LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს ეგზისტენციალური მოთხოვნილებები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

652
მაკა-ისაკაძე

რას ნიშნავს ეგზისტენციალური მოთხოვნილებები და  ეგზისტენციალური მოცემულობები – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაკა ისაკაძემ ისაუბრა.

რამდენად გახშირდა მომართვიანობა ეგზისტენციონალურ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით?

 თანამედროვე ეპოქაში შფოთვის გამო  ფსიქოთერაპევტთან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. რომლის უკან ხშირად დგას ეგზისტენციალური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა და ეგზისტენციალურ მოცემულობებთან  ჭიდილი.

ეგზისტენციალური მოთხოვნილებების მნიშვნელობა განიხილება, როგორც სრული, ჰარმონიული ცხოვრების მიღწევის გზა. მათი დაკმაყოფილებით ადამიანი უახლოვდება  თავის ჭეშმარიტ არსებას, რაც მთლიანობის განცდას აძლევს. სურვილი მთლიანობისა კი  ადამიანის ბუნების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ასპექტია.

ეგზისტენციალური მოთხოვნილებები, რომლებიც  თანდაყოლილია ადამიანისთვის, უკავშირდება სიცოცხლისა  და სიკვდილის მნიშვნელობას, მიზნისა და სამყაროში ადგილის პოვნის მცდელობებს. ერიხ ფრომის აზრით, ადამიანს აქვს ხუთი ეგზისტენციალური მოთხოვნილება: კავშირების დამყარების მოთხოვნილება, დაძლევის/ბარიერების გადალახვის მოთხოვნილება, ფესვების/წარმოშობის მოთხოვნილება, იდენტობის მოთხოვნილება, რწმენის სისტემის მოთხოვნილება და ერთგულება.

რას ნიშნავს ეგზისტენციალური მოთხოვნილებები?

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეგზისტენციალური მოთხოვნილებები ქმნიან ეგზისტენციალურ ღირებულებებს. მაგალითად, კავშირების დამყარების აუცილებლობა ქმნის სიყვარულისა და ურთიერთგაგების ღირებულებას.  რაც ხშირად  ახლობლებთან ურთიერთობებით ხორციელდება და ყალიბდება. ინტიმური ურთიერთობით, ზრუნვით, გაგებით, სხვისკენ მიბრუნებით ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი და სხვათა ღირებულება.

ფესვების და წარმომავლობის მოთხოვნილება. ყველას აქვს მოთხოვნილება იყოს სამყაროს  განუყოფელი ნაწილი და იგრძნოს საკუთარი მიკუთვნებულობა. ამის  სათავეში დგას სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოთხოვნილება, სამყაროში საკუთარი ადგილის განცდა. მისი დაკმაყოფილება საშუალებას აძლევს ადამიანს წარმატებით გადალახოს დედა-შვილის ადრეული მიჯაჭვულობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ზრდასრულობაში ეშინია კავშირების გაფართოების და ჯიუტად ეკიდება ბავშვობაში დედის მიერ მიწოდებულ უსაფრთხოებას.

დაძლევის/ბარიერების გადალახვის მოთხოვნილებაც აუცილებელია სიცოცხლის სისავსის გასაცნობიერებლად თუ შესაგრძნობად. ადამიანი ყოველთვის ცდილობს თავისი არსი გარეთ გამოიტანოს, პასიურობიოდან გადავიდეს აქტიურობაში, იყოს საკუთარი ცხოვრების შემოქმედი.  თუ იგი ამ შესაძლებლობას მოკლებულია, მაშინ ის იწყებს საკუთარი თავის განადგურებას და დესტრუქციულ ქცევებს მიმართავს.

იდენტობის მოთხოვნილება, ე.ფრომის აზრით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, მან უნდა იგრძნოს საკუთარი ინდივიდუალურობა. ზოგჯერ ამის ძლიერმა სურვილმა იგი შეიძლება მიიყვანოს კონფორმულობამდე, რაც სულაც არ უწყობს ხელს ინდივიდუალობის განვითარებას, არამედ, პირიქით, აიძულებს ადამიანს დაემსგავსოს სხვებს.

რწმენის სისტემის მოთხოვნილება ყალიბდება ნორმების, იდეალებისა და ღირებულებების მეშვეობით. ეს იქნება რელიგიური, სამეცნიერო, თუ ფილოსოფიური. ღირებულებები ეხმარება ადამიანს გახადოს სამყარო გასაგები და სტაბილური და იქცევა მის ერთგვარ ნავიგაციად.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ეგზისტენციალურ მოთხოვნილებებზე დამყარებული  ღირებულებები მომავალი ცხოვრების მიმართულებისთვის.  ადამიანს ეხმარება მისცეს საზრისი ცხოვრებას, სწორად და თავისუფლად წარმართოს იგი. არსებობა ნიშნავს საზრისით სავსე ცხოვრებას, თავისუფლად და პასუხისმგებლობით ხორცშესხმულ სამყაროში, რომელსაც თავად ქმნის ადამიანი.

ეგზისტენციალური საზრისების დაკარგვით ადამიანს ემუქრება ფსიქიკური გახლეჩა, შფოთვა, ანუ იმ მდგომარეობების შეძენა, რომლებიც ნორმად იქცა თანამედროვე ადამიანისათვის.

ეგზისტენციალური მოთხოვნილებებით ადამიანი დგას ეგზისტენციალური მოცემულობების წინაშე, ფრანგი გეშტალტ თერაპევტი გონზაჟ მასკოლიე ასახელებს და აღწერს 4  ეგზისტენციალურ პირობა/მოცემულობას, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს: ყოფიერების სასრულობას, მარტოობას, პასუხისმგებლობა-არჩევნის თავისუფლებას და არასრულყოფილებას. ავტორი ამატებს კიდევ ერთ ეგზისტენციალურ რეალობას – გაურკვევლობას.

  1. ყოფიერების სასრულობა. ცხოვრებაში რაღაცები მთავრდება, ქორწინება, მეგობრობა, ვიღაც კვდება…  ეს ადამიანს ძალაუფლების შეგრძნებას აკარგვინებს და ვარდება სასოწარკვეთილებაში.  პარადოქსი სწორედ  ის არის, რომ ერთის დასასრული, მეორის დასაწყისია, და შესაძლებლობაა ახლის დაწყების. მეორეს მხრივ, რაღაცის დასასრული ხდება არსებობის ფონი. მაგ.: ადამიანის  მომაკვდავობის გაცნობიერების გარეშე, რთულად დაფასდებოდა სიცოცხლე. რაღაცის დასასრული ხშირად ხდება თერაპიის დაწყების მიზეზი.
  2. მარტოობა. რაღაცის დასასრული ან რაიმე სახის შეზღუდვების გაცნობიერება ზოგჯერ იწვევს მარტოობის შეგრძნებას. გ.მასკოლიეს მოჰყავს მარტოობის სამი ფორმა: სოციალური, შინაგანი და ეგზისტენციალური. სამივე ფორმა ხშირად ბუნებრივად ხდება თერაპიის თემა.

სოციალური მარტოობა ნიშნავს ფიზიკურად მარტო ყოფნას  არა თავისუფალი ნებით. ეს გამოცდილება დიდწილად  უფრო ნაცნობია ყველასთვის, როცა ადამიანი აღმოჩნდება სხვების კომპანიის მიღმა. ასეთი სოციალური მარტოობა ასევე იგრძნობა იმ მომენტში, როდესაც მეგობრობა ხდება ზედაპირული, ჩვეული ღრმა და გამაცოცხლებელი საუბრების გარეშე. ასეთი სოციალური მარტოობის  გამოცდილება  ხშირია და ზოგისთვის ხდება თერაპევტის დახმარების მოთხოვნის მიზეზი.

ბევრი ადამიანი ასევე იცნობს შინაგანი მარტოობის გამოცდილებას. რაც ნიშნავს შინაგანად გაუცხოების გრძნობას საკუთარ თავთან. ეს შინაგანი მარტოობა შეიძლება იყოს შედეგი საკუთარ თავთან კონტაქტის დაკარგვის. ეს ხშირად შეიგრძნობა  დაბნეულობად, დაკარგულობად, შეიძლება იყოს ავტომატური ქმედებები  ცხოვრების მიზნისა და საზრისის გარეშე. ბევრი ადამიანისთვის ეს გამოცდილება არის მომენტი, რომელშიც ისინი პირველად უსვამენ საკუთარ თავს ეგზისტენციალურ კითხვას- „ვინ ვარ მე?“

სოციალურ და შინაგან მარტოობასთან შედარებით, ეგზისტენციალური მარტოობა არის ის, რაც საგანია შეცნობისა და არა განკურნებისა. იყო ადამიანი ნიშნავს მარტო ყოფნას და ასეთი მარტოობის მომენტებში პიროვნება იწყებს საკუთარ თავთან გარკვევას, ეგზისტენციალური კითხვებია: „აქვს თუ არა სიცოცხლეს აზრი?“, „არის თუ არა ღმერთი, ან აქვს ცხოვრებას საზრისი?“. ეგზისტენციალური მარტოობისას ადამიანი გრძნობს, რომ სხვა არავის შეუძლია დაინახოს სამყაროს ისევე, როგორც მე,  ეს მომენტი  შეიძლება იყოს საკუთარი უნიკალურობის გაცნობიერების წინაპირობა, რასაც ჩვენს იდენტიფიკაციის მოთხოვნილებაში დიდი ადგილი უკავია.

  1. პასუხისმგებლობის გაცნობიერება. მესამე ეგზისტენცალური მოცემულობაა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის გაცნობიერება. სადაც იგულისხმება თუ როგორ რეაგირებს ადამიანი ცხოვრებისეულ სიტუაციებზე და როგორ არჩევანს აკეთებს. პერლსმა გამოიკვლია, რომ ბევრ ადამიანს ახასიათებს  საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებისაგან  გაქცევის ტენდენცია.

არჩევანის გაკეთება  გარკვეულ სიტუაციებში მხოლოდ ადამიანის პასუხისმგებლობაა, მაგრამ ზოგჯერ იგი დგება რთული  არჩევანის წინაშე, რაც თერაპიის  მიმართვის  მიზეზი ხდება. ფსიქოთერაპიული პროცესი ქმნის შესაძლებლობას შეამოწმონ  პასუხისმგებლობების გადანაწილების საკითხები. შესაბამისად, აღმოაჩინონ, თუ როგორ იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას  და ხდება სიტუაციის აქტიური შემქმნელი. პასუხისმგებლობის აღებაში, ზოგჯერ არის რისკი, რომ მთლიანად შენ აიღო იგი, და არა შენი წილი.პასუხისმგებლობის სრულად აღება ქმნის არასრულყოფილების განცდასაც, ამ დროს  ბევრია ფრუსტრაცია, როცა აღმოაჩენ შეზღუდვებს საკუთარი თუ გარემოს მოთხოვნათა დაკმაყოფილებისას. შედეგად იგრძნობა არასრულყოფილება და არაყოვლისშემძლეობა. გ.მასკოლიე(2006) ამბობს, რომ არასრულყოფილების გრძნობა ადამიანს უბიძგებს ცხოვრებისეულ სიტუაციებისგან გაქცევისკენ. ერთ-ერთი ასეთი გზაა – სხვები აქციო დამნაშავედ და პასუხისმგებლად.

  1. ერთ-ერთი ეგზისტენციალური მოცემულობა არის განუსაზღვრელობა. ეს ხშირია, მაშინ, როცა კონტექსტი იცვლება, მაგ.: ახალ ურთიერთობაში, ახალ სიტუაციაში მოხვედრისას. ზოგიერთ ადამიანს ეს განსაკუთრებულად აშინებს და თავს გრძნობს უმწეოდ. გაუცნობიერებლად იყენებს ძველ ხერხებს, რომელიც უეფექტოა და შეუსაბამო ახალთან. განუსაზღვრელობის გამოცდილების განცდისგან გაქცევა ხშირად იწვევს რიგიდული რეაგირების ჩამოყალიბებას და შესაბამისად ზღუდავს ახალი გამოცდილების შეძენას,  საზრისების გაჩენას  და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები