LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას და რატომ ასაჩივრებენ აბიტურიენტები

პირველკურსელთა საგრანტო კონკურსს 5000 აბიტურიენტი გამოეთიშა, – ამის შესახებ  „ფორტუნას“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ, განუცხადა.

მისი თქმით, უკვე ცნობილია ზოგადი უნარების გამოცდის დაჯამებული შედეგები.

„ეს რიცხვი, გასულ წელთან შედარებით, ძალიან უმნიშვნელოდ არის შემცირებული. 2016 წელს თუ მათი რაოდენობა 15%-ს ოდნავ აჭარბებდა, წელს 15%-ს მცირედით ჩამოსცდა. საერთო სტატისტიკისთვის ეს მნიშვნელოვანი არაა. რაც შეეხება სხვა საგნებს, დაზუსტებული ინფორმაცია აპელაციების შემდეგ გვექნება, მანამდე კი გეტყვით, რომ პირველადი შედეგების გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვნად არ იქნება განსხვავებული. ქართულში გასულ წელს 6-7%-მა  ვერ გადალახა ზღვარი, წელსაც არა მგონია, განსხვავებული შედეგი იყოს, დაახლოებით ეს მონაცემი იქნება. უცხო ენაშიც ანალოგიური სურათს ვვარაუდობთ,“ –  განაცხადა მინდაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები გადამწყვეტ ფაზაში შედის. როგორი მომზადებულები იყვნენ აბიტურიენტები, გასულ წელთან შედარებით, წელს, რამდენად მაღალია მათი საშუალო შეფასებები და რამდენმა ვერ გადალახა საგნებში დაწესებული ზღვარი, ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება დასრულდება.

აბიტურიენტებმა საგნებში პირველადი შედეგები იციან. თუმცა, თუ არ ეთანხმებიან საკუთარ შეფასებას, გასაჩივრება  11 აგვისტომდე შეეძლებათ. 11 აგვისტომდე შეეძლებათ ასევე, საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/ შეცვლაც.

„გასულ წელთან შედარებით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს ცოტა აბიტურიენტი ასაჩივრებს და მათი განაცხადები არის მკაფიო და გამიზნული. აბიტურიენტების პროტესტი  ძირითადად ისეთი ტიპის დავალებებს შეეხება, როგორიცაა თხზულება, ესე,“  –  ამბობს მინდაძე.

ექსპერტი განათლების საკითხებში, სიმონ ჯანაშია, ზოგადად ერთიანი ეროვნული გამოცდების არსებობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს აბიტურიენტების ცოდნის დონის დასადგენად ვერ გამოდგება. მისი თქმით, ყოველწლიურად სწორედ იმდენი აბიტურიენტი ვერ ლახავს დაწესებულ მინიმალურ ზღვარს, რამდენიც წინასწარვეა განსაზღვრული, ტესტის სირთულე სწორედ აბიტურიენტების მომზადების დონეზეა მორგებული.

„ყოველ წელს ერთი და იგივე სცენარია. ერთადერთი, რაც იცვლება,  ადგილების რაოდენობაა, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება. შესაბამისად,  უფრო და უფრო იკარგება ამ გამოცდების აზრი. გამოცდების აზრი ზოგადად არის შეზღუდული ადგილების განაწილება, ახლა კი ბიუროკრატიასაც და რეპეტიტორებსაც აწყობილი აქვთ საქმე. უნივერსიტეტები ვერ ღებულობენ სტუდენტებს საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი სისტემით უნივერსიტეტი კი არ ირჩევს სტუდენტს, არამედ სტუდენტი ირჩევს უნივერსიტეტს. ეს შეჯიბრი საერთოდ არ უზრუნველყოფს არაფერს, გარდა შეჯიბრისა. ფული და ენერგია იხარჯება შეჯიბრის მოწყობისთვის იქ, სადაც შეჯიბრი არ არსებობს. უნდათ, ჩაჭრან, პირობითად, 5000, ჭრიან 5000-ს. უხეშად რომ ვთქვათ, შემდეგი წლის 41 ათასი აბიტურიენტი თუ მოვა ორჯერ უფრო მეტი ცოდნით, თუ მათ კვლავ ენდომებათ, ჩაჭრან 5000, ამას მარტივად შეძლებენ. ტესტის სირთულე არის მიბმული იმ თაობაზე, რომელიც მოდის,“ –  განუცხადა სიმონ ჯანაშიამ  „ფორტუნას“.

განსხვავებულად ფიქრობს განათლების საკითხებში ექსპერტი, რევაზ აფხაზავა. მისი თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა საგანგაშო არააა და ბუნებრივიც კია, როცა აბიტურიენტების ცოდნის შეჯიბრისას გარკვეული ნაწილი იჭრება.

„არსებითი ცვლილებები არაა. რეალური არგუმენტები, რომ ვიფიქროთ, რაღაც გაუმჯობესდა, ან გაუარესდა, არ გვაქვს. ის წარმატებაც, რაც აქვთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს, სკოლის დამსახურებაა თუ რეპეტიტორების, რომელიც ასე გავრცელებულია, საკითხავია,“  –  განაცხადა რევაზ აფხაზავამ.

წელს სტუდენტობისთვის 41 200-მდე აბიტურიენტი იბრძვის. მათგან გრანტს კი სრულად ან ნაწილობრივ 8000 აბიტურიენტი მიიღებს.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g