“ქართული ოცნების” პროგრამის პრეზენტაციისას, პარტიის თავმჯდომარემ ოცნების მმართველობის 8 წელი მიმოიხილა და იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემამ მიაღწია.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, “პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, სრულიად განიარაღებულნი სტატისტიკაზე არ საუბრობენ.”
“2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში: ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა; თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი; 160 %-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის – ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი; 70 %-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი; 35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი; 25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი; 8-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. ეს მშრალი სტატისტიკაა, მხოლოდ ციფრები, და არა სუბიექტური ხედვა ან შეფასება. ახლა ვნახოთ, დარჩა თუ არა შეუმჩნეველი ქართული სასამართლო სისტემის ასეთი საგრძნობი ტრანსფორმაცია, უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს?” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა 8-წლიანი მმართველობის შეჯამებისას თქვა, რომ ოპოზიციაში გადასული წინა ხელისუფლება ცდილობს ხალხში შიში, სასოწარკვეთა და უიმედობა დათესოს.
“რას აღარ აგონებენ ხალხს, რომ თითქოს გაჩერდა ეკონომიკა, თითქოს გაჩერდა მშენებლობა, თითქოს ჩამოშლილია პოლიცია, თითქოს წაგვლეკა კრიმინალმა და ისევ 90-იანებში აღმოვჩნდით, თითქოს შეჩერებულია ევროინტეგრაცია და ქვეყანა ისევ კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, რომ თითქოს არ არსებობს სასამართლო და დაინგრა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, თითქოს განვითარება შეჩერებულია, თითქოს ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და საერთოდ, რა დღიდანაც ისინი არ არიან ხელისუფლებაში, ქვეყანა უფსკრულშია”, – თქვა მან.
ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ქართველი ხალხისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა: ივანიშვილი