LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რას არ მივცემდი, რომ ჩაგხუტებოდი“ – ომარ ოკრიბელაშვილის მამა სასამართლო დარბაზის კარიდან შვილს, რომელიც დღეს იუბილარია

215
ომარ ოკრიბელაშვილის მამა

„რას არ მივცემდი, რომ ჩაგხუტებოდი“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილის მამამ, გიორგი ოკრიბელაშვილმა შვილს სასამართლო დარბაზის კარებიდან. მამის განცხადებით, მისთვის აქ ყოფნა ემოციურია, ვინაიდან მას დღეს დაბადების დღე აქვს, ის 20 წლის გახდა.

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ დაამტკიცა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.

სასამართლოში შეუძლოდ გახდა საბა მეფარიშვილის დედა, მისთვის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

ცნობისთვის, 20 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

წარდგენილი ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

magti 5g