რატომ არ სჭირდება ყველა კოვიდინფიცირებულს კომპიუტერული ტომოგრაფია და რამდენი ლიტრი სითხე უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა დღის განმავლობაში – ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ექიმმა ნანა გეგეჭკორმა პლატფორმა ,,კოვაიდერის” ლაივში ისაუბრა.
სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს, ასაკის მიუხედავად არ სჭირდებათ კომპიუტერული ტომოგრაფია. მას აქვს სერიოზული დასხივება და რამდენჯერაც იკეთებთ, ორგანიზმს აყენებთ ზიანს. ეს კვლევა გამოიყენება მაშინ, როდესაც მის მიერ მოსაწოდებელი ინფორმაცია უფრო მნიშვნელოვანია და მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე ზიანი, რომელსაც ის აყენებს ორგანიზმს. თუ თქვენ არ ხართ რისკის ჯგუფიდან და გაქვთ მსუბუქი სიმპტომები, არ გჭირდებათ ექიმი, სასწრაფო დახმარება, სტეროიდი, ანტიბიოტიკი, სისხლის გამათხელებელი და ჰოსპიტალიზაცია. არაა საჭირო არც სისხლის ანალიზები. არ გჭირდებათ ამ დროს საერთოდ არაფერი. კლინიკური კონტექსტის გარეშე ანალიზები არაა აუცილებელი. ანალიზები უნდა გავიკეთოთ მაშინ, როდესაც ამას გადაწყვეტს ექიმი, რომელმაც იცის რას ელის ანალიზის პასუხებისგან. არ გამოიყენოთ თვითნებურად მედიკამენტები, სრულიად ჯანმრთელ ადამიანს მსუბუქი სიმპტომებით არ სჭირდება არანაირი მკურნალობა. იყავით იზოლირებულნი და მართეთ დაავადება ისე, როგორც გრიპი.
ბევრი სითხე და აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოძრაობას და ბუშტების გაბერვას ფილტვის არტერიის თრომბოზისგან დაცვა შეუძლია. ამ დაავადებას ახასიათებს ძლიერი სისუსტე, რომელიც მსუბუქ პაციენტებშიც არის ხოლმე გამოხატული და შესაძლოა გადაადგილებაც ჭირდეს, თუმცა აუცილებად უნდა გამონახოთ ძალა აქტიურობისათვის. მწოლიარე მდგომაროებაშიც კი შეგვიძლია დავეხმაროთ ვენებს თუნდაც იმით, რომ ფეხები შემოვალაგოთ მაღალზე, ვაკეთოთ ველოსიპედის ტიპის ვარჯიშები, თუნდაც ტერფები ვამოძრაოთ დროდადრო ისე, რომ წვივის კუნთებიც იყოს ჩართული.
ბევრი სითხე არ ნიშნავს 3-4-5 ლიტრს, ეს არასწორი და საზიანოა. მიიღეთ დაახლოებით 2-2,5 ლიტრი და ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ რამდენ ლიტრ სითხეს გამოყოფთ. რასაკვირველია ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოყოფილი სითხე მილიგრამობით აკონტროლოთ, მაგრამ აუცილებლად მიხვდებით გამოყოფთ თუ არა დაახლოებით იმდენ სითხეს, რამდენსაც იღებთ. თუ შენიშნეთ, რომ სითხის მიღების ფონზე წონაში იმატებთ ან შეშუპება გაქვთ თვალებთან ან ფეხებზე, მიხვდებით, რომ საკმარის სითხას არ გამოყოფთ. მაღალი სიცხის დროს სითხე განსაკუთრებით დიდი ოდენობით იკარგება. თუ ადამიანს მუდმივი ღებინების და დიარეის გამო მიღებული სითხის შენარჩუნება არ შეუძლია, საჭიროა მისი ჰოსპიტალიზაცია, რადგან დეჰიდრატაციას კოვიდის ფონზე ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.