ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, რომელმაც ექიმობით ბავშვობის ნატვრა აიხდინა, საკუთარ ცხოვრებას საყვარელი პროფესიის გარეშე ვერ ხედავს – მისი ტელეფონი არც დღისით ჩერდება და არც ღამით. გულისხმიერი ექიმისთვის ყველაზე მთავარი, ძირითად პროფესიულ უნარ-ჩვევებთან და მუდმივად განახლებად სამედიცინო ინფორმაციასთან ერთად, ექიმის ერთი, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, თანაგრძნობის უნარი, – გულგრილობა, მისი აზრით, ამ პროფესიის ადამიანებისთვის უპატიებელი რამაა. თავად ყველა თავისი პაციენტი ახსოვს, განსაკუთრებით ისინი, ვინც ყველაზე მძიმედ იყო ავად და ინგა ექიმის წყალობით, დღეს სრულიად ჯანმრთელია…
ინგა მამუჩიშვილის პროფესიული და ცხოვრებისეული გზა fortuna.ge-ს ინტერესის საგანი გახდა…
ინგა მამუჩიშვილი:
პატარაობიდანვე მოწოდება მქონდა, გავმხდარიყავი ექიმი. ექიმთან მისვლის არ მეშინოდა, ვაკვირდებოდი ამ პროფესიის ადამიანების ნივთებს, ვთამაშობდი… ჩემი პროფესიის არჩევანი დიდწილად განაპირობა დედას ავადმყოფობამ – წითელი ქარი ჰქონდა, იმ დროისთვის ეს დაავადება არ იკურნებოდა. ვატარებდით სხვადასხვა ქალაქში სამკურნალოდ, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, – აუცილებლად ექიმი უნდა გამოვსულიყავი, რომ დედისთვის მემკურნალა.
როდესაც საბუთები სამედიცინო ინსტიტუტში შევიტანე, საშინელი კორუფცია იყო… მისაღებ გამოცდებზე ნახევარი ქულა დამაკლდა და პირველად მივიღე ასეთი გულისტკენა, იმედგაცრუება. საოცრად ვიყავი მომზადებული, ვერ გავიგე, რატომ დამაკლეს ის ნახევარი ქულა და გაპროტესტებაც არ მოხერხდა.
იმ წელს მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში გამოცხადდა მიღება. დედისერთა გოგონა გამამგზავრეს მოსკოვში, ბებია გამაყოლეს და იქ ჩავირიცხე მოსამზადებელ ფაკულტეტზე, სადაც ძალიან სუსტი კონტინგენტი მიდიოდა, მე კი უკვე იქიდანვე გამოვჩნდი, როგორც ძალიან მომზადებული სტუდენტი. სამი თვის განმავლობაში დღე და ღამე არ მძინებია, პირველ კურსზე რომ გადავედი, უკვე წარმატებული სტუდენტი ვიყავი.
ძალიან მძიმე იყო იქ ყოფნა. ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნის ბინაში ვცხოვრობდი, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდის მინისტრები. იქ პირველად გავიგონე ფრაზა: „ჩვენ გვინდა საქართველო ქართველების გარეშე“. მახსოვს, როგორ გამოვედი სწრაფად სახლიდან და სამი საათის განმავლობაში დავდიოდი სიცივეში, თოვლში, ვფიქრობდი, რატომ თქვეს ეს… კიდევ ბევრი ფრაზა მსმენია ქართველების მიმართ, აუტანლობა… ვერ ვიტყვი, რომ იქ არ იყო კარგი ხალხი. დიპლომატის შვილების ჯგუფში ვსწავლობდი და დაახლოებით 60% უცხოელი იყო.
მეორე კურსზე ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი, შემეძინა ბიჭი. დედობასაც და სტუდენტობასაც ერთად ვახერხებდი და ინსტიტუტი წარმატებით დავასრულე.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შემომთავაზეს იქ დარჩენა, პედიატრად მუშაობა პოლიკლინიკაში, ერთოთახიანი ბინა და მოსკოვში ჩაწერის პერსპექტივა მელოდებოდა, მაგრამ უარი ვთქვი და საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე.
თუ გიფიქრიათ მაშინ, რომ სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმი გახდებოდით?
იყო რაღაც წინაპირობები, რომელთა გამოც ამას მაშინვე ვგრძნობდი. როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრაზე დავიწყე მუშაობა, ახალგაზრდა ინტერნებს შორის პროფესორი ყოველთვის გამომარჩევდა. ქალბატონამ ლელი ქერქაძემ ერთ დღეს მთხოვა, შემოვლის მერე მასთან შევსულიყავი. მან მირჩია, სწავლა ასპირანტურაში უნდა გამეგრძელებინა, რადგან მისი შეფასებით, მოწოდებით ექიმი ვიყავი და ასე ახალგაზრდას უკვე მქონდა თეორიული და პრაქტიკული ბაზისი – ჩავაბარე ასპირანტურაში, დავიცავი საკანდიდატო, სადოქტორო დისერტაციები, ვმუშაობდი კათედრაზე, შემდეგ გავხდი ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე ჩემი საქმიანობის სტუდენტების სწავლებასთან შეთავსება…
დღეს საკმაოდ ბევრი პაციენტი მყავს, დატვირთული ვარ… ჩემი ცხოვრების კრედოა, ვიცხოვრო თავისუფლად, არ ვიცხოვრო შიშით და ჩემი თავი თავიდან ბოლომდე მივუძღვნა პატარებს, ამიტომაც ტელეფონი თითქმის არასდროს ჩერდება. მთელი ღამის განმავლობაში მწერენ პაციენტები და მათ აუცილებლად ვპასუხობ. ღამეები არ მძინავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მძიმე პაციენტები მყავს.
ერთ ბოლოდროინდელ შემთხვევას გავიხსენებ, რომელმაც გამანადგურა – ჩემთან მოიყვანეს ბავშვი, რომელსაც დედის თქმით, გადატანილი ჰქონდა ნაწლავური ინფექცია. როდესაც ბავშვს სახეზე შევხედე, დედას ვთხოვე, რომ მეორე დღეს თირკმლის ფუნქციის ანალიზი გაეკეთებინა, რადგან ბავშვს სახე შეშუპებული ჰქონდა. 4 წლის პაციენტზე მაქვს საუბარი. კრეატინინი 37-ზე დაბალი უნდა ყოფილიყო და იყო 800-ზე მაღალი. მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ძალიან იყოჩაღეს იაშვილის კლინიკის ექიმებმა. დასჭირდა დიალიზი. ბავშვი დღეს კარგად არის, მაგრამ იმ სამი ღამის განმავლობაში მე და დედამისს კავშირი არ გაგვიწყვეტია. მას სჭირდებოდა ჩემგან იმის თქმა, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. როგორია, როცა დედას ამას ეუბნები და სინამდვილეში არ იცი, ეს ასე იქნება თუ არა. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, გითქვამთ თუ არა ტყუილიო? როგორ არა – ასეთ დროს ტყუილი სასიცოცხლო მნიშნელობისაა, რომ დედას გაუჩნდეს იმედი, განეწყოს დადებითად, გამოეყოს ენდორფინები, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
ამ შემთხვევით ძალიან ვამაყობ…
კიდევ რითი ამაყობთ?
ვამაყობ იმით, რომ, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ბევრ ხალხს ვუყვარვარ; ვამაყობ იმით, რომ არავისთვის ცუდი არ მნდომებია პუტინის გარდა (იცინის); არასდროს ვყოფილვარ უიმედოდ განწყობილი და ჩემი ინტუიცია ყოველთვის მიმართლებს, ამითაც ვამაყობ, მცოდნია, რომ 90% ცუდი გამოსავალი იყო მოსალოდნელი, მაგრამ მჯეროდა, რომ ყვეალფერი კარგად დასრულდებოდა და ასეც მომხდარა.
შემოიყვანეს კლინიკაში ბავშვი, რომელსაც ჰქონდა დალეული ძაღლების ტილის საწინააღმდეგო საშუალება. შემოიყვანეს ჩემთან, როგორც ახლომდებარე კლინიკაში, პირველი დახმარება უნდა აღმომეჩინა და შემდეგ გამეგზავნა იაშვილის სახელობის კლინიკაში. ორი კვირით ადრე ამ შემთხვევამდე ჩემთან ვიზიტით გახლდათ ქალაქის ცნობილი ვეტერინარი, რომელსაც შვილი ჰყავდა მოყვანილი. გავიფიქრე, როგორ არ ჩავიწერე მისი მომერი-მეთქი. ჩემს კაბინეტთან მივირბინე და უცებ ეს ვეტერინარი დავინახე, თავის შვილთან ერთად, განმეორებით ვიზიტზე იყო მოსული შემთხვევით. მასთან ერთად შევძელი ბავშვისთვის საჭირო პირველი დახმარების გაწევა და მისი გადარჩენა…
ვამაყობ კორონას პერიოდში მუშაობით – ჩემი პატარა პაციენტები თავისი ოჯახის წევრებით გამოვაჯანმრთელე – ზუსტად მაქვს დათვლილი, ამ ორი წლის განმავლობაში, კოვიდის ვირუსით დაავადებული 1734 პაციენტი გამოვიყვანე მდგომარეობიდან ისე, რომ კლინიკაში არც ერთი არ მოგვითავსებია. ერთ-ერთი იყო არაჩვეულებრივი ქალბატონი, 84 წლის, რომელსაც არაფრით უნდოდა კლინიკაში გადასვლა, დავტოვეთ შინ და ის ახლა გადასარევად გრძნობს თავს. ხანდახან კი ვფიქრობ ხოლმე, როგორ ვიღებ ამდენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე… ეს გრძნობა იმდენად დიდია, რომ საკუთარ თავს ვისპობ ამით. 35-წლიანი პრაქტიკის შემდეგ ვერაფრით გავათვითცნობიერე, რომ ექიმი ვარ და პაციენტთან შესაძლოა, დადგეს ცუდი გამოსავალი… ამისი გაფიქრებაც არ მინდა. ყველა მძიმე პაციენტი მახსოვს და არასდროს მიმიტოვებია…
თუკი მაინც ხდება სამწუხარო შემთხვევები, გაქვთ დეპრესიული ეპიზოდები?
სამწუხაროდ, ასეც ხდება და მაქვს ხოლმე დეპრესიული მომენტები… არასდროს დამავიწყდება ერთი ბავშვი, რომელიც მის უკანასკნელ წუთებში მოვნათლეთ კლინიკაში…
ზოგადად, დეპრესიული ბუნება მაქვს, ამას ხალხს არ ვაჩვენებ, მაგრამ თვის განმავლობაში არის დღეები, როცა შინაგანი შფოთვა მიპყრობს. ასეთ დროს ვცდილობ, დავწერო ლექსი, ვიმღერო, დავხატო. მამა გახლდათ თვითნასწავლი მხატვარი და მისი ნიჭი გადმომეცა. ძალიან მიყვარს პორტრეტების შექმნა, ესკიზების, ჩანახატების… ერთი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული – მამა 40 წლის იყო, როცა სახლში ტილო პირველად გადაჭიმა და შექმნა პირველი ნახატი, სახელწოდებით „ვენეცია“, რომელიც ახლაც მაქვს სახლში. როგორც კი გამოვნახავ დროს, მეც მინდა, ამ საქმეს უფრო სერიოზულად მივუდგე.
რაც შეეხება მუსიკალურ ნიჭს, ესეც გენეტიკურია, დედა მღეროდა ძალიან კარგად, რესპუბლიკის ოლიმპიადებზე იმარჯვებდა, მიყვარს ქართული სიმღერაც და უცხოურიც, თავადაც მიყვარს ინსტრუმენტზე დაკვრა. ბოლო შვილიშვილი, ერთი წლის ანასტასია მყავს – დედაჩემი კოვიდით გარდაიცვალა, ჩემი გოგონა იყო ორსულად, სულ ეუბნებოდა, როგორ მინდა თეთრი და ცისფერთვალება ბავშვი გყავდესო, გარდაიცვალა დედაჩემი და ასეთი გოგონა გაჩნდა. დედაჩემს ჰგავს. მას რომ ვხედავ, განსაკუთრებულად ვწყნარდები, ვმშვიდდები.
ამბობთ, რომ ღამეები არ გძინავთ სხვის შვილებზე ზრუნვისას. თქვენს ოჯახს თქვენი ყურადღება არ აკლდება?
მეუღლესთან გაცილებული ვარ, ჩემს შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ. ჩემს შვილიშვილებს ჩემი ყურადღება არ აკლიათ. სამსახურიდან გავრბივარ, მომყავს ჩემი შვილიშვილები, ჩემთან რჩებიან, რომ ერთმანეთთან ურთიერთობით ვისიამოვნოთ. მათზე ჯანმრთელობის კუთხითაც მხოლოდ მე ვზრუნავ. თუ ქვეყანაში არ ვარ, ჩემი ოჯახის წევრებმა იციან, ვის უნდა მიმართონ.
მოწოდებით ექიმი თქვენთვის როგორია?
ექიმი უნდა იყოს მართალი. ექიმი შეცდომის გარეშე არ არსებობს, მაგრამ გულგრილობა და უპასუხისმგებლობა კატეგორიულად დასაგმობია. ამას ვერ ავიტან და კოლეგებთანაც დავგმობ. აუცილებლად უნდა გიყვარდეს ადამიანები. ხვალისთვის არ უნდა გადადოს, დრო უნდა მოიგოს იმისთვის, რომ პაციენტი გადაარჩინოს, ანალიზის, მანიპულაციის ჩატარების გადავადება ზოგჯერ სავალალო შედეგით მთავრდება. მედმუშაკს არსდროს უნდა ეცვას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ის უნდა იყოს მუდმივად დაუღალავ მოძრაობაში.
თქვენთვის ეს თავის გადადების პროფესიაა?
ეს არის პროფესია, რომელსაც სრულად მივუძღვენი თავი. ბოლო პერიოდში არსად წასვლაც კი არ მინდა, თითქოს ვწყდები ჩემს საქმიანობას. ჩემი პროფესიისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში ვისვენებ, თუკი ევროპაში რამდენიმე დღით გავემგზავრე, საქართველოში – ვერსად. ჩემი შვილი მეხუმრებოდა, პარიკით უნდა წაგიყვანო დასასვენებლადო. პატარების კონტინგენტი არის ჩემი ცხოვრება და სუნთქვა. არ შემიძლია, მათ შესახებ დასმულ კითხვას არ ვუპასუხო.
რას ნანობთ დღევანდელი გადმოსახედიდან?
სამი თვის განმავლობაში ემირატებში ვმუშაობდი პედიატრად. იქ დარჩენის საშუალება მქონდა. წითელი ჯვრის კლინიკაში ვმუშაობდი, ძალიან საინტერესო იყო იქ ყოფნა, ვნანობ, რომ უფრო მეტხანს არ დავრჩი.
პირად ცხოვრებაში შევცვლიდი რაღაცებს. ჩემი პირადი ცხოვრება საბოლოო ჯამში მარცხით დასრულდა, ქმართან ურთიერთობას ვგულისხმობ…
ვნანობ იმას, რომ მქონდა აშშ-ში გამგზავრების და მუშაობის დიდი შესაძლებლობები და უარი ვთქვი პატარა შვილიშვილის გამო, – ოჯახისთვის ყურადღების მოკლება არ შემიძლია.
ხინჯად მაქვს გულში, რომ დავტოვე სამედიცინო უნივერსიტეტი, იმიტომ, რომ გადავედი თავიდან ბოლომდე პრაქტიკულ საქმიანობაში, არადა, სტუდენტებთან ურთიერთობა მენატრება.
ახლა მარტო ვცხოვრობ. ფიქრები თუ გადამიყოლებს ხოლმე, სინანულის გრძნობა მიპყრობს.
რამდენიმე ნატვრა მაქვს – მინდა, უკრაინამ გაიმარჯვოს ომში, მინდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და ძალიან მინდა, ჩვენი ქვეყანა დაადგეს ევროპულ ოჯახთან შეერთების გზას. რა ბედნიერება იქნება, ყველაფერი რომ გაკონტროლდება, რამდენი პრობლემა მოგვარდება…
წლების შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?
ალბათ, ყველაფერს აქვს დასასრული. არაფერი დასამალი არ მაქვს, წელს 60 წლის გავხდი. უკვე ვარ პენსიონერი. ავიღე პირველი პენსია და შვილიშვილებს ანაბრები გავუხსენი.
ვფიქრობ, შემდგომში გადავერთვები პედაგოგიურ მიმართულებაში, ან შეიძლება, ნაწილობრივ ჩემი ცხოვრება ხელოვნებასაც დავუკავშირო, გადაწყვეტილი მაქვს, დავხატო, ლექსები ვწერო, მემუარები შევქმნა. ორი წიგნი მაქვს მედიცინის შესახებ დაწერილი, ახლა ვცდილობ, თანამედროვე გაიდლაინებით განვაახლო. სწორედ ახლა ვმუშობ ამ გამოცემაზე.
მე მაქვს რევმატოიდული ართრტიტი და ამ დაავადების მქონეთა კავშირის თავმჯდომარე გახლავართ. არსებობს ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ძალიან ძვირია და ამ დაავადების მქონე ადამიანებს აარიდებს შშმ პირად გახდომას. საქართველოში უნდა არსებობდეს პროგრამა, რომელშიც ასეთი დაავადების მქონე პაციენტები ჩაერთვებიან. ეს პროგრამა მოქმედებს მხოლოდ ბათუმში. ქვეყანამ უნდა იზრუნოს ამ ადამიანებზე. დღეს უკვე არის ძვრები, სახელმწიფო წამოვიდა მოლაპარაკებებზე და გვაქვს დიალოგი. ბატონი მერის წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ შესაბამისი პროგრამა უნდა ამოქმედებულიყო. ბედნიერი ვარ, რომ პედიატრიულ ასაკში, 18 წლამდე, ეს პროგრამა არსებობს. ამ მიზნის მიღწევა ჩემი ნატვრა და სპორტული ინტერესია, ყველა ქვეყანაშია და ჩვენთან რატომ არ უნდა იყოს?!..
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი
ლოკაცია: რესტორანი „ვეფხი და მოყმე“