ქვეყნის უსაფრთხოების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალურ საკითხებთან ერთად, პოლიტიკოსების და რიგითი მოქალაქეების მთავარი განსახილველი საკითხი განათლებაა. მათ უმეტესობას საქართველოში განათლების ხარისხი არ მოსწონს, თუმცა, კონკრეტულად რა, ამ კითხვაზე პასუხი ცოტას თუ აქვს.
„ფორტუნამ“ გადაწყვიტა, განათლების საკითხების ექსპერტებს, მათ, ვინც ყველაზე მეტად აკრიტიკებს განათლების მინისტრს და პოლიტიკოსებს, მათ, ვისაც ყველაზე მეტი ბერკეტი აქვთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის და მათი დახვეწისთვის, ჰკითხოს, თუ რას შეცვლიდნენ ისინი განათლების სისტემაში მინისტრობის შემთხვევაში.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი, პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის ოპოზიციონერი წევრია. როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, მთავარს, რასაც განათლების მინისტრად ყოფნის შემთხვევაში შეცვლიდა, მასწავლებლების ხელფასებია.
„მე დღეს რასაც ვთხოვ განათლების მინისტრს, ეს არის სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის ხელფასის არამხოლოდ მომატება, არამედ იმ ხელფასის მიცემა, რომელიც მათ ეკუთვნით. მათი ხელფასი დღეს არის მიბმული საათობრივ ანაზღაურებაზე და, თუ საათები არ ევსებათ, არ აძლევენ კუთვნილ ხელფასს. ასევე, აუცილებლად შესაცვლელია სტუდენტების დაფინანსების ის წესი, რომელიც 2013 არის მიღებული, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამული დაფინანსება არის. ეს კი არის არარაციონალური და არასამართლიანი. კიდევ ერთი, მესამე – სახელმწიფო უნივერსიტეტები არის ჩაყენებული არათანაბარ ვითარებაში და აუცილებელია, რომ მოეხსნას მოგების გადასახადი. მე ამას ვთხოვ მინისტრს, ახლაც შესაძლებელია ამის გაკეთება. მე რომ შემეძლოს, აუცილებლად გავაკეთებდი,“ – აღნიშნა სერგო რატიანმა.
მინისტრობის პირველ დღეებში, როგორც სპეცმასწავლებლების, ასევე სხვა პედაგოგების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით მიიღებდა გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მარიამ გერსამიაც. თუმცა, მანამდე, როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, მასწავლებლებს ხელისუფლების პარტიული ინტერესებისგან გაათავისუფლებდა. არჩევნებისას კი შეეცდებოდა, სკოლებში საარჩევნო უბნების გახსნა და კომისიებში მასწავლებლების ჩართვა აეცილებინა თავიდან.
„პედაგოგები, რომლებიც მუშაობენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან, არა აქვთ მასწავლებლის სტატუსი და იღებენ 280 ლარს. მათ ხელფასი არც არასდროს გაეზრდებათ ამ რეგულაციებით. შესაბამისად, პირველ რიგში გამოვცემდი შესაბამის ბრძანებას და მივცემდი სკოლებს რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ სამინისტროდან სუბსიდირებული ფულით დანამატებად მიეცათ სპეცმასწავლებლებისთვის. აუცილებლად შესაცვლელია და სამინისტროს მმართველობას გავხდიდი უფრო მოქნილს. ვიმუშავებდი მასწავლებლების ხელფასების გაზრდაზე. მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემა არის გასაუქმებელი. წლები უნდა იწვალო იმისთვის, რომ რაღაც საფეხურებზე ახვიდე. რეალურად ის დრო, რომელსაც ბავშვს უნდა ახმარდეს პედაგოგი, ხარჯავს, ჩემი აზრით, ძალიან ფუჭად. ერთი ხელის მოსმით ამას ვერ გავაუქმებდი, მაგრამ ვიფიქრებდი, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა შეიცვალოს და გახდეს უფრო მარტივი და მოქნილი,“ – განაცხადა გერსამიამ.
მოქალაქეების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც განათლების სფეროს აქტიურად აკრიტიკებს, ექსპერტები არიან. სიმონ ჯანაშია „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ განათლების სფეროში ბევრი რამაა შესაცვლელი, როგორც სკოლამდელ საფეხურზე, ასევე ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიმართულებით.
სიმონ ჯანაშიამ ჩამოთვალა ის ძირითადი საკითხები და პრობლემები განათლების სფეროში, რომელიც კარგი იქნებოდა, მინისტრს პირველ რიგში რომ შეეცვალა:
- სასკოლო განათლებაში მნიშვნელოვანი იქნებოდა მასწავლებლების პოლიტიკა შეიცვალოს. ანუ სისტემაში ახალი სამოტივაციო პაკეტების გაჩნდეს იმისთვის, რომ ახალი კადრებისთვის გზა იყოს ხსნილი და არ იყოს ჩაკეტილი.
- სკოლები უნდა იყოს ცხოვრების ადგილი და არა ცხოვრებისთვის მომზადების ადგილი. ბავშვი სკოლაში უნდა ცხოვრობდეს ჩვეულებრივი ცხოვრებით და არა ხელოვნურად დაყოფილი დროის მიხედვით, სადაც ძალიან ბევრ საგანს სწავლობს ერთი და იმავე დროში. ანუ, უნდა იყოს, რაც შეიძლება, ინტეგრირებული და კონცენტრირებული და არა ყველაფერი და ყველაფერი ზედაპირულად. მნიშვნელოვანია, რომ პრინციპი „ნაკლები მეტია“ დაინერგოს, ნაკლებზე კონცენტრირებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი.
- მნიშვნელოვანი იქნება სკოლისა და სკოლამდელის დაკავშირება. ადგილობრივი ხელისუფლება მართავს ბაღებს, მაგრამ არ მართავს სკოლებს. ბაღს ვერ ხსნის სკოლის ტერიტორიაზე და ეს უნდა შეიცვალოს. სკოლების დაწყებით კლასებში უფრო მეტად ბაღის პრინციპები უნდა შემოვიდეს, ვიდრე სკოლის პრინციპები ბაღში.
- რაც შეიძლება, დიდხანს უნდა გაგრძელდეს თამაშით სწავლა სკოლაში.
- ზოგადი განათლება არის მისაღები და გამოსაშვებ გამოცდებზე ორიენტირებული. ეს გამოცდები ამ ფორმით საერთოდ გასაუქმებელია.
ქეთი გიგოლაშვილი