, ეს აღმოჩნდა ბიუროკრატიული, ადმინისტრაციული სამუშაოები. რაც შეეხება პროფესიული განვითარების აქტივობებს, მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ ჩართული იყვნენ პროფესიული განვითარების ტრენინგებსა და აქტივობებში, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი სამუშაო განრიგით ისინი ვერ იქნებიან პროდუქტიულები და ვერ ეყოლებათ წარმატებული სტუდენტები. ჩვენი გამოთვლებით მასწავლებლები მუშაობენ 184 საათი თვეში და საათში მათი ანაზღაურება არის 9.24 ლარი. ისინი იმსახურებენ უკეთესს.

რას ურჩევდით პედაგოგებს?

პირველ რიგში, ვურჩევდი სკოლის ადმინისტრაციას, რომ ყურადღება მიაქციონ პედაგოგებს და მინიმუმამდე დაიყვანონ კონფლიქტი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის.

ჩვენმა კვლევამ ცხადყო რეფორმის აუცილებლობა იმისთვის, რომ მასწავლებლების სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი დაცული იყოს, რათა სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს მივაღწიოთ. ვიტყოდი რომ მასწავლებლების შინაგანი დროის მენეჯმენტი არის ის, რაც მათ აძლევთ საშუალებას, რომ გადარჩნენ ამ სინამდვილეში. ასევე, დავამატებდი, რომ მასწავლებლები არიან არა უბრალოდ თანამშრომლები, არამედ ორიგინალურად მოაზროვნე პროფესიონალები, ვისთვისაც პედაგოგობა მოწოდებაა.

 

mazda magti 5g