ნოდიკო ტატიშვილსა და სალომე ბაკურაძეს, გარდა იმისა, რომ დიდი ხნის მეგობრები არიან და ნოდიკო სალომეს ვაჟის, სანტის ნათლიაც არის, საკმაოდ ახლო საქმიანი ურთიერთობებიც აკავშირებთ. მათ 2018 წელს ჩაწერეს სანატრელი დუეტი „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, მასზე გადაღებული კლიპი, რომელიც ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის და 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფასდა წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე და „ოქროს ტალღის“ მთავარი ჯილდო მოიპოვა.
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ დაარსებული „ოქროს ტალღა“ ახლოვდება და გადავწყვიტეთ, ნოდიკოსა და სალომესთვის გვეკითხა, რა მოუტანა მათ ამ ჯილდომ და რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში ასეთი ტიპის დაჯილდოების არსებობა. ნოდიკოს და სალომეს „ორანჟერიაში“ შევხვდით.
„ოქროს ტალღა 2018“-ის გამარჯვებულები ხართ…
ნოდიკო:
მე მგონია, რომ „ოქროს ტალღა“ არის ძალიან საჭირო დაჯილდოება, მომღერლებისთვის, კომპოზიტორებისა და ტექსტის ავტორებისთვის. იმხელა სტიმულს იძლევა, რომ გინდა, შემდეგი წლისთვის უფრო მეტი ნამუშევარი დადო. მოწადინებული ხარ, კარგი სიმღერა მოიძიო, ჩაწერო, კარგად შეასრულო. შემდეგ ელოდები, როდის დასრულდება რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ სიმღერების მიღება და დაიწყება მზადება დაჯილდოების ცერემონიისთვის.
სალომე:
ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე. აი, ნოდიკომ ახალი სიტყვა გამოიყენა ამ თემასთან მიმართებაში – მოწადინებული (იცინიან). მართლა მოწადინებულები ვართ. მთელი წელი გაფიქრებს, რა სიმღერა ჩაწერო და მიიტანო, რომ ჯილდო მოიპოვოს. ყველა პრიზი მთავარია პრინციპში, ასე რომ, ყველა წელს შეიძლება გქონდეს რომელიღაც კატეგორიაში გამარჯვების იმედი.
ნოდიკო:
ჩვენმა დუეტმა, „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ წლის სიმღერის ჯილდო აიღო. ძალიან დიდხანს გაგრძელდა დაჯილდოების ცერემონია, ეს სულ ბოლო და ყველაზე მთავარი ნომინაცია იყო. ერთი კატეგორია გავიდა, მეორე… მე და სალომე გამოწკეპილები ვსხედვართ და ველოდებით, რა მოხდება. სალომემ მკითხა, მგონი, არაფერს გვაძლევენო. ზუსტად რამდენიმე წუთში რადიოჰოლდინგის დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ გამოაცხადა, რომ წლის სიმღერა გახდა „ერთხელ წვიმიან ქალაქში“.
სალომე:
ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები კარგად არ მახსოვს ხოლმე. არც ის მახსოვს, როგორ ავედი სცენაზე. ნოდიკომ ამაპორწიალა (იცინის). ძალიან ემოციური მომენტი იყო. მერე ვნახე ვიდეოში, როგორ ავედი სცენაზე და რაღაცებს რომ ვლაპარაკობდი… ნოდიკოს ვანდობ ყველაფერს. „სულს განდოოობ“ (მღერის – ავტ.), ხომ იცი (იღიმის).
ნოდიკო:
წითელი ხალიჩა რომ გამოვიარეთ, უამრავი ადამიანი გვილოცავდა წინასწარ. გვეუბნებოდნენ, რომ მთავარი პრიზი აუცილებლად ჩვენი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდნენ.
სალომე:
ამბიციური განაცხადი იქნებოდა, ეს რომ გვეთქვა, მთავარ ჯილდოს ავიღებთო, მაგრამ ამის ძალიან დიდი სურვილი გვქონდა.
ნოდიკო:
მოლოდინი გვქონდა, რადგან რადიოში ინტენსიურად ითხოვდნენ, კლიპს დიდი წარმატება ხვდა წილად, „იუთუბის“ რეიტინგში ერთი კვირა ვიყავით პირველ ადგილზე, ამჟამად ათი მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ეს არის რეზულტატი, იმის მაჩვენებელი, რომ პროექტი შედგა. გადაჭრით ვერასდროს ვერაფერს იტყვი, რადგან არ იცი, რა მოხდება, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ალალად ვამბობ, მქონდა მოლოდინი, რომ გავიმარჯვებდით…
როცა ამ სიმღერას წერდით, ვარაუდობდით, რომ მას ათ მილიონჯერ ჩართავდნენ?
სალომე:
არა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვივარაუდებდით. ლილიკო ნემსაძემ დაგვიწერა სიმღერა, იქვე გვამღერა და მალევე ჩავწერეთ.
ნოდიკო:
2007 წლიდან ვწერთ დუეტს და ვერ ჩავწერეთ ამ დუეტამდე. უბრალოდ, ძალიან მოგვეწონა ლილიკო ნემსაძის ლამაზი მელოდია, ტექსტი დაგვიწერა ირინა სანიკიძემ, ძალიან საინტერესო. ბორიკო შხიანს, როგორც სჩვევია, ისეთი არანჟირება გააკეთა.
სალომე:
როცა ეს სიმღერა ჩავწერეთ, ძალიან მოგწონდა. ბათუმიდან მოვდიოდით და ორივემ დავაფიქსირეთ აზრი, ერთდროულად, როდის ვიღებთ კლიპსო. იდეები გავცვალეთ და სიუჟეტიც კი ერთნაირი გვქონდა მოფიქრებული. არ გვინდოდა რამე „გასული“, სიმღერას უნდა მიჰყოლოდა სიუჟეტი.
ნოდიკო:
ამას მოჰყვა ზარი ნესტან სინჯიკაშვილთან. თავიდან ვუთხარით, რომ თუკი არ მოეწონებოდა, თავში არაფერი ჩაერტყა, როგორც თვითონ ჩათვლიდა, ისე გაეკეთებინა. ნესტანმა ჩვენი იდეა გაითვალისწინა და თავადაც დაამატა ბევრი რამ. კლიპის პროდიუსერი გახლდათ ჩენი მეგობარი, თაკო დოლაბერიძე, რომელმაც ლოკაციები შეარჩია. ამ ადამიანებთან მუშაობით ძალიან მალე დალაგდა ყველაფერი.
საოცარი იყო, ვიდეო რომ დავდე, მომივიდა მესიჯად, გილოცავთ, თქვენი ვიდეო ტრენდულია „იუთუბზეო“, შევედი და ვკითხულობ, რომ პირველ პოზიციაზეა (იღიმის). „ოქროს ტალღამ“ კი ჩვენი დუეტის წარმატება ახალ საფეხურზე აიყვანა.
წელს რას ელოდებით „ოქროს ტალღისგან“?
სალომე:
ვარ თუ არ ვარ ნომინანტი, ყოველთვის ველოდები განსაკუთრებულად. ვმონაწილეობ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს და ასევე რა მასშტაბებისაა ღონისძიება. ჩემთვის მუდამ დიდი მნიშნელობა ჰქონდა „ოქროს ტალღას“ და სულ უდიდესი ინტერესით მივდივარ ხოლმე. მეც და ყველა ველოდებით, რომ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. მომღერლებს გვაქვს ინტერესიც და გვაქვს ასევე გევრდზე დგომის სურვილიც. ქვეყანას სჭირდება ასეთი პროექტი.
ნოდიკო:
წინა წელს საოცარი საღამო შედგა. ვფიქრობდი, რომ საქართველოში არ ვიყავი. წითელი ხალიჩიდან დაწყებული ყველაფერი საინტერესოდ წარიმართა. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გვერდში ვართ, რადგან ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია.
წელს ჩემი სამი სიმღერა მონაწილეობს კონკურსში და აქაც მაქვს მოლოდინები (იღიმის).
შემოქმედებითი სიახლეები გაქვთ?
სალომე:
მე მაქვს ახალი საზაფხულო სიმღერა, რომლის მსმენელისთვის წარდგენა ზაფხულამდე ცოტა ადრე მინდა, იმედია, ბორიკო შხიანი გაითვალისწინებს ამას და მალე მომაწვდის. მისია მელოდიაც და არანჟირებაც, ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის, ბოლო კუპლეტში კი დათო ფორჩხიძე დამეხმარა. ოქროს ბიჭები არიან. ნოდიკომ მოისმინა ამ სიმღერის ჩონჩხი.
ნოდიკო:
ერთი სული მაქვს, როდის გამოვა, ძალიან მაგარია. სალომე ის ადამიანია, რომელსაც ცოტა ხელის წაკვრა სჭირდება. მიდი, მიდი, რას ელოდები, სულ უნდა უძახო. მას ჰყავს ოჯახი, მეუღლე, შვილი, მართლა ბევრი საქმე აქვს, თან, ხშირად მოგზაურობს და შემოქმედებითი საკითხების მოსაგვარებლად ხშირად ვერ იცლის.
სალომე:
ნოდიკოს არსებობა ჩემს ცხოვრებაში ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია. ნოდო თუ მათრახით არ დამადგება, დედაჩემი ურეკავს ხოლმე ნოდიკოს, აბა, რას შვრები, ხომ იცი, სალომეს თავზე დადგომა სჭირდებაო (იცინის).
ნოდიკო:
მეც მაქვს ხოლმე ასეთი მომენტები, გადაღლილობის, მაგრამ მერე თითქოს ცეცხლი მომეკიდება, ვიწყებ გეგმების განხორციელებას. ვფიქრობ, „ოქროს ტალღაზე“ წარმატებული იქნება ჩემი ახალი სიმღერა „მე ვოცნებობდი“. მიხარია, რომ ყველა კონცერტზე მყვებიან ამ სიმღერის შესრულებისას. ჩემი ნათლული სანტიც მღერის ამ სიმღერას.
რაც შეეხება ახალს, ორი კვირის წინ შედგა პრემიერა „რუსთავი 2“-ზე მარინა ბერიძის რუბრიკაში, დათო ევგენიძის სიმღერაა „მე და შენ“. დაახლოებით ერთ კვირაში ბენდ „ფაივთან“ ერთად ჩავწერ ამ სიმღერას. ლოკაციები უკვე მოვიარეთ მე და ნესტან სინჯიკაშვილმა და კლიპსაც ვაპირებ. ვფიქრობ, ეს სიმღერაც გახდება საყვარელი ჩემი მსმენელისთვის. ევგენური სიმღერა გამოვიდა, ძალიან განსხვავებული, ლექსიც მისია, გამორჩეული… დათო რეპეტიციაზეც მივიპატიჟე. ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, რას ფიქრობს ავტორი. დათომ მოუსმინა და მიხარია, რომ ძალიან მოეწონა. იმედი მაქვს, ჩანაწერიც და კლიპიც ასევე ძალიან მოეწონება (იღიმის).
ფოტო: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“
ნინო მურღულია
„ოქროს ტალღის” წარმდგენია „ლიდერ ფუდი“. პარტნიორები: ოფიციალური ავიაგადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“, ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი სპა. საინფორმაციო მხარდამჭერი “რუსთავი 2“.