LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უკავშირდება სიკვდილიანობის საგანგაშოდ მზარდი სტატისტიკა

91
1

“კოვიდ-19-ის უფრო გადამდები ვარიანტი, ე.წ. “დელტა” შტამი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე ერების სისუსტეებს ავლენს და სწორედ ახლა, სამხრეთ აზიის ქვეყნებს, რომლებმაც გასულ წელს ეპიდემიის კონტროლი წარმატებით მოახერხეს, ყველაზე მეტი ბრძოლა უწევთ.” – ამოიკითხავთ CNN-ის ვრცელ მიმოხილვაში, რომელშიც გამოცემა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის საგანგაშოდ მზარდ სტატისტიკას ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ “დელტა” ვარიანტი ანადგურებს მსოფლიოს, თუმცა ყველაზე მეტად აზარალებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, სადაც ეპიდაფეთქება და სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა სწორედ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით არის გამოწვეული.

უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში 106 084 აცრილიდან 207 დაინფიცირდა

 

 

ქვეყნები, რომლებიც პანდემიის დასაწყისში ინფიცირებისა და გარდაცვალების მინიმალურ მაჩვენებელს აფიქსირებდა, ახლა ჯანდაცვის გადატვირთული სერვისებით იბრძვის

 

მოსაზრებას ადასტურებს სტატიაში მოყვანილი არგუმენტები რიცხვებში. მაშინ, როდესაც პანდემიის საწყის ეტაპზე, აზიის სახელმწიფოები დაწესებული მკაცრი კონტროლითა და საზღვრების ჩაკეტვით, კოვიდრუკაზე ინფიცირებისა და გარდაცვალების მინიმალურ მაჩვენებელს აფიქსირებდა, ახლა იბრძვიან ჯანდაცვის გადატვირთული სერვისებით – საავადმყოფოებში საწოლების, სამედიცინო აღჭურვილობისა და ჟანგბადის ნაკლებობით.

მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა, ასევე მაღალია ინფიცირების ყოველდლდღიური მაჩვენებელი, კრიზისული ვითარება უფრო მძიმედ აისახება სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნების მოსახლეობაზე.

გარდა იმისა, რომ აქ მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი და ამასთან, იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც, აღნიშნული ქვეყნები ეკონომიკურ კრიზისსაც ახლა უფრო მეტად განიცდის.

“ამ ქვეყნებმა განაახლეს კოვიდრეგულაციები, დახურეს მნიშვნელოვანი საწარმოები და შეზღუდეს მოქალაქეების გადაადგილება. საზოგადოება იმედგაცრუებულია, პროტესტი დუღილის ზღვარს აღწევს, შეზღუდული შრომისა და თავისუფლების გამო, მოქალაქეებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები მალაიზიასა და ტაილანდში, შეფერხდა ვაქცინაციის პროცესი. მიანმარში, თებერვლის სამხედრო გადატრიალებამ და სისხლიანმა დარბევებმა მოშალა ჯანდაცვის სისტემა და სრულად შეაჩერა იმუნიზაციის პროცესი.” – წერია სტატიაში.

როგორც მასალაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული ქვეყნები, მაგალითად დიდი ბრიტანეთი და სინგაპური ასევე ებრძვის პანდემიის მორიგ ტალღებს, აქ ვაქცინირებულია სრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რაც ამცირებს დაავადების გართულებისა და სიკვდილიანობის რისკებს.

რაც შეეხება შედარებით დაბალგანვითარებულ ქვეყნებს, აქ ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი არც თუ ისე პოზიტიურია. შედარებისთვის, ვიეტნამს სრულად ვაქცინირებული ჰყავს მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლები, ტაილანდს 5 %, ფილიპინებს 7.2 %, ხოლო ინდონეზიას, რომელიც ახლა პანდემიის ეპიცენტრად ითვლება – 8.8 %.

 

ვაქცინა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება – არგუმენტები, რომლებსაც ქვეყნები საკუთარი გამოცდილებით ამყარებენ

 

ვიეტნამი 

რამდენად ეფექტიანად გვიცავს კოვიდვაქცინა და ამცირებს თუ არა ის დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილიანობის რისკს? – მსოფლიო ვაქცინაციის კამპანიის მიმდინარეობის დროს, ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, კითხვა, რომელზეც პასუხის მიღებას  კვლევებითა და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების ანალიზით ცდილობენ.

წარმატებული ბრძოლიდან კრიზისულ სიტუაციამდე – CNN ქვეყნებში არსებული ეპიდვითარების მიმოხილვის დროს, მოწინავე პოზიციაზე ვიეტნამს ასახელებს და წერს, რომ ეს რეგრესია ალბათ ყველაზე კარგად, სწორედ ამ სახელმწიფოში იგრძნობა.

?   ამ ეტაპზე, ვიეტნამის 96 მილიონი მოსახლიდან სრულად ვაქცინირებულია მხოლოდ 0.6%.

ყველაფერი კი ასე იწყებოდა – გასულ წელს, ქვეყანა იყო ვირუსის შეკავების წამყვანი მაგალითი აეროპორტებში მგზავრების საყოველთაო შემოწმების სტრატეგიისა და მკაცრი საკარანტინე და მონიტორინგის პროგრამის წყალობით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მოსახლეობამ შეძლო შედარებით ნორმალური ცხოვრება, 2020 წელს ეკონომიკა 2.9%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ვითარება მკვეთრად შეიცვალა და ყოველდღიურმა შემთხვევებმაც იმატა. ამ დროისთვის, ქვეყანაში სულ დადასტურებულია ვირუსის 215 560 შემთხვევა, რომლის 85%-იც გასულ თვეში დაფიქსირდა. გარდაცვლილია 3 397 პაციენტი და აქედან თითქმის ნახევარი, ვირუსმა ივნისში იმსხვერპლა.

ვიეტნამის ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა დედაქალაქ ჰანოიში და გაზარდა სამკურნალო ცენტრების რაოდენობა. რაც შეეხება ვაქცინაციის მიმდინარეობას, სრულად ვაქცინირებულია 96 მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 0.6%.

 

ინდონეზია

მოსახლეობის რაოდენობით მეოთხე ადგილზე მყოფ სახელმწიფოში, ინფიცირების ყოველდღიური რიცხვი აჭარბებს ინდოეთში გამოვლენილ დღიურ მაჩვენებელს და ახლა ინდონეზია აზიაში პანდემიის ეპიცენტრია – ვირუსი ქვეყნისთვის დამანგრეველია, დღიური შემთხვევების რიცხვი 20 000-დან 50 000-ს შორის მერყეობს.

ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, ინდონეზია კატასტროფის პირასაა: წითელი ჯვარი

ქვეყანაში სულ დადასტურებულია ინფიცირების 3 666 031 შემთხვევა, აქედან კი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 1.2 მილიონი შემთხვევა გასულ თვეში დაფიქსირდა. ინდონეზიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 000-სს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით აზიის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე განთავსდა.

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, თუ ვირუსის უკონტროლო გავრცელება დიდხანს გაგრძელდება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდება. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვითარება იმაზე უარესი იყოს, ვიდრე ეს რიცხვებშია გამოსახული, ამ ვარაუდის მიზეზი კი ტესტირებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობაა. რაც შეეხება თავად ვაქცინაციის პროცესს, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 8.8 %.

გასული კვირის დასაწყისში, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უმაღლესი, მეოთხე დონის შეზღუდვები გახანგრძლივდა დედაქალაქში, ასევე რამდენიმე დიდ ქალაქსა და რეგიონში. ამავდროულად, ინდონეზიის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ვირუსის დამანგრეველმა ტალღამ რამდენიმე რეგიონში პიკს მიაღწია და ხელისუფლება სექტემბრიდან ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას ისახავს მიზნად.

 

მალაიზია

ინფიცირებისა და გარდაცვალების მზარდ მაჩვენებელს უკიდურესი პროტესტით ხვდებიან მალაიზიაში.

მიუხედავად რეგულაციების გამკაცრებისა, პანდემიის ახალმა ტალღამ აიძულა მთავრობა, პარლამენტის მუშაობა ერთი თვით შეეჩერებინათ. ასობით ადამიანმა დაარღვია კოვიდრეგულაციები და გამართა აქციები პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. მოქალაქეებში იმედგაცრუება იმატებს – მზარდი სიკვდილიანობა, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ამძაფრებს.

მალაიზია, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე პანდემიას ასე თუ ისე წარმატებით უმკლავდებოდა, ახლა მძიმე შედეგებს ებრძვის – დადასტურებულია 1 262 540 შემთხვევა და გარდაცვლილია 10 749 ადამიანი, აღსანიშნავია, რომ ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში შემთხვევების რიცხვი 19 819-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, გასულ თვეში ის შედარებით გაუმჯობესდა, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 27.5 %.

 

ტაილანდი

მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდი იყო პირველი ქვეყანა ჩინეთის შემდეგ, სადაც პანდემიის საწყის ეტაპზე, კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, წარმატებული შემაკავებელი კოვიდრეგულაციების წყალობით, მან 2020 წელს ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნა.

თუმცა წელს ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. ტაილანდი ცდილობს შეაჩეროს პანდემიის მესამე ტალღა, რომელმაც ყოველდღიური შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რიცხვი უპრეცედენტო დონეზე აიყვანა.

“დედაქალაქ ბანგკოკის საავადმყოფოები გადატვირთულია, საწოლებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აჭარბებს შესაძლებლობებს  ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაზე წნეხის შემცირებას ცდილობს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მედპერსონალის დამატებით ჯგუფებს აგზავნის”.

ჩვენ შეიძლება ჯერ კიდევ ვერ შევძლოთ ინფიცირებულთა რიცხვის შემცირება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ბანგკოკში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის მაჩვენებელი შემცირდება – ამბობენ ჯანდაცვის სექტორში და იმედოვნებენ, რომ იმუნიზაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდება.

გასულ კვირას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებს ათასობით ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტიანად ვერ მართავს. ტაილანდის მთავრობა მიზნად ისახავს, წლის ბოლომდე 50 მილიონი ადამიანი აცრას. ამ ეტაპზე ერთჯერადად ვაქცინირებულია სრული მოსახლეობის 23 %, ვაქცინის ორი დოზით კი მხოლოდ 6.1 %.

 

მიანმარი 

რთული ვითარებაა 54 მილიონიან მიანმარში. სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 2. 8%.

ქვეყანა ორმაგ – პოლიტიკურ და პანდემიურ კრიზისს ებრძვის. ივნისის დასაწყისში, ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 100-დან 5 000-მდე გაიზარდა.

“ქვეყანაში ჟანგბადის უიმედო დეფიციტია, მძიმე ავადმყოფი ჟანგბადის რიგში დგანან და მკურნალობისთვის საკუთარ სახლებში იცდიან. ექიმები ამბობენ, რომ მოსახლეობა სახლში მკურნალობას ირჩევს, რადგან თუ ინფიცირებულები საავადმყოფოში მიდიან, ისინი ხშირად უკან მალევე ბრუნდებიან, რადგან სამედიცინო დაწესებულებებში არ არის ჟანგბადის, მედიკამენტებისა და საწოლების საკმარისი რაოდენობა”.

გაეროს შეფასებით, ქვეყნის ჯანდაცვის დაწესებულებების მხოლოდ 40% -ს შეუძლია ფუნქციონირება.

სამხედრო მმართველობის პირობებში, ქვეყანაში შეჩერებულია ვაქცინაციის კამპანია, ჩატარებული ტესტების რაოდენობა მინიმალურია, ექიმები და მოხალისეთა ჯგუფების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში შესაძლოა გაცილებით მძიმე ვითარებაა, ვიდრე ეს კოვიდრუკაზეა გამოსახული.

“ოფიციალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და საზოგადოების უნდობლობა სამხედრო მმართველების მიმართ, ნიშნავს, რომ არავის აქვს მკაფიო წარმოდგენა კრიზისის რეალურ მასშტაბზე.” – ამბობენ ჯანდაცვის ექსპერტები.

გასულ კვირას, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, მინამარის სრული მოსახლეობის ნახევარი დაინფიცირდეს.

მიანმარის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამხედროების მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო მიზნად ისახავს წლის ბოლომდე მოსახლეობის 50% აცრას.

ქვეყნის მოსახლეობა კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დროებითი ხელისუფლება კოვიდვაქცინის საკმარის დოზებს შეიძენს, კვლავ იქნება უნდობლობა რეჟიმის მიმართ, რადგან ისინი ეჭვობენ, სამხედროებმა გადაარჩინონ მათი სიცოცხლე, მაშინ, როდესაც ხელისუფლება აგრძელებს საკუთარი მოქალაქეების დაკავებასა და მკვლელობას.

განვითარებად ქვეყნებში წარუმატებელი ვაქცინაციის კამპანიის პარალელურად, კვლავ გრძელდება მოწოდება – მდიდარმა ქვეყნებმა დროებით შეიკავონ თავი ე.წ. “ბუსტერ-დოზების” შეთავაზებისგან და ვაქცინა ღარიბ სახელმწიფოებსაც გაუზიარონ, რადგან მხოლოდ მასშტაბური ვაქცინაციის დახმარებით შეძლებს მსოფლიო საზოგადოება გამოიმუშაოს საყოველთაო იმუნიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კვლავ მეცნიერების დასკვნას თუ გავახმოვანებთ – “რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვირუსის არაკონტროლირებადი გავრცელება, მით უფრო მაღალი იქნება უფრო მომაკვდინებელი და გადამდები ვარიანტების გაჩენის რისკი”.

 

ქველმოქმედება საკუთარი გადარჩენისთვის - 5 მიზეზი, რის გამოც მსოფლიომ ღარიბ მოსახლეობას ვაქცინა უნდა გაუზიაროს

"ვაქცინაცია დაგვეხმარება პანდემიის დასრულებაში, თუმცა პანდემია დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ვაქცინაზე წვდომა ყველას ექნება".

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები