რას გულისხმობს თვით ზრუნვა – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლიკა ბარაბაძემ ისაუბრა.
რა არის თვით ზრუნვა?
თვით ზრუნვა არ არის შენაძენი და პროცედურები. როდესაც ვამბობთ: “თავი გაინებივრე”, “თავს მოუარე” და ა.შ., ვგულისხმობთ, რომ ადამიანმა საკუთარ თავზე ფული უნდა დახარჯოს, რაც დროდადრო სულაც არ არის ცუდი, მაგრამ თვით ზრუნვა არ არის. არც კოსმეტოლოგიური პროცედურა და ახალი საყურის ყიდვაა თვით ზრუნვა. თვით ზრუნვა მართლა ზრუნვას გულისხმობს. თვით ზრუნვაა უკეთესი და უფრო კომფორტული (და დიახ, უფრო ძვირად ღირებული) ფეხსაცმლის შეძენა და ფეხების მუდმივ ტკივილზე უარის თქმა. თვით ზრუნვაა ოდნავ მეტის გადახდა და ჯანსაღი ლანჩის მირთმევა; თვით ზრუნვაა კბილების გაწმენდა 6 თვეში ერთხელ. ვერავითარი სალონში გასწორებული თმა ვერ ამოავსებს სიცარიელეს, ვერ მოგცემთ ენერგიას. გინდათ ენერგია? გამორთეთ ფილმი და დაიძინეთ. ძილი ყველაზე დიდი საჩუქარია.
თვით ზრუნვა არ არის საკუთარი საჭიროებების სხვების საჭიროებებზე მაღლა დაყენება. კიდევ ერთი ნარცისისტული ტრენდი, რომელიც ახალმა დროებამ მოიტანა: გვეუბნებიან, რომ თვით ზრუნვა ნიშნავს, ჩვენი საჭიროებები სხვების საჭიროებებზე მაღლა დავაყენოთ. მაგალითად, საქმის დასრულებამდე შორია, მაგრამ ერთი თანამშრომელი იღლება, დგება და შინ მიდის, დანარჩენებს კი საქმე ემატებათ, ნაცვლად იმისა, რომ შეთანხმდნენ, როგორ მოიქცნენ შექმნილ ვითარებაში. თვით ზრუნვა ხანდახან სხვების შეწუხებასაც გულისხმობს, თუმცა იშვიათად. თუ საკუთარ თავზე ზრუნვა სხვების შევიწროებით ხდება, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ. პირიქით, სოციალური კავშირების აღდგენა თვით ზრუნვის აუცილებელი ნაწილია. თვით ზრუნვა ნიშნავს იმ ხალხთან ყოფნას, რომელიც გვზრდის, გვასწავლის, გვეხმარება და პირიქითაც – რომელსაც ჩვენ ვუდგავართ მხარში. სხვებზე ზრუნვა, ოღონდ გაცნობიერებულად, თვით ზრუნვის აუცილებელი ნაწილია.
თვით ზრუნვა წინასწარ განსაზღვრული ქცევების ნაკრები არაა. თვით ზრუნვას სიტუაცია განაპირობებს. თვით ზრუნვა ხშირად სიტუაციურია, რადგან მისი მიზანი, საბოლოო ჯამში ფსიქიკური და ფიზიკური ჰომეოსტაზის აღდგენაა. ის ბალანსს და ჰარმონიას გულისხმობს. მაგალითად, თუკი თვეებია, რაც სუბიექტურად მნიშვნელოვან, მაგრამ ობიექტურად უმნიშვნელო რამეს ვერ აკეთებთ, თვით ზრუნვა ნიშნავს, აღარ გადადოთ ეს საქმე და მისცეთ თავს უფლება, ისიამოვნოთ. სხვა დროს კი წამყვანი ხდება ობიექტურად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა, რადგან ეს პრობლემა სტრესის წყაროა, შეუსრულებელი მისიაა, რომელიც ყოველდღე გვჭყლეტს. შესაბამისად, თვით ზრუნვა – ეს არის უნარი, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მდგომარეობაში ფსიქოლოგიურად დრეკადები ვიყოთ, გავაკეთოთ ოპტიმალური არჩევანი.
თვით ზრუნვა მხოლოდ ქცევა არ არის, ეს განწყობაა. საკუთარ თავზე ზრუნვის მთავარი კომპონენტი არა განსაზღვრული ქცევა, არამედ შინაგანი სამყაროს მიღება. თვით ზრუნვა თვით ემპათიას ნიშნავს. ერთი შეხედვით, ეს თვით ემპათია რაღაა, ისედაც არ ვქომაგობთ საკუთარ თავს? გამოდის, რომ არა. თვით ემპათია გულისხმობს იმის აღიარებას, რასაც ვგრძნობთ (მაგალითად, ტკივილს, შფოთვას, სირცხვილს), მერე კი იმის გაცნობიერებას, რომ ეს ემოციები უნივერსალური ადამიანური გამოცდილების ნაწილია. შესაძლოა, ტკივილსაც განვიცდიდეთ და სირცხვილსაც, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ამას ყველა განიცდის და არ განვსაჯოთ საკუთარი თავი. ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისადმი ემპათიურია, ხვდება, როდესაც შფოთავს და იცის, რომ ეს შფოთვა რაღაცისთვის სჭირდება – მაგალითად, მიზნის მისაღწევად, საქმის კარგად გასაკეთებლად. მაგრამ ის არ აძლევს შფოთვას უფლებას, მართოს. ის აღიარებს და იღებს შინაგან მდგომარეობას, არ ებრძვის, აცნობიერებს და შემდეგ უშვებს.
თვით ზრუნვა იზოლაციას არ ნიშნავს. საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულება იზოლაციისგან თავის დაღწევაა. ხშირად თვით ზრუნვა სოლო აქტივობა გვგონია, მაგალითად, აბაზანის მიღება ან მედიტაცია, მაგრამ სტრესის დროს სხვებთან დაკავშირება თვით ზრუნვის აუცილებელი პირობაა. თვით ზრუნვა ნიშნავს, რომ ჩვენს სამყაროში სხვებსაც ვუშვებთ, ვუკავშირდებით დიდი ხნის წინ დაკარგულ მეგობრებს, პირადად ვხვდებით ხალხს, რომელსაც მხოლოდ ინტერნეტით ველაპარაკებით. დიახ, მარტო მედიტირებაც აუცილებელია, მაგრამ ჯგუფში ჩართულობაც, მიკუთვნებულობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თემის განცდა, თანამოაზრეების პოვნა, მეგობრებისა და ნაცნობების ქსელის გაბმა – ყველა ბოლოდროინდელი კვლევა გვეუბნება, რომ სწორედ ეს გვაკლია თანამედროვე სამყაროში.
როგორ დავიწყოთ თვით ზრუნვა?